Facebook Twitter

3კ-1230-02 21 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

შ. და მ. ა.-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს “ს.-ის" მიმართ და მოითხოვეს ავტოავარიის გამო მატერიალური, მორალური ზიანისა და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 2001წ. 2 იანვარს შ. ა.-ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას დაეჯახა შემხვედრი მიმართულებიდან მომავალი შპს “ს.-ის" კუთვნილი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ზ. გ.-ი.

შეჯახების შედეგად მოსარჩეელებმა მიიღეს სხეულის დაზიანება, ასევე დაზიანდა მოსარჩელე შ. ა.-ის კუთვნილი ავტომანქანა.

შ. ა.-მ მოითხოვა: მანქანის დაზიანებისათვის 7175 ლარი, მისი მკურნალობისათვის _ 5600 ლარი, შვილის მკურნალობისათვის _ 1000 ლარის და მორალური ზიანისათვის 500000 აშშ დოლარის ანაზღაურება, ხოლო მ. ა.-მ მოითხოვა მორალური ზიანისათვის _ 20000 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი არის ტრანსპორტის მესაკუთრე, ხოლო მისი მფლობელია ზ. გ.-ი, რომელსაც მითითებული ავტომანქანა იჯარით ჰქონდა გადაცემული და სკ-ს 992-ე და 999-ე მუხლების შესაბამისად ბრალეული მოქმედების გამო ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობაც მას შეიძლება დაეკისროს. აღნიშნულის გამო, მოითხოვა საქმეში მოპასუხედ ზ. გ.-ის ჩაბმა და მისი სათანადო მოპასუხით შეცვლა.

აღნიშნული შუამდგომლობა საოლქო სასამართლო კოლეგიის 2001წ. 17 დეკემბრის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2002წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით შ. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა 7670, 40 ლარი, ხოლო მ. ა.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. კოლეგიის გადაწყვეტილება 7670,40 ლარის დაკისრების ნაწილში არ გასაჩივრებულა და იგი შევიდა კანონიერი ძალაში, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

უზენაესი სასამართლოს 2002წ. 3 აპრილის განჩინებით საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საქმის ხელახლა განხილვისას მთავარ სხდომაზე სასამართლომ მოსარჩელეებს შესთ.-ა მოპასუხე შეეცვალათ სათანადო მოპასუხით _ ზ. გ.-ით, რაზედაც მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებით მ. და შ. ა.-ებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ მიუთითა სსკ-ს 85-ე მუხლზე.

ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მათი სარჩელების დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

1. გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რითაც სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 244-ე მუხლის მოთხოვნები;

2. სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 999-ე მუხლი;

3. სასამართლომ შეფასება არ მისცა იჯარის ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ავტომანქანა სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული მესამე პირს ზ. გ.-ს და არ გაითვალისწინა, რომ ავტომანქანის მესაკუთრე არის მოპასუხე;

4. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ს 85-ე მუხლი;

5. ამავე კოლეგიის 2001წ. 17 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეს უარი ეთქვა შუამდგომლობაზე არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე. მითითებული განჩინება არ გასაჩივრებულა და იგი კანონიერ ძალაშია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 244-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფლებულ იქნეს თუ არა სარჩელი. ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

მითითებული ნორმების თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილება უნდა იყოს ფაქტობრივად და იურიდიულად დასაბუთებული. მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს არ დაასაბუთოს გადაწყვეტილება და შემოიფარგლოს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებით: როდესაც მხარეები მოითხოვენ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე, ე.ი. როდესაც მხარეები ეთანხმებიან გადაწყვეტილებას და ამიტომ საჭირო აღარაა მისი დასაბუთება (სსკ-ს 250-ე მუხლი). სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული ფაქტებით და კანონით. სასამართლომ ამომწურავად უნდა ჩამოაყალიბოს გადაწყვეტილებაში დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და დადგენილ ფაქტებს მისცეს იურიდიული შეფასება.

მოცემულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას არ გააჩნია სამოტივაციო ნაწილი. სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი არც ერთი ფაქტობრივი გარემოება, არ არის აღნიშნული სასამართლოს დასკვნები და მოსაზრებანი.

როგორც აღინიშნა, კანონი მოითხოვს დადგენილი ფაქტების შეფასებას სამართლის ნორმებით, ვინაიდან მოცემულ საქმეზე არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებულია, რომ იგი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე" პუნქტის თანახმად ითვლება კანონის დარღვევით მიღებულ გადაწყვეტილებად, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილელად დაბრუნდეს.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საქმეზე უნდა დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, შეაფასოს მტკიცებულებები და სსკ-ს 249-ე მუხლის შესაბამისად ჩამოაყალიბოს გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 27 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.