Facebook Twitter

¹ ბს-205-172-კ-04 23 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ჯ. ბ.-მა 05.06.02წ. სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ქ. რუსთავის მერიისა და შპს “კ.-ის" მიმართ და აღნიშნა, რომ 07.06.99წ. მისი შვილი მ. შ.-ე, რომელსაც იმ დღეს 7 წელი შეუსრულდა, ნათესავებთან ერთად წავიდა კ.-ში”, ახლადამოქმედებულ ტბაზე. დაახლოებით 15 საათზე, ტბიდან 20 მეტრის დაშორებით მას, ტბისაკენ ბილიკზე მიმავალს, თავს დაესხა დაახლოებით მეტრანახევარი სიგრძის გიურზა და დაგესლა იგი. ბავშვი სასწრაფოდ იქნა მოთავსებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც მას დროულად გაუკეთეს “ანტიგიურზინის" შრატი. ვინაიდან ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, პირვანდელი დეზინტოკსიკაციური მკურნალობის შემდეგ იგი მეორე დღეს თბილისის ბავშთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გაუკეთდა წვივისა და ტერფის მიდამოების დასერვა კასტიალური გარსების გახსნით. საავადმყოფოდან გამოსვლისას ექიმები ამშვიდებდნენ, რომ ბავშვი დაძლევდა შიშს, მაგრამ არაფერი უთქვამთ იმ ურთულეს შედეგებზე, რომელსაც თან ახლავს გიურზას ნაკბენს. ბავშვი დღემდე აღრიცხვაზეა და მკურნალობს ...-ის სახელობის ფსიქიატრიულ კვლევით ინსტიტუტში, მიუხედავად ამისა, ბავშვს აქვს სერიოზული დარღვევები და საჭიროებს სრულად გამოკვლევას, საბოლოო განკურნების მიზნით საზღვარგარეთ მკურნალობას. ქ. რუსთავის მერიის მიერ გადახდილი იქნა გარკვეული თანხა ბავშვის ოპერაციისა და საავადმყოფოში მოთავსებისათვის, მაგრამ თანხა მიზერულია გასული დროის განმავლობაში ოჯახის მიერ გაწეულ ხარჯებთან შედარებით, თუმცა საბოლოო შედეგი მაინც ვერ იქნა მიღწეული. ეკონომიური გაჭირვების გამო განცხადებით მიმართა ქ. რუსთავის მერიას და ითხოვა ბავშვის მკურნალობის ხარჯები, მაგრამ განცხადებას ფინანსური დახმარება არ მოჰყოლია. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობამ მის ოჯახს მორალური და მატერიალური ზარალი მიაყენა. სახელმწიფო მოსამსახურეებს რომ ჯეროვნად შეესრულებინათ მათზე დაკისრებული მოვალეობა, ქვეწარმავალი ვერ მოხვდებოდა ხალხმრავალ ადგილას. შვილის ჯანმრთელობისთვის საჭიროა მისი საზღვარგარეთ წაყვანა, რისი საშუალებაც არ გააჩნია. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე, სკ-ის მე-18, 413-ე, 1005-ე, სზაკ-ის მე-3, სასკ-ს მე-2.2 მუხლის საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის მის სასარგებლოდ, მიყენებული მორალური და მატერიალური ზარალის საკომპენსაციოდ, 50000 აშშ დოლარის დაკისრება, მოპასუხეების სახსრებით სამედიცინო გამოკვლევისა და მკურნალობის ჩატარების მიზნით მათი საზღვარგარეთ გაგზავნა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 14.03.03წ. გადაწყვეტილებით ჯ. ბ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ჯ. ბ.-ის მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 03.12.03წ. გადაწყვეტილებით ჯ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ჯ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილბრივ, მოპასუხეებს: ქ. რუსთავის მერიას და კულტურის და დასვენების პარკს სოლიდარულად დაეკისრა 3000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, დარჩენილ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 1999წ. აპრილის თვეში ქ. რუსთავის მერიის მიერ დადებულ იქნა ხელშეკრულება ზოოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტებთან, რათა ამ უკანასკნელთ მოეხდინა ქ. რუსთავის ტერიტორიის, ქუჩებისა და სახლების, აგრეთვე სხვა სახის ობიექტების სათანადო შესწავლა და დამუშავება. სპეციალისტების მიერ 01.11.99წ. შედგენილი მოკლე ანგარიშით დასტურდება, რომ მათ ჯერ კიდევ 1997წ. შედგენილ ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას და საორგანიზაციო სამუშაოს ჩატარებას მოითხოვს ქ. რუსთავის ტერიტორიაზე შხამიანი გველის _ გიურზას არსებობა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ადვილი წარმოსადგენია მისი გამრავლება, რაც მეტად საშიშია მოსახლეობისათვის. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, რომელიც ესაზღვრება გიურზას არეალს, იალღუჯას მთას. დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ ქ. რუსთავის მერიის მიერ საავადმყოფო მომარაგებულ იქნა “ანტიგიურზინით", რაც ადასტურებს ხელისუფლების მიერ მოსალოდნელ საშიშროების გაცნობიერებას. ქვეწარმავლებთან მებრძოლი ჯგუფის წევრების მიერ შედგენილ ანგარიშზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 07.06.99წ. პარკი მოუთიბავი იყო, ხოლო ამავე ანგარიშის თანახმად მცენარეული საფარი გარკვეული დროის განმავლობაში საუკეთესო თავშესაფარია ქვეწარმავლებისათვის, ქვეწარმავლების გარკვეულმა ნაწილმა მიგრაცია განიცადა დასახლებული ადგილისაკენ. საკვები ბაზის: მწერების, ბაყაყების, თაგვისებრი მღრღნელების არსებობა და სიუხვე, გატარებული ღონისძიებების მიუხედავად ქალაქის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არსებული ანტისანიტარული მდგომარეობა: გარეუბნებში დაგროვებული საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნაგავი საუკეთესო თავშესაფარია ქვეწარმავლებისათვის. სააპელაციო პალატამ საქართველოს კონსტიტუციის 37-ე, მე-7 მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ ქ. რუსთავის მერია, როგორიც სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო, ვალდებული იყო განეხორციელებინა განსაკუთრებული ღონისძიებები, რათა ქალაქის ტერიტორიაზე მოესპო ქვეწარმავალთა თავშესაფარი ადგილები, აღეკვეთა ქალაქის ტერიტორიაზე მათი შეჭრის შესაძლებლობა და შეექმნა ადამიანთა ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემო მთელ ქალაქში. ასეთი ღონისძიებების განუხორციელებლობას შედეგად მოჰყვა პარკში მცირეწლოვანი მ. შ.-ის შხამიანი ქვეწარმავლის მიერ დაგესვლა, რამაც გამოიწვია ბავშვის უმძიმესი განცდები, ტანჯვა და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, კვალიფიციური სამედიცინო მკურნალობის მიუხედავად შემდგომი ცვლილებები ფსიქიკაში: ნევროზული მდგომარეობა და ფობიურ-შფოთვითი აშლილობა. პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში არ იქნა გატარებული ყველა საჭირო ღონისძიება სახელმწიფო დაწესებულებათა მოსამსახურეების მხრიდან, რომელთა უხეშმა გაუფრთხილებლობამ განაპირობა დამდგარი შედეგი. სკ-ის 1005-ე, 413-ე, მუხლების საფუძველზე, მოთხოვნის გონივრულობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად 3000 ლარი დააკისრა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 03.12.03წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. რუსთავის მერიის და შპს “კ.-ის" მიერ. კასატორები აღნიშნავენ, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" ორგანული კანონით ქ. რუსთავში სრული თვითმმართველობაა, ხოლო შპს “კ.-ი" არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, ამდენად მითითება, რომ ქ. რუსთავის მერია არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო არის უსაფუძვლო. სკ-ის 1005-ე მუხლში საუბარია სახელმწიფო მოსამსახურის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურებაზე, ხოლო “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 4.2 მუხლის თანახმად “მოსამსახურე, რომელსაც აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა სახელმწიფოსთან, არის სახელმწიფო მოსამსახურე, ხოლო პირი, რომელიც სამსახურებრივ ურთიერთობაშია ადგილობრივი თვითმმართველობის, ერთეულთან არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურე. დაუდასტურებელია თუ რაში გამოიხატება მოპასუხის უხეში გაუფრთხილებლობა და ბრალეული ქმედება, საქმეში არსებული მასალების მიხედვით ქალაქი მობილიზებული იყო უბედური შემთხვევის ასაცილებლად, რის გამო მერია იწვევდა და იწვევს ჰერეპეტოლოგებს. ქალაქში მხოლოდ მიგრაციის შედეგად შესაძლებელია ქვეწარმავლის გამოჩენა, რის გამო ქალაქში ყოველთვის არსებობს ანტიგიურზინი, მერია ყოველ გაზაფხულზე აფორმებს ხელშეკრულებას სამ ჰერპეტოლოგთან, რომელიც ემსახურება ქალაქს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა ითხოვეს სააპელაციო პალატის 26.11.03წ. გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და აღნიშნეს, რომ მარიის მიერ მიღებული იყო ყველა ზომა უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, მერიამ აანაზღაურა ბავშვის თავდაპირველი მკურნალობის ღირებულება, მიუხედავად ამისა მერიამ შეთავაზა ჯ. ბ.-ს გარკვეული ფულიანი თანხა, რაზედაც მან უარი განაცხადა. ჯ. ბ.-მა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და ითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. მხარეებს მიეცათ ვადა მორიგებისათვის. მორიგება არ შედგა, ქ. რუსთავის მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მერია თანახმაა დახმარების სახით გამოუყოს ჯ. ბ.-ს 1200 ლარი, ჯ. ბ.-მა შეთავაზებულ თანხაზე უარი განაცხადა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სკ-ის 1005-ე მუხლში, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, სახელმწიფო ორგანოში იგულისხმება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, კერძოდ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოები, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" ორგანული კანონის 23-ე მუხლის თანახმად, მერია ვალდებულია გაატაროს ღონისძიებები გარემოს დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ქ. რუსთავის და მისი შემოგარენი მდებარეობს ქვეწარმავლების ინტენსიური დასახლების ადგილას, 1997 წლიდან ყოველ გაზაფხულზე ქ. რუსთავის მერია იწვევს სპეციალისტებს _ ჰერპეტოლოგებს, რომლებთანაც აფორმებს სათანადო ხელშეკრულებებს ქ. რუსთავის ტერიტორიის, ქუჩებისა და სახლების, აგრეთვე სხვა სახის ობიექტების ქვეწარმავლებისაგან სათანადო შესწავლა-დამუშავების თაობაზე. ქ. რუსთავის მერიის სოციალური პროგრამების ბიუროს უფროსის მიერ 1999წ. აპრილში დაიდო ხელშეკრულებები მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტებთან, რათა ამ უკანაკნელთ მოეხდინათ ქალაქის ტერიტორიის, ქუჩებისა და სახლების, აგრეთვე სხვა სახის ობიექტების სათანადო შესწავლა-დამუშავება. პარკის დირექტორისა და მოქ. ჯ. თ.-ს შორის 06.03.99წ. დადებული ხელშეკრულებით უკანასკნელი იღებდა ვალდებულებას გაზაფხულზე ჩაეტარებინა სათიბი სამუშაოები პარკის ტერიტორიაზე ჯ. თ.-ის საკუთრებაში არსებული პირუტყვის გამოსაკვებად. ქვეწარმავლის მიერ მ. შ.-ის დაგესვლის წინა დღეებში ქ. რუსთავის მერიამ ქალაქის საავადმყოფო მოამარაგა “ანტიგიურზინის" შრატით. ქ. რუსთავის მერიამ მ. შ.-ს შეუძინა პრეპარატი “ანტიგიურზინი", აანაზღაურა პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება. საქმეში დაცული ქალაქის საავადმყოფოს მთავარი ექიმის პ. ბ.-ის ჩვენებით დასტურდება, რომ მ. შ.-ს გაეწია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, პაციენტს არ დაკლებია სამედიცინო საშუალებები. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლით გათვალისწინებული ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს შექმნაზე ზრუნვას ადასტურებს ჰერპეტოლოგების ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ჰერპეტოლოგ ვ. ფ.-ის ჩვენებით დასტურდება, რომ ქალაქში ტარდება სათანადო პროფილაქტიკური ღონისძიებები, პარკის ტერიტორიაზე გიურზას პოპულაცია არ არის, გველი, რომელმაც ბავშვი დაგესლა, მიგრაციის შედეგად შემთხვევით აღმოჩნდა პარკის ტერიტორიაზე, მომხდარი შემთხვევა არც მერიის და არც პარკის ადმინისტრაციის ბრალით არ არის გამოწვეული. ს.ს. ...-ის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიერ გაცემული 05.08.02წ. ¹198 ცნობით დასტურდება, რომ 30.07.99წ. მ. შ.-ს აღენიშნა პოსტტრავმული ნევროზი, ამჟამად მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოპასუხე სახელმწიფო დაწესებულებათა მოსამსახურეების უხეშმა გაუფრთხილებლობამ განაპირობა დამდგარი შედეგი, მით უფრო, რომ “კ.-ი” არის არა სახელმწიფო დაწესებულება, არამედ კერძო სტრუქტურა _ შპს, ქ. რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის _ მთავრობის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით. ამდენად, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ დამდგარი შედეგი გამოწვეულია სკ-ის 1005-ე მუხლით გათვალისწინებული მერიის მოსამსახურეთა განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით. ის გარემოება, რომ სხეულის დაზიანებას მოჰყვა არაქონებრივი ზიანი, მ. შ.-ს დასჩემდა პოსტტრავმული ნევროზი არ წარმოადგენს სკ-ის 413-ე მუხლის მიხედვით ფულადი ანაზღაურების საფუძველს, ვინაიდან აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ბრალის გარეშე. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხეებს _ ქ. რუსთავის მერიას და შპს “კ.-ის" ადმინისტრაციას არ შეეძლო თავიდან აეცილებინა ზიანი, ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას, რომლის დადგომაშიც მოპასუხეებს ბრალი არ მიუძღვით. სახელმწიფო, რომელიც “ცხოველთა სამყაროს შესახებ" კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენს გარეული ცხოველების მესაკუთრეს, არ აგებს პასუხს იმ ზიანისათვის, რომელიც დგება ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობაში მყოფი ცხოველების მიერ, ამ შემთხვევაში სახელმწიფო არ ახორციელებს განსაზღვრული ობიექტის გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმიანობას, შესაბამისად გამორიცხულია მისი პასუხისმგებლობა აგრეთვე სკ-ის 1003-ე მუხლის (“ცხოველების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება") საფუძველზე.

აღნიშნულთან ერთად, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ქ. რუსთავის მერია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას თანხმობას გამოთქვამდა შეძლებისდაგვარად გაეწია დახმარება ბავშვისათვის და მისი ოჯახისათვის მკურნალობის გასაგრძელებლად. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორების წარმომადგენლებმა, თანხმობა განაცხადეს ბავშვის მკურნალობისათვის 1200 ლარის გადახდაზე, რაზედაც მხარეებს მიეცათ ვადა მორიგებისათვის, მოწინააღმდეგე მხარემ უარი განაცხადა შეთავაზებული დახმარების თანხაზე და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატას შესაძლებლად მიაჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება, ჯ. ბ.-ის სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შედეგად ქ. რუსთავის მერიისათვის და შპს “კ.-ისათვის" ჯ. ბ.-ის სასარგებლოდ სოლიდარულად 1200 ლარის გადახდის დაკისრება. დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას უარი უნდა ეთქვას. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში საკასაციო პალატა სასკ-ის 10-ე მუხლის პირველი ნაწილის, სკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ათავისუფლებს ჯ. ბ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე, 411-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. რუსთავის მერიის და შპს “კ.-ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 03.12.03წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

2. ჯ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეებს: ქ. რუსთავის მარიას და შპს “კ.-ს" გადახდეს სოლიდარულად 1200 ლარი მოსარჩელე ჯ. ბ.-ის სასარგებლოდ;

3. დარჩენილ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.