Facebook Twitter

საქმე # 330100123007242390

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №514აპ-24 ქ. თბილისი

მ. ა. 514აპ-24 31 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. მ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ბ. ჯ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. მ–ს, – დაბადებულს 1... წელს, – ბრალად ედებოდა:

1.1.1. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა და შენახვა, - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი);

1.1.2. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღება, - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი).

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. ა. მ–სმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. 2023 წლის 18 თებერვალს, ქ. თ–ში, ვ–ს მე-.. მასივში, ........ს N.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. მ–მა მ. ქ–ს, ფულადი თანხის სანაცვლოდ გადასცა 0,0706 გრამი მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, წონით – 0,01592 გრამი;

2.2. ა. მ–სმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. 2023 წლის 20 თებერვალს, ქ. თ–ში, ვ–ს მე-.. მასივში, ........ს N.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. მ–მა მ. ქ–ს, ფულადი თანხის სანაცვლოდ გადასცა 0,3697 გრამი მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, წონით – 0,1695 გრამი;

2.3. 2023 წლის 20 მარტს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. თ–ში, ვ–ს მე-.. მასივში, ........ს N.. კორპუსის N.. ბინაში მდებარე საცხოვრებელ სახლში ა. მ–სი უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით – 0,01197 გრამის ოდენობით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ა. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 18 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

3.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 18 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 20 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

3.4. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 20 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;

3.5. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 20 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით ;

3.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 20 თებერვლის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა 11 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;

3.7. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც, ეცნობოს შესაბამის ორგანოებს;

3.8. სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 20 მარტიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ბ. ჯ–მ და ა. კ–მ, რომლებმაც მოითხოვეს მსჯავრდებულ ა. მ–ს უდანაშაულოდ ცნობა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ბ. ჯ–სემ, რომელიც ითხოვს ა. მ–ს უდანაშაულოდ ცნობას.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ., Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს ა. მ–ს უდანაშაულოდ ცნობას.

9.1. საკასაციო სასამართლო, ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, იმავდროულად, არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ა. მ–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ა. მ–ს მიერ დანაშაულების – ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა და შენახვის ან/და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების რომელიმე ეპიზოდი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის, მოწმე მ. ქ–სის ჩვენებით, ამოღების ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2023 წლის 19 აპრილის №... დასკვნით, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის 2023 წლის 4 ივლისის №.......... დასკვნის, შპს „ა–დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, ა. მ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა. მ–სმა ჩაიდინა მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 18 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 18 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 20 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 20 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 20 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.

10.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ უთითებენ, რომ ადგილი ჰქონდა ა. მ–ს მხრიდან საერთო მიზნითა და განზრახვით პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვასა და განაწილებას.

11. ზემოხსენებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მოწმე მ. ქ–ს ჩვენების სანდოობასა და ამ ჩვენებით დადგენილი გარემოებების სისწორეში ეჭვის შეტანისა და იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მ. ქ–სისათვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემა. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე მ. ქ–სემ დაკითხვისას დაადასტურა, რომ ა. მ–მა, თანხის სანაცვლოდ, თავად შესთავაზა ნარკოტიკის შეძენა. საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, ა. მ–მა მ. ქ–ს, ორჯერ – 2023 წლის 18 თებერვალს და 20 თებერვალს გადასცა ნარკოტიკული საშუალება – „ჰეროინი“, ხოლო მ. ქ–სემ ა. მ–ს ნარკოტიკული საშუალების ღირებულება – შესაბამისად, 150 და 200 ლარი – შეთანხმებისამებრ, წინასწარ ჩაურიცხა „ა–ს“ ანგარიშზე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან.

12. ინფორმაციის გამოთხოვის 2023 წლის 15 მარტის ოქმის თანახმად, შპს „ა–ს“ (ა–ს) ანგარიში N...... (username: c...), ეკუთვნის ა. მ–ს. აღნიშნულ ანგარიშზე შესრულებულია ტრანზაქციები, მათ შორის: 2023 წლის 18 თებერვალს – 150 ლარის, ხოლო 2023 წლის 20 თებერვალს – 200 ლარის ჩარიცხვა.

13. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიოჩაწერის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ა. მ–სი მ. ქ–ს სატელეფონო საუბრის დროს კარნახობს თავისი ანგარიშის ნომერს (2...), რომელზეც მ. ქ–მ ჩარიცხა 150 და 200 ლარი. 2023 წლის 18 თებერვლის და 20 თებერვლის ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებულია მათი შეხვედრები და ა. მ–ს მიერ მ. ქ–სათვის პატარა შეკვრების გადაცემა.

13.1. ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2023 წლის 19 აპრილის №... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადავო ფონოგრამებში მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმის და ეტალონურ ფონოგრამაში (ხმის ნიმუში) მოსაუბრე ა. მ–ს ხმა ერთმანეთის იდენტურია.

13.2. ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის 2023 წლის 4 ივლისის №.... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეოგრამებს არ აღენიშნებათ რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები; N.. დისკზე არსებულ ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოგამოსახულებებზე და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ ა. მ–ს სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე მოთავსებულ ფოტოგამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება; ამასთან, ჩანაწერის თანახმად, გამოძიებისათვის საინტერესო პირს ხელთ უჭირავს, მცირე ზომის, მუქი ფერის გაურკვეველი საგანი.

13.2.1. ექსპერტმა მ. ყ–მა დაადასტურა, რომ მის მიერ არ მომხდარა კვლევა/შედარება იმ ნივთების, რომლებიც ეკავათ ჯერ ა. მ–ს, ხოლო შემდეგ მ. ქ–ს, რათა დადგენილიყო არის თუ არა ერთიდაიგივე ნივთი, თუმცა განმარტა: ,,მე შემიძლია ვთქვა, რომ კადრის უწყვეტობა იყო, ხელიდან ხელში რას გადაცემენ, კადრის უწყვეტობა იყო, ეგ შემიძლია ვთქვა, თორე საგანი რა საგანი იყო“ (11:49:25). შესაბამისი კითხვის და კვლევის ჩატარების შემთხვევაში მაქსიმუმ დაადგენდა, რომ სავარაუდოდ ერთიდაიგივე ნივთი უკავიათ (11:51:49).

13.2.3. იმავდროულად, კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების, წარმოდგენის და შუამდგომლობის დაყენების უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის პოზიციას, არ არის წარმოდგენილი არც ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რაც სასამართლოს მისცემდა კასატორის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.

14. ზემოხსენებული მტკიცებულებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ მოწმე მ. ქ–ე იძლევა ცრუ ჩვენებებს (კერძოდ, მისი განმარტებით, ა. მ–ი გაიცნო 2023 წლის თებერვლის დასაწყისში, სინამდვილეში კი ისინი ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს, ამასთან, „ა–ს“ ანგარიშზე ჩარიცხული თანხა, თავისთავად არ ადასტურებს მ. ქ–ს ჩვენებას, რომ იგი ნარკოტიკული საშუალების საფასური იყო), ვინაიდან დაცვის აღნიშნულის პოზიციის დასადასტურებლად საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება. ამასთან, სამართალწარმოების მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა რაიმე ობიექტური გარემოება, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

15. შესაბამისად, უსაფუძვლოა ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ; სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ა. მ–ი დამნაშავედ ცნო ბრალადწარდგენილ თითოეული ეპიზოდისათვის.

16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ბ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე