Facebook Twitter
3კ-1232-02

3კ-1232-02 25 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, ბინის ფართზე უფლებამოპოვებულად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ე. გ.-ე და ბ. კ.-ე 1988 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. მათ ცხოვრება დაიწყეს რკინიგზის სამმართველოს კუთვნილ ბინაში, რომლის ძირითადი დამქირავებელი იყო ე. გ.-ე. ბ. კ.-მ 1993 წელს ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე იყიდა ერთოთახიანი ბინა, მდებარე დაბა ...-ში. ბინა აღირიცხა ბ. კ.-ის სახელზე. 2000 წელს აღნიშნული ბინა ბ. კ.-მ გაასხვისა ი. დ.-ეზე, რაც ე. გ.-მ მიიჩნია მისი უფლების დარღვევად და სარჩელით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელის აზრით, ბ. კ.-ის მიერ გაყიდული ბინა შეძენილია ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში ყოფნის დროს მისი და მოპასუხის _ ბ. კ.-ის ერთობლივი დანაზოგებით. ამიტომ იგი გასხვისებული ბინის თანამესაკუთრეა და მისი თანხმობის გარეშე ბინის გასხვისება დაუშვებელია. ე.გ.-მ სარჩელით მოითხოვა 2000წ. 27 მარტს ბ. კ.-სა და ი. დ.-ს შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და ბინაზე უფლებამოპოვებულად ცნობა თანასაკუთრებაზე უფლების საფუძველზე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა, რომ ე. გ.-ე არ წარმოადგენს სადავო ბინის თანამესაკუთრეს, რადგან იგი ბ. კ.-ესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფება. ამიტომ გარიგების დადასტურებისას მის მიერ თანხმობის მიცემის საჭიროებაც არ არსებობდა.

ე. გ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი და ბ. კ.-ის ერთ ოჯახად ცხოვრების და მათი საერთო შვილების არსებობის ფაქტი; ასევე ის გარემოება, რომ იგი 7 შვილის დედაა და შეუძლებელია სამოთახიან ბინაში მათი ნორმალური ცხოვრება. აპალენტის აზრით, სკ-ს 173-ე მუხლის საფუძველზე მოპოვებული აქვს თანასაკუთრების უფლება, ხოლო ბინა გაყიდულია იძულებით, ვალის დაფარვის გამო.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ივლისის განჩინებით ე. გ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად იქნა დატოვებული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და ი. დ.-ე კეთილსინდისიერი შემძენია, ხოლო სადავო ქონება არ წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. გ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ სადავო ბინა შეძენილია მისი შრომითი დანაზოგით ბ. კ.-სთან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში ყოფნის დროს, ამ უკანასკნელმა კი ბინა გაყიდა მასთან შეუთანხმებლად. კასატორის აზრით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია იძულებით. ბინის რეალური ფასი 4000 აშშ დოლარია და მოხდა მისი იძულებით გასხვისება 1500 აშშ დოლარად. ასევე, სასამართლოს სხდომა ჩატარდა ბ. კ.-ის დასწრების გარეშე, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება და მას, სკ-ს 173-ე მუხლიდან გამომდინარე, მოპოვებული აქვს საერთო საკუთრების უფლება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ს 173-ე მუხლის თანახმად, საერთო საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამავე კოდექსის 1158-ე მუხლის საფუძველზე საერთო ქონებას წარმოადგენს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება. ქორწინებად კი ითვლება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის სახელმწიფო ორგანოში (სკ-ს 1106-ე მუხლი). საქმის მასალებით დადგენილია და კასატორიც არ უარყოფს, რომ იგი ბ. კ.-სთან იმყოფებოდა ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში, რომელიც რეგისტრირებული არ არის მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის სახელმწიფო ორგანოში. ამიტომ კანონის ძალით სადავო საცხოვრებელ ბინაზე თანასაკუთრების უფლება არ წარმოშობილა.

კასატორის მიერ მითითებული გარემოება, რომ თითქოს ბ. კ.-სა და ი. დ.-ს შორის გარიგება დადებულია იძულებით, ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან ე. გ.-ს გარიგების გაუქმება მითითებული საფუძვლით არ მოუთხოვია. და თუნდაც მოეთხოვა, ასეთი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა, რადგან თანახმად სკ-ს 85-ე მუხლისა, გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლება აქვს იმ პირს, რომელიც აიძულეს, დაედო გარიგება. ე. გ.-ს კი გარიგების დადებაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია.

ასევე უსაფუძვლოა კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 393-ე, 394-ე მუხლები, რადგან სხდომა ჩატარდა ბ. კ.-ის დასწრების გარეშე, რომელსაც უწყება არ ჩაბარებია. სსკ-ს 394-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით. საქმის მასალებში წარმოდგენილია დეპეშა, რომელშიც მითითებულია, რომ ბ. კ.-ისათვის უწყება ჩაუბარებელია, ხოლო ადრესატი არ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე. სსკ-ს 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება იგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ბ. კ.-ისათვის გაგზავნილი უწყება ითვლება ჩაბარებულად და გასაჩივრებული განჩინება არ შეიძლება ჩაითვალოს კანონის დარღვევით მიღებულად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.