¹ 3კ/1233-01 13 მარტი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე)
მ. ცისკაძე,მ. ახალაძე
დავის საგანი: სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდრო მოწმობის გაუქმება, საანდერძო განკარგულების გაუქმება და უღირს მემკვიდრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ჭ-ძე არის აწ გარდაცვლილი შ. კ-შვილის ძმის შვილი. იგი ცხოვრობდა მამიდასთან – შ. კ-შვილთან და ბიძასთან – ვ. კ-შვილთან ერთად ქ.ქუთაისში, ... მდებარე სახლში. 1994 წლის 10 ოქტომბრის ანდერძით შ. კ-შვილმა საცხოვრებელი ბინა უანდერძა ნ. ჭ-ძეს. ამავე ანდერძით მას დაევალა შ. კ-შვილის მეუღლის, ვ. კ-ვილის რჩენა და მოვლა-პატრონობა. შ. კ-შვილი გარდაიცვალა 1998 წლის 15 ოქტომბერს.
1998 წლის 28 ოქტომბერს ნ. ჭ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსს სამემკვიდრეო მოწმობის გაცემის თაობაზე.
ქუთაისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს თ. მ-ძის მიერ 2000 წლის 17 იანვარს ვ. კ-შვილის სახელზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე მთლიან სახლზე კანონისმიერ მემკვიდრედ ცნობილ იქნა ვ. კ-შვილი.
ნ. ჭ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. კ-შვილისა და ქ.ქუთაისის ნოტარიუს თ. მ-ძის მიმართ, სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი ვადის აღდგენის, კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაუქმების, საანდერძო განკარგულების ბათილად ცნობის, ვ. კ-შვილის უღირს მემკვიდრედ ცნობისა და მისი სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ. მისი სარჩელი დასაბუთებულია იმით, რომ შ. კ-შვილმა სადავო ბინა მას უანდერძა, ვ. კ-შვილზე კი კანონისმიერი უფლების მოწმობის გაცემა მოხდა უკანონოდ. საანდერძო განკარგულებით მას დაევალა ვ. კ-შვილის მოვლა-პატრონობა. იგი ვერ ასრულებს აღნიშნულ მოვალეობას, რადგან ცუდი დამოკიდებულება აქვს ვ. კ-შვილთან, რომელიც უნდობლობით ეპყრობა მას და შესაძლებლობას არ აძლევს, იცხოვროს სადავო სახლში. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ვ. კ-შვილი ცნობილ უნდა იქნეს უღირს მემკვიდრედ და გამოსახლდეს სადავო ბინიდან, ვინაიდან ამორალური ქმედებით ხელს უშლის საანდერძო განკარგულების შესრულებას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მას აღუდგა სამემკვიდრეო მოწმობის მიღების ვადა. გაუქმდა 2001 წლის 17 იანვარს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა. ვ. კ-შვილის უღირს მემკვიდრედ ცნობის, მისი ბინიდან გამოსახლებისა და საანდერძო განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში მოსარჩელეს ეთქვა უარი. სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ ნ. ჭ-ძემ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სანოტარო ორგანოს, ხოლო სამკვიდროს მიღება დადგენილ ვადაში ვერ მოახერხა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. სასამართლომ ბათილად ცნო კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, ვინაიდან დადგენილად მიიჩნია, რომ მოწმობის გაცემისას ნოტარიუსმა იცოდა, რომ სამკვიდრო მოწმობაზე პრეტენზიას აცხადებდა ნ. ჭ-ძეც.
სასამართლომ მოსარჩელეს უარი უთხრა საანდერძო განკარგულების გაუქმებაზე, რადგან მიიჩნია, რომ მან ვერანაირი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა, თუ რა გზით უშლიდა ხელს ვ. კ-შვილი საანდერძო განკარგულების შესრულებაში.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ჭ-ძემ და ვ. კ-შვილმაც. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ვ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი. ნ. ჭ-ძის სააპელაციო საჩივარიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა ვ. კ-შვილის სახელზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში და იგი ცნობილ იქნა სადავო სახლის ½1/2 ნაწილის მემკვიდრედ. ბათილად იქნა ცნობილი შ. კ-შვილის საანდერძო განკარგულება, რომლითაც ნ. ჭ-ძეს დაეკისრა ვ. კ-შვილის მოვლა-პატრონობა. ნ. ჭ-ძეს უარი ეთქვა მემკვიდრეობის მიღების ვადის აღდგენაზე უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დაასაბუთა შემდეგი მოტივებით: ვ. კ-შვილს, როგორც შ. კ-შვილის კანონიერ მემკვიდრეს, უფლება აქვს, მიიღოს სავალდებულო წილი, რაც წარმოადგენს იმ წილის ნახევარს, რომელსაც იგი მიიღებდა ანდერძის არ არსებობის შემთხვევაში. ვ. კ-შვილი არის შ. კ-შვილის ერთადერთი პირველი რიგის მემკვიდრე, რომელიც ანდერძის არ არსებობის შემთხვევაში მიიღებდა მთელ სახლს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი სავალდებულო წილი არის სახლის ½1/2.
ვინაიდან ნ. ჭ-ძის და ვ. კ-შვილის განმარტებებით უდავოდ დადგენილია, რომ მათ შორის კონფლიქტური სიტუაციაა, რის გამოც ნ. ჭ-ძეს შესაძლებლობა არა აქვს განახორციელოს ვ. კ-შვილის მოვლა-პატრონობა, აღნიშნულიდან გამომდინარე, საანდერძო განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი.
სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ნ. ჭ-ძის მოთხოვნა სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ მას უკვე მიღებული აქვს სამკვიდრო, რადგან სანოტარო ორგანოში წარდგენილი აქვს განცხადება სამემკვიდრეო მოწმობის მიღების შესახებ, ხოლო ის ფაქტი, რომ იგი მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეუდგა სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობას, გავლენას ვერ მოახდენს მის სამემკვიდრეო უფლებებზე.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. კ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: ნ. ჭ-ძე მოქმედებს ანგარებით და მამკვიდრებლის ბოლო სურვილის საწინააღმდეგოდ. კერძოდ, უარს ამბობს საანდერძო განკარგულების შესრულებაზე. მისი განცხადება იმის შესახებ, რომ ვ. კ-შვილი ხელს უშლის საანდერძო განკარგულების შესრულებაში, სინამდვილეს არ შეესაბამება. ნ. ჭ-ძეს არ გაუღია მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯები და უარს აცხადებს ვ. კ-შვილის მოვლა-პატრონობაზე, რის გამოც, კასატორის მოსაზრებით, იგი უღირს მემკვიდრედ უნდა იქნეს ცნობილი, ხოლო ვ. კ-შვილზე, როგორც ერთადერთ კანონისმიერ მემკვიდრეზე, უნდა გადავიდეს მთლიანი სახლი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ვ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ნ. ჭ-ძე არის ვ. კ-შვილის აწ გარდაცვლილი მეუღლის, შ. კ-შვილის, ძმისშვილი. ნ. ჭ-ძე ცხოვრობდა მამიდის საცხოვრებელ სახლში. შ. კ-შვილმა 1994 წლის 10 ოქტომბერს თავისი ქონება და საცხოვრებელი სახლი უანდერძა ნ. ჭ-ძეს. მან თავის ანდერძში მიუთითა, რომ თუ თავის მეუღლეზე, ვ. კ-შვილზე, ადრე გარდაიცვლებოდა, ნ. ჭ-ძეს დაავალა ვ. კ-შვილის ყოველმხრივი მოვლა-პატრონობა. შ. კ-შვილი გარდაიცვალა 1998 წლის 15 ოქტომბერს. ნ. ჭ-ძემ 1998 წლის 28 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსს ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის მიღების თაობაზე, ამიტომ სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილი და ჩათვალა, რომ ნ. ჭ-ძეს მემკვიდრეობა ფაქტობრივად მიღებული აქვს. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ვ. კ-შვილის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ უთხრა უარი ნ. ჭ-ძის უღირს მემკვიდრედ ცნობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შეგებებული სარჩელით ვ. კ-შვილს ნ. ჭ-ძის უღირს მემკვიდრედ ცნობა არ მოუთხოვია არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო პალატაში, ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლომ არ იმსჯელა ამ მოთხოვნის შესახებ.
ნ. ჭ-ძემ აწ გარდაცვლილი შ. კ-შვილის საანდერძო განკარგულების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ვ. კ-შვილი მის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი, მათ შორის კონფლიქტური ურთიერთობაა და ამის გამო შეუძლებელია ანდერძის შესრულება. მოცემული საქმის განხილვისას ვ. კ-შვილმა დაადასტურა, რომ ნ. ჭ-ძესთან ცუდი დამოკიდებულება აქვს და მას არ ენდობა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1405-ე მუხლი, რომლის თანახმად ისეთი საანდერძო განკარგულება, რომლის შესრულებაც მემკვიდრეს არ შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო, შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი მემკვიდრის სარჩელით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.