საქმე # 010100123007720290
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №542აპ-24 ქ. თბილისი
ა. ნ. 542აპ-24 23 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილისა და მსჯავრდებულ ნ. ა–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. რ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ა–ს, – დაბადებულს 19.. წელს - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2.1. 2023 წლის 18 ივლისს, დაახლოებით, 21:00 საათზე, ქ. ბ–ში, ა–ს ქუჩის N..-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინა N..-ში, ნ. ა–მა თმების თრევით, ყელის არეში ხელების მოჭერით და თავის არეში ხელის დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. დ–ს, რის გამოც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.2. 2023 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ბ–ში, ა–ს ქუჩის N..-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინა N..-ში, ნ. ა–ი ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. დ–ს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ნ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 120 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
3.2. ნ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 180 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ა–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 180 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
3.4. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ნ. ა–ს დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 170 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 3000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ა–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 170 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და ჯარიმა 3000 ლარი;
3.6. საქართველოს სსკ-ის 65-ე, 66-ე მუხლებისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალა შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
4.1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენში ცვლილება და ნ. ა–ს მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედებებისათვის სასჯელის მაქსიმალური ზომის გამოყენება, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.
4.2. მსჯავრდებულ ნ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. რ–მ მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და ნ. ა–სის უდანაშაულოდ ცნობა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
6.1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ოლღა მერებაშვილი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას და ნ. ა–ს მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედებებისათვის სასჯელის მასქიმალური ზომის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან;
6.2. მსჯავრდებულ ნ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი – ლ. რ–ე ითხოვს საჩივრის დასაშვებად ცნობას, გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ნ. ა–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში –საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე ითხოვს ნ. ა–ს მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო მსჯავრდებულ ნ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი – ლ. რ–ე ნ. ა–ს უდანაშაულოდ ცნობას;
8.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებისა და დაცვის მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების/განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორების მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ნ. ა–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდებისა და დაცვის მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ნ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმე ი. კ–ს გამოკითხვის ოქმით, N.......... შეტყობინებით, სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნით, შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, ნ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
10. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორი დაცვის მხარის პოზიციას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავო ქმედებით განიცადა თუ არა დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი ან/და აღიქვა თუ არა მუქარა რეალურად.
10.1. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №746აპ-19; ასევე - საქმეზე N674აპ-20). „ფიზიკური ტკივილის შეგრძნება“ დამოკიდებულია არა მხოლოდ სუბიექტურ, არამედ ობიექტურ კრიტერიუმებზეც - ჩადენილი ქმედების ინტენსივობასა და დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებებზე, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დგინდება, განიცადა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლმა ფიზიკური ტკივილი“ (მაგ.იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 31 იანვრის განჩინება საქმეზე N 714აპ-21; 2020 წლის 4 თებერვლის განჩინება საქმეზე N627აპ-19; 2020 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი საქმეზე N443აპ-20; 2021 წლის 3 თებერვლის განაჩენი საქმეზე N1003აპ-20).
10.2. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N ......... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას (დასტურდება მსუბუქი ხარისხის დაზიანების არსებობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს), ასევე უდავოდ ცნობილ შემაკავებელ ორდერსა და ორდერის ოქმს (მითითებულია დაზარალებულის მიერ როგორც ტკივილის განცდაზე, ასევე მუქარის რეალურად აღქმაზე), ასევე - მოვლენათა განვითარებას, დაზარალებულის ქცევას სადავო შემთხვევის შემდეგ და მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას შემთხვევიდან მცირე ხანში (შემთხვევიდან დაახლოვებით 2 საათში მივიდა მოწმე ი. კ–სთან და ერთად გამოცხადნენ პოლიციაში).
10.3. შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დასტურდება დაზარალებულის მიერ როგორც ფიზიკური ტკივილის განცდა, ასევე - მუქარის რეალურად აღქმა, სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარე კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
11. კასატორი პროკურორის მოთხოვნასთან დაკავშირებით - მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
12. სასამართლო, ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილი – ჯარიმას (ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს სსკ-ის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის) ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
13. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ნ. ა–ს განუსაზღვრა სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულმა ნ. ა–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები (გარდა დაზარალებულ ა. დ–ს გამოკითხვის ოქმისა), რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009).
16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილისა და მსჯავრდებულ ნ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. რ–ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე