3კ-1236-02 27 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
აღწერილობითი ნაწილი:
სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ვ. კ.-ის ფონდმა. მოსარჩელის წარმომადგენელი უთითებდა, რომ 1998წ. 26 ნოემბერს მან მოპასუხესთან გააფორმა ზეპირი სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ. ტ.-ზე გაიცა 50000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ექვსი თვის ვადით, თვეში სარგებლის 5%-იანი განაკვეთით. 1999წ. 16 იანვარს ზემოაღნიშნულ პირებს შორის გაფორმდა მეორე ზეპირი ხელშეკრულება სესხის შესახებ, რომლის საფუძველზე ლ. ტ.-ზე გაიცა 30000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი 4 თვის ვადით თვეში სარგებლის 5%-იანი განაკვეთით.
ვალდებულების შესრულება _ თანხის დაბრუნება _ უნდა მომხდარიყო 1999წ. 26 მაისს, რაც არ შესრულებულა.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 248430 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. კ.-ის ფონდის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე ლ. ტ.-ს დაეკისრა 166350 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. კოლეგიამ დაადგინა, რომ მხარეთაAშორის 1998წ. 26 ნოემბერსა და 1999წ. 26 იანვარს გაფორმდა ზეპირი სესხის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც ლ. ტ.-მ ვ. კ.-ის ფონდისგან მიიღო შესაბამისად 50000 და 30000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის გადახდით.
კოლეგია მიუთითებს, რომ შეთანხმება პროცენტის ნაწილში ეწინააღმდეგება სკ-ს 625-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც მხარეთაAმიერ სესხისათვის გათვალისწინებული პროცენტი გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. ამ წესის დარღვევით პროცენტის შესახებ დადებული შეთანხმება ბათილია.
კოლეგია უთითებს, რომ საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთაA მიერ აღიარებულია, რომ ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დადგენილი საშუალო თვიური პროცენტი შეადგენდა 2%-ს. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ყოველთვიური სესხის 2%-თან გონივრულ შესაბამისობაშია სარგებლის 3%-იანი განაკვეთი და შესაბამისად, პროცენტი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში უნდა შემცირდეს 5%-დან 3%-მდე.
გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ლ. ტ.-ი. კასატორი მიუთითებს: სასამართლო კოლეგიამ იხელმძღვანელა რა სკ-ს 625-ე მუხლით, ჩათვალა, რომ თვით ფონდიც კი სარჩელში აღიარებს, რომ ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დადგენილი პროცენტის ოდენობა იყო 2, კოლეგიამ პროცენტის ოდენობა განსაზღვრა 3-ით.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო კოლეგიას არ უმსჯელია მის ქონებრივ მდგომარეობაზე და უსაფუძვლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
კასატორი აღნიშნული გარემოებების გამო მოითხოვს ახალი გადაწყვეტილების მიღებას და მისთვის 135750 აშშ დოლარის დაკისრებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ს 625-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რომელიც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. ამ წესის დარღვევით პროცენტის შესახებ დადებული შეთანხმება ბათილია.
აღნიშნული ნორმის თანახმად სესხისათვის გათვალისწინებული პროცენტი გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან.
კასატორი პრეტენზიას არ გამოთქვამს და არც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროცენტი, რომელიც მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა, არ არის გონივრულ შესაბამისობაში ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან.
შესაბამისად, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სესხისათვის პროცენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სსკ-ს 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია სასამართლოს უფლებამოსილება, რომლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მოქალაქე გაათავისუფლოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლოს ხარჯების გადახდისაგან.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი დასკვნისათვის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გაეთავისუფლებინა მოპასუხე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ტ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 17 ივლისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.