საქმე # 330100123007032393
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №577აპ-24 ქ. თბილისი
მ. კ. 577აპ-24 16 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით კ. მ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, კ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 10-15 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, ..........ის დასახლებაში, მე-.. მ/რ-ის, კვარტალ №..-ში, №..-ე კორპუსში, კ. მ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, კონკრეტული ქმედებების მოთხოვნითა და მუდმივი კონტროლით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალია, მეუღლის - თ. ს–ს მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, რამდენჯერმე ხელი ჩაარტყა ხელისა და ფეხის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.2. 2022 წლის 15 აპრილს, დილის საათებში, ქ. თ–ში, ........ის დასახლებაში, მე-.. მ/რ-ნი, მე-.. კორპუსში, ბინა №..-ში, კ. მ–მა მეუღლის - თ. ს–ს მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, კონკრეტული ქმედებების მოთხოვნითა და მუდმივი კონტროლით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალია, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ხელი ჩაარტყა სხეულის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.3. 2022 წლის 15 აპრილს, დილის საათებში, ქ.თ–ში, ........ის დასახლებაში, მე-.. მ/რ-ნი, მე-.. კორპუსში, №.. ბინაში, კ. მ–სმა მეუღლის - თ. ს–სის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, კონკრეტული ქმედებების მოთხოვნითა და მუდმივი კონტროლით, მხოლოდ იმის გამო რომ ქალია, არასრულწლოვნის თანდასწრებით, განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. კ. მ–ს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად თ. ს–სეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.4. 2023 წლის 13 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ.თ–ში, ........ის დასახლებაში, მე-.. მ/რ-ნი, მე-.. კორპუსში, №.. ბინაში, კ. მ–სმა ოჯახის წევრის - თ. ს–სის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, კონკრეტული ქმედებების მოთხოვნითა და მუდმივი კონტროლით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალია, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ხელი დაარტყა ცხვირის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.5. 2023 წლის 13 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ.თ–ში, ........ის დასახლებაში, მე-.. მ/რ-ნი, მე-.. კორპუსში, №.. ბინაში, კ. მ–სმა ოჯახის წევრის - თ. ს–ს მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, კონკრეტული ქმედებების მოთხოვნითა და მუდმივი კონტროლით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალია, განახორციელა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და კედელზე თავს მიარტყმევინებდა. კ. მ–ს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად თ. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. კ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 10-15 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. კ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. კ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.4. კ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.5. კ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 10-15 თებერვლის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.7. კ. მ–ს სასჯელი აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 15 თებერვლიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
4.1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ მოითხოვა ცვლილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში და მსჯავრდებულ კ. მ–სის მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;
4.2. მსჯავრდებულ კ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა კ. მ–მ და ო. მ–მა მოითხოვეს კ. მ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიანა ონიანმა და მოითხოვა ცვლილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განაჩენში და მსჯავრდებულ კ. მ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ კ. მ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
8.1. ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოადგენს კ. მ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი)) ჩადენა, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია - მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
9. კასატორის მოთხოვნაზე, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
10.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, კ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ კ. მ–ს შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ კ. მ–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არ არის ნასამართლევი.
11. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. იმავდროულად, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009).
13. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
14. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განაჩენზე დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი