Facebook Twitter

საქმე # 190100123008153487

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №608აპ-24 ქ. თბილისი

მ. ბ. 608აპ-24 17 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. მ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2.1. 2023 წლის სექტემბრის ბოლოს, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. რ–ში, მე-.. მ/რ-ის N..-..-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ ბინაში, ბ. მ–მა, იმის გამო, რომ არ სურდა მეუღლესთან ერთად ცხოვრება და უნდოდა მისი სახლიდან წასვლა, თავის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ა. ბ–ს, რის შედეგადაც ა. ბ–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.2. 2023 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. რ–ში, მე-.. მ/რ-ის N..-..-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ ბინაში, ბ. მ–სმა, იმის გამო, რომ არ სურდა მეუღლესთან ერთად ცხოვრება და უნდოდა მისი სახლიდან წასვლა, მათი არასრულწლოვანი შვილის, 2008 წლის 15 მაისს დაბადებული - ა. მ–ს თანდასწრებით, ხელის ზედა კიდურებზე დარტყმით, ყელის არეში ხელის ძლიერად მოჭერით და თმების ძლიერად მოქაჩვით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ა. ბ–ს, რის შედეგადაც ა. ბ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.3. 2023 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. რ–ში, მე-.. მ/რ-ის N..-..-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ ბინაში, ბ. მ–სმა, იმის გამო, რომ არ სურდა მეუღლესთან ერთად ცხოვრება და უნდოდა მისი სახლიდან წასვლა, მეუღლის მიმართ იძალადა ფიზიკურად, რა დროსაც მეუღლეს - ა. ბ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ა. ბ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.4. 2023 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. რ–ში, მე-.. მ/რ-ის N..-..-ში მდებარე, თავიანთ საცხოვრებელ ბინაში, ბ. მ–მა იმის გამო, რომ არ სურდა მეუღლესთან ერთად ცხოვრება და უნდოდა მისი სახლიდან წასვლა, მეუღლეს - ა. ბ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დედის დახმარება სცადა არასრულწლოვანმა - ა. მ–მა. აღნიშნულით განაწყენებულმა ბ. მ–მა სახის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს, 2008 წლის 15 მაისს დაბადებულ - ა. მ–ს, რის შედეგადაც ა. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით:

3.1. ბ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის სექტემბრის ეპიზოდი - დაზარალებული ა. ბ–ი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. ბ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი - დაზარალებული ა. ბ–ი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. ბ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი - დაზარალებული ა. ბ–ი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. ბ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი - დაზარალებული ა. მ–ი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი - დაზარალებული ა. ბ–ი) დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდი - ა. ბ–ი), დანიშნული სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი - დაზარალებული ა. ბ–ი) დანიშნული სასჯელი და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი - დაზარალებული ა. მ–ი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ბ. მ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.6. ბ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა 2023 წლის 20 ოქტომბრის 17:15 საათიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი;

3.7. საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე, არასრულწლოვან დაზარალებულს - ა. მ–ს განემარტა, რომ მას, როგორც დაზარალებულს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და კომპენსაცია.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ ბ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. მ–მ და მოითხოვა ცვლილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენში სასჯელის შემსუბუქების კუთხით. კერძოდ, ბ. მ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენი.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. მ–მ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემსუბუქების კუთხით და ბ. მ–სათვის არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრას.

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. მ–ს შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 მარტის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდა და აღდგენილ იქნა გასაჩივრების ვადა.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ბ. მ–სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით.

10. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; ხოლო, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილი – ჯარიმას (ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს სსკ-ის 11​1 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის) ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

11. სააპელაციო სასამართლომ ბ. მ–ს აღიარებასთან და დაზარალებულის პოზიციასთან ერთად გაითვალისწინა მისი ინდივიდუალური მახასიათებლები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და ფაქტობრივი გარემოებები, რის საფუძველზეც ბ. მ–ს განუსაზღვრა სასჯელი.

12. სასამართლო ითვალისწინებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, ხასიათს, ქმედების ჩადენას არასრულწლოვანი შვილის მიმართ და არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, იმ გარემოებას, რომ ოჯახში ძალადობას განსაკუთრებით მძიმე შედეგები გააჩნია ბავშვის ფსიქიკასა და ნორმალურ განვითარებაზე იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ბავშვი მოწმე ხდება ძალადობრივი გამოვლინებებისა ოჯახში, რაც ართმევს მას უსაფრთხოების განცდას.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. მსათვის დანიშნული სასჯელის სახის, ზომისა და მისი მოხდის ფორმის შესახებ.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

15. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. მ–ს საკასაციო საჩივრი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი