Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1240-01 22 მაისი, 2002 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, მ. ახალაძე

დავის საგანი: მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. ა-შვილმა 1998წ. აპრილში სარჩელი აღძრა მ. ვ-ძის მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/6 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა, ¹10 და ¹3 საცხოვრებელი ოთახების, დამხმარე სათავსების მიკუთვნება, რადგან საცხოვრებელი სახლის ყოფილმა მესაკუთრე მ. შ-ოვამ ეს ოთახი თავის სიცოცხლეშივე გადასცა დისშვილს – ვ. ა-ოვს; ამასთან, მისი ოჯახი ითვლება მ. შ-ოვას მეორე რიგის თანამყოფ მემკვიდრედ. მ. ვ-ძე არასწორად არის რეგისტრირებული ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/3 წილის მესაკუთრედ, რადგან მოპასუხის მამამ იყიდა 43 კვ.მ. ფართობის ორი ოთახი, რაც შეადგენს არა 1/3 წილს, არამედ _ 1/6 წილს. მოპასუხეს სახლის საკუთრებისა და სარგებლობის 1994წ. 25 ივნისის ხელშეკრულებით არასწორად მიეკუთვნა ¹10 _ 25 კვ.მ ფართობის ოთახი.

1998წ. ნოემბერში თ. მ-შვილის წარმომადგენელმა ნ. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ვ-ძის, ი. ა-შვილის, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიმართ და მოითხოვა თ. მ-შვილსა და ი. ვ-ძეს შორის 1970წ. 7 დეკემბერს გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და ი. ვ-ძისათვის საცხოვრებელი სახლის არა 2/6 ნაწილის, არამედ _ 1/6 ნაწილის _ 43 კვ.მ. ფართობის ორი საცხოვრებელი ოთახის მიყიდულად ჩათვლა, შესაბამისი ცვლილებების შეტანა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებში, ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/6-ის აღრიცხვა თ. მ-შვილზე, 1/6-ის კი მ. ვ-ძეზე; სადავო სახლის სარგებლობისა და საკუთრების თაობაზე 1994 წლის 25 ივნისის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა იმგვარად, რომ ამ ხელშეკრულებით ¹3 და ¹10 საცხოვრებელი ოთახის მესაკუთრეს წარმოადგენდეს არა მ. ვ-ძე, არამედ თ. მ-შვილი.

თ. მ-შვილის სასარჩელო განცხადება ერთ წარმოებად გაერთიანდა ი. ა-შვილის სარჩელთან დაკავშირებულ სამოქალაქო საქმესთან.

მ. ვ-ძემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე თ. მ-შვილის მიმართ და მოითხოვა ი. ვ-ძესა (მ. ვ-ძის მამა) და თ. მ-შვილს შორის 1970 წელს დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან სიტყვების ამორიცხვა: “ორი ოთახი, 43 კვ.მ”; ასევე _ ი. ა-შვილისათვის ბინის ქირის დაკისრება.

ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2000წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ა-შვილის სარჩელი, საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ ცნობის, ბინის საკუთრებისა და სარგებლობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.

მ. ვ-ძის შეგებებული სარჩელი, საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაში, ბინის საკუთრებისა და სარგებლობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის, ქირის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

დაკმაყოფილდა თ. მ-შვილის სარჩელი და თ. მ-შვილის სახელით ლ. გ-ძესა და ი. ვ-ძეს შორის 1970წ. 7 დეკემბერს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება: ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/6 ნაწილის ნაცვლად ი. ვ-ძეზე გაყიდულად ჩაითვალა 1/6 ნაწილი _ 43 კვ.მ. ფართობის ორი საცხოვრებელი ოთახი.

სადავო საცხოვრებელი სახლის სარგებლობისა და საკუთრების თაობაზე 1994წ. 25 ივნისის ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება: ხელშეკრულებიდან ამოღებულ იქნა ¹3 და ¹10 საცხოვრებელი ოთახების მ. ვ-ძისათვის მიკუთვნება და აღნიშნული ოთახები ცნობილ იქნა თ. მ-შვილის საკუთრებად. ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ბიუროს დაევალა ცვლილებების შეტანა ჩანაწერებში და ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/6 ნაწილი აღირიცხა თ. მ-შვილის სახელზე, ხოლო 1/6 ნაწილი მ. ვ-ძის სახელზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ვ-ძემ და ი. ა-შვილმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 26 სექტემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ი. ა-შვილისა და მ. ვ-ძის სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლობის გამო; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ი. ა-შვილმა ვერ დაადასტურა სადავო საცხოვრებელი სახლის ყოფილი მესაკუთრე მ. შ-ოვას მიერ პირველ სართულზე მდებარე ¹10 ოთახის ვ. ა-ოვის საკუთრებაში გადაცემა. 1963 წელს მ. შ-ოვამ თავისი კუთვნილი 1/3 წილი მთლიანად მიჰყიდა თ. მ-შვილს.

სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ი. ა-შვილის მოთხოვნა სადავო ¹10 ოთახის მიკუთვნების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ იგი აწ გარდაცვლილი მ. შ-ოვას მეორე რიგის მემკვიდრეა, რადგან მამკვიდრებელი გარდაიცვალა 1986 წელს და სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად მას გარდაცვალების დროისათვის სამკვიდრო ქონება არ დარჩენია. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ი. ა-შვილის ოჯახი სადავო ბინაში 1931 წლიდან არ ცხოვრობს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. მისი ურთიერთობა სადავო ბინის მესაკუთრესთან უნდა მოწესრიგდეს “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. ვ-ძის მამამ ი. ვ-ძემ 1970 წელს თ. მ-შვილისაგან შეიძინა სადავო საცხოვრებელი სახლის 2/6 ნაწილი, ანუ 43 კვ.მ. ფართობი. ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებით დაკონკრეტებულია ი. ვ-ძის მიერ შეძენილი ოთახების რაოდენობა და ამიტომ უსაფუძვლოა მ. ვ-ძის მტკიცება იმის შესახებ, რომ მან შეიძინა ოთხი ოთახი. სააპელაციო სასამართლომ თ. მ-შვილის მოთხოვნა არ ცნო ხანდაზმულად იმის გამო, რომ იგი 1967 წლიდან არ ცხოვრობს საქართველოში, მან ბინა გაასხვისა 1970 წელს წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო 1998 წელს, ი. ა-შვილის სასარჩელო განცხადების შეტანის შემდეგ, შეიტყო თავისი საკუთრების უფლების დარღვევის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად კი უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნის ვადა ექვსი წელია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. ა-შვილმა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თ. მ-შვილისა და მ. ვ-ძის სასარჩელო მოთხოვნებზე უარის თქმა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო; სადავო საცხოვრებელი სახლის ¹10 ოთახისა და დამხმარე სათავსების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.

ი. ა-შვილის საკასაციო საჩივრის მოტივებს წარმოადგენს შემდეგი: 1931 წელს დებმა – ა. და მ. შ-ოვებმა ერთად შეიძინეს ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/3 წილი, მაგრამ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში მთელი წილის მესაკუთრედ დროებით იქნა რეგისტრირებული მ. შ-ოვა. ა. შ-ოვა კასატორის დედამთილია და მან კუთვნილი ¹10 ოთახი დაუთმო თავისი ვაჟიშვილის ოჯახს. თ. მ-შვილს პრეტენზია არ ჰქონდა პირველ სართულზე მდებარე ოთახებზე, რადგან მ. შ-ოვამ სინამდვილეში მთლიანად გაყიდა არა კუთვნილი 1/3 წილი, არამედ მხოლოდ 1/6 წილი მიჰყიდა თ. მ-შვილს. თ. მ-შვილის მოთხოვნა ხანდაზმულია. კასატორის დედამთილი ა. შ-ოვა იყო მ. შ-ოვას მეორე რიგის მემკვიდრე, ამიტომ კასატორის ოჯახს სადავო ¹10 ოთახზე მემკვიდრეობა ფაქტობრივად მიღებული აქვს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ი. ა-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილის მესაკუთრეს 1931 წლიდან წარმოადგენდა მ. შ-ოვა. მან კუთვნილი ¹10 საცხოვრებელი ოთახი დაუთმო დის, ა. შ-ოვას, ოჯახს. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ი. ა-შვილის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი ერთად იყიდეს დებმა – მ. და ა. შ-ოვებმა და ა. შ-ოვა ¹10 ოთახის მესაკუთრეს წარმოადგენდა, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ა. შ-ოვა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებული იყო ... მდებარე ¹10 ოთახის მესაკუთრედ. საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს უფროსის მიერ გაცემული ცნობიდან ირკვევა, რომ ა. შ-ოვას ქ. თბილისში, ... მდებარე საერთო საკუთრების საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით არასდროს ეკუთვნოდა.

სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ი. ა-შვილის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ იგი უკანონოდ არ ცნო მ. შ-ოვას მეორე რიგის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1963 წელს მ. შ-ოვამ ქ. თბილისში, ... მდებარე მისი კუთვნილი 1/3 წილი მიჰყიდა თ. მ-შვილის და ამ წილის მესაკუთრედ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებულ იქნა ბინის მყიდველი. 1963 წლის შემდეგ მ. შ-ოვას სახელზე ქ. თბილისში, ... საკუთრების უფლებით არაფერი ირიცხებოდა. მ. შ-ოვა გარდაიცვალა 1986 წელს. ამდენად, მ. შ-ოვას გარდაცვალების დროისათვის მის საკუთრებასა და მის სამკვიდრო ქონებას აღარ წარმოადგენდა სადავო ბინა. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. იმავე მუხლის მეორე ნაწილში კი აღნიშნულია, რომ სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ ამ ქონების ღირებულება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს ი. ა-შვილის სააპელაციო საჩივრის განხილვისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ა-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 26 სექტემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.