გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1241-02 24 აპრილი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, თ. კობახიძე
დავის საგანი: ანდერძის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1985 წლის 23 ივლისს აწ გარდაცვლილმა დ. თ-ძემ მთელი თავისი მოძრავ-უძრავი ქონება, მათ შორის დაბა წყნეთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი, უანდერძა თავის შვილს – პ. თ-ძეს. დანარჩენი ორი შვილისათვის – მ. თ-ძისა და ნ. ძ-ურისათვის ანდერძის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ 1999 წლის 18 თებერვალს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. თ-ძემ და ნ. ძ-ურმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს ანდერძის ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ იგი დადებულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ცდომილების გავლენით, მოტყუებით. ამასთან, ანდერძზე აღნიშნული ხელმოწერა არ შეესაბამება მოანდერძის მიერ შესრულებულ ხელმოწერას.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს.
პ. თ-ძემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
ქ.თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აპელანტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სასარჩელო მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო; სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1409-ე მუხლის I პუნქტი, რომლის თანახმად ანდერძის ბათილობის შესახებ სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ორი წლის განმავლობაში, რაც გამოითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. თ-ძემ და ნ. ძ-ურმა, რომლებმაც მოითხოვეს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1409-ე მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოანდერძე დ. თ-ძე გარდაიცვალა 1995 წელს.
მოსარჩელეებმა მ. თ-ძემ და ნ. ძ-ურმა 1999 წლის 18 თებერვალს მოპასუხე პ. თ-ძისაგან შეიტყვეს, რომ აწ გარდაცვლილმა დ. თ-ძემ 1985 წლის 23 ივლისის ანდერძით მთელი თავისი ქონება, მათ შორის დაბა წყნეთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი, უანდერძა მოპასუხე პ. თ-ძეს.
პალატა იზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1409-ე მუხლი, მიიჩნია რა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ანდერძის ბათილად ცნობის შესახებ ხანდაზმულია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის I ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. სამოქალაქო კოდექსის 1369-ე მუხლის თანახმად, მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ ნოტარიუსი ნიშნავს დღეს და გააცნობს ანდერძის შინაარსს დაინტერესებულ პირებს, რის თაობაზეც უნდა შედგეს სათანადო ოქმი. თუ კონვერტი, რომელშიც ანდერძია მოთავსებული დალუქული იყო, უნდა აღინიშნოს ლუქის მთლიანობის შესახებ. კანონის ეს მოთხოვნა ვრცელდება როგორც დახურულ, ისე ჩვეულებრივ ანდერძზე და მისი ძირითადი ამოცანაა, ის რომ ყველა მემკვიდრისათვის ცნობილი გახდეს ანდერძის არსებობის ფაქტი. მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ ნოტარიუსისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების მოვალეობა აკისრია იმ პირს, ვის სასარგებლოდაც არის გაცემული საანდერძო განკარგულება. აღნიშნული მოქმედება უნდა შესრულდეს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით სამკვიდროს მისაღებად დადგენილ ექსთვიან ვადაში.
აქედან გამომდინარე, თუ მემკვიდრემ ან სხვა დაინტერესებულმა პირმა ანდერძის შესახებ შეიტყო ექვსი თვის ვადაში, სამოქალაქო კოდექსის 1408-ე მუხლის შესაბამისად ანდერძის ნამდვილობა შეიძლება სადავოდ გახადოს იმ გარემოებათა გამო, რომლებიც გარიგების ბათილობას იწვევს და ამ საფუძვლით სამოქალაქო კოდექსის 1409-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის შეტანის ვადაა ორი წელი, რაც გამოითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან.
განსახილველი დავის შემთხვევაში სააპელაციო სამართლის მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოანდერძე გარდაიცვალა 1995 წელს. მოპასუხე პ. თ-ძეს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით დადგენილ ვადაში ანდერძის საფუძველზე კანონით დადგენილი წესით არ გაუფორმებია სამკვიდროს მიღება. მოსარჩელეების მ. თ-ძისა და ნ. ძ-ურისათვის სადავო ანდერძის შესახებ ცნობილი გახდა 1999 წელს. ასეთ ვითარებაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1408-ე მუხლის საფუძველზე ანდერძის ბათილობის მოთხოვნის შესახებ 1409-ე მუხლით გათვალისწინებული ორწლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს არა მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან, 1995 წლიდან, არამედ სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად იმ მომენტიდან როცა მემკვიდრემ ან სხვა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო ანდერძის არსებობის შესახებ.
ვინაიდან საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები არაა დადგენილი, პალატა მოკლებულია საშუალებას მიიღოს გადაწყვეტილება და თვლის, რომ საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. თ-ძისა და ნ. ძ-ურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.