Facebook Twitter

საქმე # 080100122005725207

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №746აპ-24 ქ. თბილისი

ფ. გ. 746აპ-24 29 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გურჯან ტაბეშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ფ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გ. ფ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

შპს „ა–ა“ (ს/ნ .........) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 5 ივნისს, საწარმოს დამფუძნებელი, დირექტორი და 100% წილის მფლობელია გ. ფ–ე, საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების გაწევა. შპს „ა–ას“ დირექტორმა გ. ფ–მ 2018 წლის 5 იანვრიდან 2020 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდში, ერთიანი მიზნით და საერთო განზრახვით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში, განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტით, 2021 წლის 9 ივლისის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის N.... ბრძანებითა და 2021 წლის 12 ივლისის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით N....... საწარმოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 395 949 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი – 255 726 ლარი, ჯარიმა – 140 223 ლარი. საწარმო N....... საგადასახადო მოთხოვნას არ გაეცნო ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის ...-ის საშუალებით, იგი საჯაროდ გავრცელდა (გამოქვეყნდა) 2021 წლის 30 აგვისტოს, რაც ჩაბარებულად ჩაითვალა (გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს) 2021 წლის 19 სექტემბერს. გ. ფ–ს საგადასახადო მოთხოვნა არ გაუსაჩივრებია, ამჟამად გასულია საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების და გადასახადის გადახდის კანონით დადგენილი ვადები. დარიცხული ძირითადი გადასახადი არ არის გადახდილი, საწარმოსთან საგადასახადო შეთანხმება არ გაფორმებულა. საგადასახადო შემოწმებით საწარმოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ერიცხება დავალიანება, ძირითადი გადასახადის სახით 255 726 ლარის ოდენობით.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენით:

3.1. გ. ფ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი – 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა – 2 წელი;

3.3. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადა მსჯავრდებულ გ. ფ–ს აეთვალა განაჩენის გამოცხადებიდან - 2023 წლის 28 სექტემბრიდან;

3.4. პირობითი მსჯავრის აღსრულებისას, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის სამმართველოს პროკურორმა გურჯან ტაბეშაძემ, რომელმაც ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ გ. ფ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გურჯან ტაბეშაძემ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით და გ. ფ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას;

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ გ. ფ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ გ. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში მსჯავრდებულ გ. ფ–ს აღიარებასთან ერთად წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის, მოწმეების: ლ. თ–ს, შ. კ–ს, დ. ი–სა და გ. ფ–ს გამოკითხვის ოქმები, შემოსავლების სამსახურის N.......... წერილი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო N.... მმოთხოვნა, აუდიტის დეპარტამენტის N.... ბრძანება, შპს „ა–ას“ (ს/ნ ........) საგადასახადო შემოწმების აქტი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებება - N......, N....., N....., N......., N......., N........, წერილები შემოსვლების სამსახურიდან საგადასახადო მოთხოვნის გაცნობის თაობაზე N........., N.......... თანდართული მასალებით და სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. ფ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულის ჩადენა.

10. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

11.1. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, გ. ფ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. სააპელაციო სასამართლომ გ. ფ–ს შეუფარდა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის ნაწილის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ნაწილობრივ პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ გ. ფ–მ აღიარა მსჯავრად შერაცხილი დანაშაულის ჩადენა, ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი.

11.2. იმავდროულად, სასამართლო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიერ ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება შეფასდეს დამამძიმებელ გარემოებად და შესაბამისად ვერ იქნება გათვალისწინებული სასჯელის დანიშნვის დროს როგორც დამამძიმებელი გარემოება (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის განჩინება საქმეზე N 406აპ-22, პარ.22; 2010წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე N 1019აპ-09; 2014წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N 390აპ-14).

12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. იმავდროულად, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

14. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გურჯან ტაბეშაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი