¹ 3კ/1249-01 20 მარტი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში უნებართვო მიშენების მოშლა.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 7 ოქტომბერს ა. ს-ძემ თ. ბ-ძის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხემ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-7 სართულზე სათანადო ნებართვის და მისი თანხმობის გარეშე მიაშენა ოთახი. აღნიშნული მიშენების მოშლის შესახებ არსებობს ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1998 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება, ხოლო უკანონო მიშენების გაგრძელების აკრძალვის შესახებ – ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის განჩინება. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეს აივანი პირვანდელ მდგომარეობაში არ მოუყვანია. მოსარჩელემ მოითხოვა უკანონო მიშენების მოშლა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან მიუთითა, რომ მართალია, აივანზე მიშენების განხორციელების ნებართვა არ გააჩნია და მის მეზობლად მცხოვრები მოსარჩელეც წინააღმდეგია ამ მიშენებისა, მაგრამ ადრე ყველა მეზობელი თანახმა იყო მიშენებისა და სურდა სათნადოდ მისი დაკანონებაც, მაგრამ ამას ვერ მიაღწია. მას უნებართვო მიშენებაზე გაწეული აქვს გარკვეული ხარჯები და ამიტომ უნებართვო მიშენების მოშლა მიზანშეუწონლად მიაჩნია. ამასთან ამ მიშენებით არ ილახება მოსარჩელის უფლებები.
რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე თ. ბ-ძეს დაევალა ღია აივანზე მოწყობილი სათავსოს მოშლა და შენობის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ აივანზე სათავსოს მიშენება მოხდა სათანადო ნებართვის გარეშე, უკანონოდ, მეზობლების ნების საწინააღმდეგოდ. ამ მიშენებით, ანუ აივანზე უკანონოდ მიშენებულ ნაგებობაში სამზარეულოს გადატანით ამ ნაგებობაში წყალშემშვები და წყალგამშვები გაყვანილობა გააკეთა ფარულად კედლის კონსტრუქციაში და იატაკში და შეუერთა ბინაში არსებულ საპირფარეშოს და სააბაზანო საკანალიზაციო წყალგაყვანილობის დგარებს.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ გარემოებების გამო დაირღვა მოსარჩელის საყოფაცხოვრებო პირობები, ვინაიდან მისი საცხოვრებელი ბინის საძინებელი ოთახის თავზე გადავიდა სველი წერტილები, რაც დაუშვებელია.
სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 14 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ უკანონო მიშენებით ირღვეოდა მოსარჩელის საყოფაცხოვრებო პირობები.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინის მესაკუთრეები ვალდებულნი არიან, ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნონ და იმგვარად გამოიყენონ ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები, აგრეთვე, საერთო საკუთრება, რომ ამით არ შეილახოს მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესები და არ მიადგეთ მათ ზიანი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული მშენებლობის შესახებ არ არსებობდა სათანადო ნებართვა და არსებობს რაიონის გამგეობის გადაწყვეტილება უნებართვო მიშენების მოშლის და ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის წინადადების მიცემის შესახებ.
2001 წლის 7 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა მოპასუხემ.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლი. მისი მოსაზრებით მის მიერ წარმოებული მიშენებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადო მტკიცებულების არარსებობის მიუხედავად უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის ინტერესები შელახულად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხემ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აივნის მე-7 სართულზე ამავე ბინის მე-6 სართულზე მცხოვრები მეზობლის თანხმობის გარეშე აწარმოა უნებართვო მიშენება, რის შემდეგ უნებართვოდ მიშენებულ ნაგებობაში გადმოიტანა სამზარეულო, წყალგაყვანილობის მილები გაიყვანა ფარულად კედლის კონსტრუქციასა და იატაკში და შეუერთა ბინაში არსებულ საპირფარეშოსა და სააბაზანოს საკანალიზაციო წყალგაყვანილობის დგარებს. ამის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ გადაკეთებით გაუარესდა მოსარჩელის საყოფაცხოვრებო პირობები, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი ოთახის თავზე აღმოჩნდა გატარებული სველი წერტილები.
დადგენილია, რომ სადავო აივანი, რომელზეც ნაწარმოებია უნებართვო მშენებლობა, მხარეთა საერთო საკუთრების ობიექტს არ წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ბინის მესაკუთრეს შეუძლია, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს თავის ინდივიდუალურ საკუთრებუაში არსებული შენობის ნაწილები და გამორიცხოს მათზე სხვა პირთა ყოველგვარი ზემოქმედება, თუ ამ მოქმედებით არ ხელყოფს კანონს ან მესამე პირის უფლებებს.
საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ აღნიშნული მშენებლობით მე-6 სართულზე მცხოვრები მოსარჩელის ბინისათვის ტექნიკური ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ირღვევა. ამავე დასკვნებით დადგენილია, რომ აღნიშნული ახლად მოწყობილი სამზარეულოდან წყალშემცვლელი კომუნიკაციების მილგაყვანილობა გაკეთებულია ფარულად კედლის კონსტრუქციასა და იატაკში და შეერთებულია არსებულ საპირფარეშოსა და სააბაზანოს საკანალიზაციო წყალგაყვანილობის დგარებთან, რაც აკმაყოფილებს შიგაწყალგაყვანილობის და კანალიზაციის საამშენებლო ნორმების და წესების 17.9 და 9.8 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საამშენებლო ნორმების და წესების 2.6 პუნქტის მოთხოვნით კი დაუშვებელია საცხოვრებელი ოთახის და სამზარეულოს თავზე მხოლოდ საპირფარეშოს და აბაზანის მოწყობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მოქმედებით არ ირღვევა, რა მოსარჩელის უფლებები, მოსარჩელეს უფლება არა აქვს მოითხოვოს იმ მიშენების აღება, რომლითაც მისი უფლებების ხელყოფა არ ხდება.
სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად ბინის მესაკუთრე მოვალეა. ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილი, რომ ამით არ შეილახოს მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესები და არ მიადგეს მათ ზიანი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული მიშენებით მოსარჩელის საძინებელ ოთახს არანაირი ზიანი არ მისდგომია და მოსარჩელის საცხოვრებელი პირობები არ შეცვლილა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, მართალია, საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა საქმის გარემოებები და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, მაგრამ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს მისცა არასწორი შეფასება.
ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
თ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 14 აგვისტოს განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ა. ს-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.