Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1250-02 15 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში, ... მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებეობა საჯარო რეესტრის ჩანაწერებით ირიცხება ნ. ჩ-ას, ა. ი-ის, დ. და ტ. მ-ების სახელზე. აღნიშნულ შენობაში ცხოვრობენ: ზ. ლ-ე, ნ. გ-ა, თ. ბ-ე, ფ. მ-ა, ა. მ-ა, ავ. მ-ა. ზ. რ-ე, ლ. შ-ე ლ. ქ-ა, დ. და ზ. მ-ები, მ. შ-ა და ნ. ა-ა.

ტ. მ-ამ და ა. ი-ემ სარჩელი შეიტანეს სასამართლოში მათ სახელზე რიცხული შენობიდან ზემოაღნიშნულ პირთა გამოსახლების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეების მიერ სადავო ფართობი უნებართვოდ არის დაკავებული. შემდგომში საქმეში თანამოსარჩელედ ჩამულ იქნა ნ. ჩ-ას უფლებამონაცვლე მ. ჩ-ა.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლის 2002წ. პირველი ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების წარმომადგენლის პ. ხ-ის მიერ შეტანილ იქნა საჩივარი, რომელიც არ დაკმაყოფილდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის განჩინებით იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ სასამართლოში მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს სააპელაციო საჩივარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხებემა შეტყობინება მიიღეს 2002წ. 26 ივლისს, მაგრამ არ გამოცხადნენ სასამართლო სხდომაზე და სასამართლოსათვის წინასწარ არ უცნობებიათ გამოუცხადებლობის მიზეზზე.

ავ. მ-ა, თ. შ-ა, ნ. გ-ა და სხვები საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას რადგან მიაჩნიათ, რომ მათ მეზობლად მცხოვრები ორი ახალგაზრდის დაკრძალვაზე ყოფნის გამო სასამართლოზე გამოუცხადებლობა უნდა ჩაეთვალა საპატიოდ; უწყება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ არ ჩაბარებიათ სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ. თბილისში ... მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები საჯარო რეესტრის ჩანაწერებით ირიცხება ნ. ჩ-ას, ა. ი-ის, დ. და ტ. მ-ას სახელზე. აღნიშნულ შენობაში ცხოვრობენ: ზ. ლ-ე, ნ. გ-ა, თ. ბ-ე, ფ. მ-ა, ა. მ-ა, ავ. მ-ა. ზ. რ-ე, ლ. შ-ე ლ. ქ-ა, დ. და ზ. მ-ები, მ. შ-ა და ნ. ა-ა.

მოსარჩელეები წინააღდეგი არიან, რომ მოპასუხეებმა იცხოვრონ მათ კუთვნილ შენობაში.

საქმე განსახილველად დანიშნული იყო 2002წ. 1 ივლისისათვის. უწყება ჩაბარდა 2002წ. 26 ივლისს მოპასუხე ზ. რ-ეს, რომელსაც დაევალა, რომ სხდომის დღე ეცნობებინა რწმუნებულისთვის. უწყება შედგენილია სსკ-ის 72-ე მუხლით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად, კერძოდ, მუხლის “ზ" პუნქტის მოთხოვნის დარღვევით. უწყება არ შეიცავს მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე.

სსკ-ის 233-ე მუხლის “პირველი “ა" პუნქტის თანახმად სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა” დაუშვებელია თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საქმის მასალებიდან დადასტურებულია ის ფაქტი, რომ გამოუცხადებელი მხარე _ მოპასუხეები მოწვეული არ იყვნენ სასამართლოს სხდომაზე კანონით დადგენილი წესის დაცვით, რაც წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების უდავო საფუძველს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. მ-ას, ა. მ-ას, თ. შ-ს და სხვათა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.