Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №28I-24 თბილისი

ჩ. ი. ჩ., 28I-24 15 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ჩ. ჩ-ს – ადვოკატ დ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ი. ჩ. ჩ-ს მიმართ ჩატარებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები თ-ის რესპუბლიკაში:

· თ-ის რესპუბლიკის ა-ის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. ჩ. ჩ-ს მიმართ 2012 წლამდე გამოტანილი განაჩენებით შეფარდებული სასჯელები შეიკრიბა და განესაზღვრა 7 წლით, 30 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა;

· წინა განაჩენებით დამამძიმებელ გარემოებებში ჯანმრთელობის დაზიანებისათვის ნასამართლევი ი. ჩ. ჩ- სასჯელს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა 2014 წლის 20 აპრილიდან;

· თ-ის რესპუბლიკის ა-ის აღმასრულებელი სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. ჩ. ჩ- პირობით ვადამდე გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან;

· 2017 წლის 16 აგვისტოდან ი. ჩ. ჩ-მ დაარღვია პირობითი მსჯავრის პირობები და ა-ის აღმასრულებელი სასამართლოს 2017 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მის მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი გაუქმდა და დარჩენილი სასჯელის (25 დღე) მოხდა განესაზღვრა დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში;

· 2017 წლის 5 დეკემბერს თ-ის რესპუბლიკის ა-ის საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გასცა ი. ჩ. ჩ-ს დაკავების ბრძანება აღნიშნული სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით;

· თ-ის რესპუბლიკის ა-ის საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ი. ჩ. ჩ- ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, 58-ე და 62-ე მუხლებთან ერთობლიობით 86/1-3-ე და 87/1-დ მუხლებით (დამამძიმებელ გარემოებებში ჯანმრთელობის დაზიანება) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

· აღნიშნული განაჩენი თ-ის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მე-3 სისხლის სამართლის პალატის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა და გახდა საბოლოო;

· 2018 წლის 8 მარტს თ-ის რესპუბლიკის ა-ის საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გასცა ი. ჩ. ჩ-ს დაკავების ბრძანება აღნიშნული სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით;

· ექსტრადიციის თაობაზე თ-ის რესპუბლიკის ა-ის საქალაქო რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის შუამდგომლობისა და თ-ის რესპუბლიკის ა-ის სახელმწიფო მთავარი პროკურატურის მძიმე სასჯელთა აღსრულების ბიუროს მიერ მომზადებული 2018 წლის პირველი ნოემბრის საინფორმაციო ბარათის შესაბამისად, ი. ჩ. ჩ-ს ექსტრადიცია მოთხოვნილია თ-ის რესპუბლიკის ა-ის საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელისა (5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც უცვლელად დარჩა თ-ის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მე-3 სისხლის სამართლის პალატის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით) და თ-ის რესპუბლიკის ა-ის პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილის (25 დღით თავისუფლების აღკვეთა) მოხდის მიზნით, მსჯავრდებულის მიერ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების დანაშაულებთან დაკავშირებით;

· წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ი. ჩ. ჩ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელიდან უნდა აღსრულდეს 3 წლით, 9 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2. საქმის მასალების მიხედვით, ი. ჩ. ჩ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o თ-ის რესპუბლიკის ა-ის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებასთან მიმართებით: 2005 წლის 13 მაისს, თ-ის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ი. ჩ. ჩ-მ დაზარალებულს, პირადი უთანხმოების გამო, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება;

o თ-ის რესპუბლიკის ა-ის საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის განაჩენით (რომელიც უცვლელად დარჩა თ-ის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მე-3 სისხლის სამართლის პალატის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით) მსჯავრდებასთან მიმართებით: 2012 წლის 17 ნოემბერს, თ-ის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ი. ჩ. ჩ-მ დაზარალებულს, პირადი უთანხმოების გამო, დანით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანება.

3. ი. ჩ. ჩ-ს მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

§ 2018 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ი. ჩ. ჩ-ს ექსტრადიციის თაობაზე მიიღო თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები;

§ 2018 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ი. ჩ. ჩ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარადგინეს 2018 წლის 14 დეკემბერს;

§ 2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. ჩ. ჩ-;

§ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ი. ჩ. ჩ-ს შეეფარდა 3 თვით საექსტრადიციო პატიმრობა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 13 დეკემბრიდან;

§ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ი. ჩ. ჩ-ს ადვოკატის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე არ იქნა დაშვებული განსახილველად;

§ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 4 მარტის განჩინებით ი. ჩ. ჩ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2024 წლის 13 ივნისამდე;

§ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 11 ივნისის განჩინებით ი. ჩ. ჩ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე – 2024 წლის 13 სექტემბრამდე.

4. 2024 წლის 17 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა თ-ის რესპუბლიკის მოქალაქე ი. ჩ. ჩ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი თ-ის რესპუბლიკის მოქალაქე ი. ჩ. ჩ-ს, დაბადებულის 1977 წლის 10 ივლისს, თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ თ-ის რესპუბლიკის ა-ის საქალაქო რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის მიერ 2017 წლის 5 დეკემბერსა და 2018 წლის 8 მარტს გაცემულ ი. ჩ. ჩ-ს დაკავების ბრძანებებში მითითებული სასჯელების მოხდის მიზნით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ჩ. ჩ-ს ადვოკატმა – დ. ჯ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და თ-ის რესპუბლიკაში ი. ჩ. ჩ-ს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას შემდეგი საფუძვლებით: თ-ის რესპუბლიკამ ი. ჩ. ჩ-ს ექსტრადიცია მოითხოვა 2018 წელს, ხოლო ექვსი წლის შემდეგ გაურკვეველია, მეზობელი ქვეყანა ისევ ითხოვს თუ არა მის გადაცემას. ამასთან, თ-ის რესპუბლიკაში გაიცა ამნისტიები და ქვეყნის იუსტიციის მინისტრების ბრძანებებით შემცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელები. ადვოკატი ასევე უთითებს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება, ი. ჩ. ჩ-სთვის ბრალის წარდგენის თარიღი, რის გამოც, შეუძლებელია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა და, შესაბამისად, დაუშვებელია მისი ექსტრადიცია. გარდა ამისა, ადვოკატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში ურთიერთგამომრიცხავია ი. ჩ. ჩ-ს თ-ის რესპუბლიკაში დაკავების ბრძანების გაცემის თარიღი – განჩინებაში მითითებულია 2017 და 2018 წლები.

7. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი ნანიკო ზაზუნაშვილი ითხოვს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადვოკატ დ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დატოვოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის განჩინება, იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს ი. ჩ. ჩ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (Non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.

3. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ძებნილი ი. ჩ. ჩ-ს საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისა და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ი. ჩ. ჩ- არის თ-ის რესპუბლიკის მოქალაქე, იგი არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ითვლება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით თ-ის რესპუბლიკის მოქალაქე ი. ჩ. ჩ-ს უარი ეთქვა, როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, ხოლო აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა. ამავე დროს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ მიმდინარე სამართალწარმოება ვერ მიიჩნევა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელ გარემოებად.

5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადვოკატის მოსაზრებას, რომ შესაძლებელია თ-ის რესპუბლიკა აღარ ითხოვს ი. ჩ. ჩ-ს ექსტრადიციას და აღნიშნავს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის 2023 წლის 26 დეკემბრის წერილით თურქულ მხარეს ეცნობა ი. ჩ. ჩ-ს ექსტრადიციის მიზნით დაკავებისა და ექსტრადიციის საკითხის განხილვის შესახებ; ხოლო 2024 წლის 13 იანვარს, ინტერპოლის არხებით, თ-მა მხარემ დაადასტურა ი. ჩ. ჩ-ს ექსტრადიციის მოთხოვნა (იხ.: საექსტრადიციო წარმოება, გვ. 226-229; თარგმანი, გვ. 277-279)

6. რაც შეეხება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადვოკატის არგუმენტს, რომ, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება, ი. ჩ. ჩ-სთვის ბრალის წარდგენის თარიღი, შეუძლებელია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა და შესაბამისად დაუშვებელია მისი ექსტრადიცია, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია შესაბამისი სახელმწიფოს შუამდგომლობა მსჯავრდებულ ი. ჩ. ჩ-ს ექსტრადიციის შესახებ, ხოლო ექსტრადიციის შესახებ საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ექსტრადიციის დასაშვებობის გადაწყვეტისას, სასამართლო არ იხილავს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მსჯავრდების კანონიერებას. ამასთან, ი. ჩ. ჩ-ს მიმართ მიღებული განაჩენების აღსრულების ხანდაზმულობის ვადები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ არის გასული და შეჩერებულია, ხოლო თ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით – იწურება 2028 წელს.

7. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ადვოკატის მოსაზრებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში ურთიერთგამომრიცხავია ი. ჩ. ჩ-ს თ-ის რესპუბლიკაში დაკავების ბრძანების გაცემის თარიღი და აღნიშნავს, რომ თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისგან მიღებული შუამდგომლობისა და შესაბამისი დოკუმენტების მიხედვით, გაცემულია დაკავების ორი ბრძანება, კერძოდ: თ-ის რესპუბლიკის ა-ის საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ ი. ჩ. ჩ-ს დაკავების ბრძანება, ორ სხვადასხვა მსჯავრდებასთან დაკავშირებით, გასცა 2017 წლის 5 დეკემბერსა და 2018 წლის 8 მარტს.

8. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ი. ჩ. ჩ-ს ექსტრადიცია არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო ნორმებს. ამასთან, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც მის მიმართ თ-ის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ვარაუდს დაადასტურებდა. ამავე დროს, ვერც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ იქნა მოპოვებული თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ი. ჩ. ჩ-ს მიმართ სიცოცხლის ხელყოფის ან უფლებების სხვაგვარი, მათ შორის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულება.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას (ECtHR, №36378/02, შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), 12/04/2005, §352). უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (ECtHR, №46827/99, 46951/99, მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) 04/02/2005, §70).

10. ამავე დროს, საკასაციო პალატა ითვალისწინებს თ-ის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიებს, რომელთა თანახმად: თ-ის რესპუბლიკა წარმოადგენს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მონაწილე მხარეს; თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ი. ჩ. ჩ-ს უფლებები დაცული იქნება საერთაშორისო კონვენციებისა და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად; მას მიეცემა დაცვის ყველანაირი კანონიერი შესაძლებლობა. ამასთან, მისთვის წარდგენილი მსჯავრი არ არის პოლიტიკური ან სამხედრო ხასიათის.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ჩ. ჩ-ს – ადვოკატ დ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე