საქმე N 330802224009430696
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№29I-24 18 ივლისი, 2024 წელი
ე. ბ–, №29I-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. (E–n) ბ–ს (B–k) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჟ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 4 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე. ბ–ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: 2023 წლის 3 აგვისტოსა და 11 აგვისტოს თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის რაიონის მე-4 მაგისტრატი სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა ე. ბ–ს დაკავების ბრძანებები, რომელთა თანახმად ე. ბ–ი ბრალდებულია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „a“ ქვეპუნქტით (წინასწარი დაგეგმვით განზრახ მკვლელობა) და იმავე კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,c“ და ,,d“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით), რაც გამოიხატა შემდეგით:
ე. ბ–მა და მისმა თანამზრახველებმა განიზრახეს დაზარალებულის მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ე. ბ–ს მიერ გაცემული მითითების შესაბამისად, 2023 წლის 27 ივლისს ჯგუფის წევრებმა დაზარალებული მიიყვანეს ნაქირავებ ბინაში. ადგილზე მისვლის შემდგომ, ისინი თავს დაესხნენ დაზარალებულს, შეუკრეს ხელ-ფეხი და ორგანიზმში შეუყვანეს გარკვეული სითხე, რამაც დაზარალებულის გარდაცვალება გამოიწვია.
მკვლელობის შემდგომ ე. ბ–ი მივიდა დაზარალებულის მიერ ნაქირავებ სახლში იმ მიზნით, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა აღნიშნულ სახლში შენახულ ფულად თანხას, თუმცა, ვერ იპოვა ფულადი თანხა, რის გამოც ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის ბოლომდე მიყვანა.
1.2. 2023 წლის 16 ოქტომბრიდან ე. ბ–ი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. ე. ბ–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:
2.1. 2024 წლის 31 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ბ–ი.
2.2. 2024 წლის 2 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ე. ბ–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2.3. 2024 წლის 14 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი დაცვის მხარის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
2.4. 2024 წლის 16 თებერვალს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ე. ბ–ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
2.5. 2024 წლის 25 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ე. ბ–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2024 წლის 30 ივლისამდე.
2.6. 2024 წლის 5 ივნისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია ე. ბ–ს ექსტრადიციის თაობაზე.
2.7. ე. ბ–ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
2.8. 2024 წლის 10 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი ე. ბ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
2.9. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თემურ ცინდელიანმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - ე. ბ–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები - მ. ჟ–ი და ა. გ–ი არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას.
2.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 4 ივლისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის – თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ბ–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის რომლებიც აღწერილია ე. ბ–ს ექსტრადიციის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების 2023 წლის 4 სექტემბრის შუამდგომლობაში და 2024 წლის 22 აპრილს მომზადებულ საქმის შესწავლის ოქმში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „a“ ქვეპუნქტით (წინასწარ დაგეგმვით განზრახ მკვლელობა) და იმავე კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,c“ და ,,d“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით).
2.11. 2024 წლის 11 ივლისს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჟ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 4 ივლისის განჩინების გაუქმება.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. კასატორის პოზიციით, სასამართლოს გადაწყვეტილება ე. ბ–სის თ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ე. ბ–ი ეთნიკურად ქ–ა, არის თ–ში მოქმედი ქ–ი პარტია ....-ს მხარდამჭერი, ს–ში კონფლიქტის დროს, ქ–ი დასახლებების დასაცავად მებრძოლი ე. ბ–ს ბიძა – ჰ. ბ–ი დაიღუპა, რასაც თურქული სახელწმწიფო ვერ პატიობს მის ნათესავებს. ძმა ს. ბ–ს მიმართ 14.12.16 წელს ტერორიზმის ბრალდებით გაიცა დაპატიმრების ორდერი და ის უკანონოდ გასამართლდა. დაცვის მხარის განმარტებით, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოგზავნილი ყველა დოკუმენტი არათავსებადი, ურთიერთგამომრიცხავი და აბსურდულია, რასაც აქვს მხოლოდ ერთი ახსნა, რომ ე. ბ–ი იძებნება ე.წ. ტერორიზმის ბრალდებით, ეთნიკური და პოლიტიკური ნიშნით, რასაც ადასტურებს დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, სადაც აღნიშნულია: 20.01.2023 ბაქირქოის რესპუბლიკის პროკურატურის ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს N3713 საბრალდებო დასკვნით დადგინდა, რომ ეჭვმიტანილის სოციალურ ქსელ ........-ის ანგარიშზე გაკეთდა პოსტები, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს ტერორისტული ორგანიზაციების - ,,..........“-ის პროპაგანდის დანაშაულს. აღნიშნულთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს 2024 წლს 28 ივნისის პასუხში აღნიშნულია, რომ ე. ბ–ს მიმართ გაცემულმა ბრალის დადგენილებამ, რომელიც ტერორზმს უკავშირდებოდა, არსებითი (სასამართლო) განხილვის ეტაპამდე ვერ მიაღწია. დაცვის მხარის პოზიციით, აღნიშნული წარმოადგენს სიცრუეს, რადგან ბაქირქოის მე-7 უმაღლესი სისხლის სამართლის სასამართლოს 13.03.2024 წლის ოქმის თანახმად, სხდომა გადაიდო და შემდეგ თარიღად განისაზღვრა 2024 წლის 4 ოქტომბერი. შესაბამისად, ნათლად ჩანს, რომ თურქეთის რესპუბლიკის მიერ ე. ბ–სის ექსტრადიცია მოთხოვნილია ტერორიზმის მხარდაჭერის და ტერორიზმის პროპაგანდის ბრალდებით, სადაც ე. ბ–ი იდევნება ეთნიკური და პოლიტიკური ნიშნით. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც ე. ბ–ი არ უნდა იქნეს ექსტრადირებული თურქეთის რესპუბლიკაში.
4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:
4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ე. ბ–ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების უცვლელად დატოვება. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 ივლისის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინებით სასამართლოს მიერ შესწავლილ იქნა ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძვლები, ორმაგი დანაშაულებრიობის პრინციპი, ხანდაზმულობის ვადები, შეფასებულ იქნა ექსტრადიციის შემთხვევაში ე. ბ–ს უფლებების დარღვევის რისკები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით თურქეთის რესპუბლიკაში არსებული ზოგადი მდგომარეობა და უფლებების დაცვის გარანტიები. სასამართლომ, ასევე, შეამოწმა ე. ბ–სთან დაკავშირებული ინდივიდუალური გარემოებები და სხვა ყველა გარემოების გათვალისწინებით, დასაშვებად სცნო ე. ბ–ს თ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, კი არ არსებობს ე. ბ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ ე. ბ–ს თ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია, რომლის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კონვენციის დებულებებს უპირატესი ძალა აქვს კონვენციის მხარეებს შორის არსებულ სხვა ხელშეკრულებებთან მიმართებით.
3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი ე. ბ–ი 2024 წლის 31 იანვარს, საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ე. ბ–ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ე. ბ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.
6. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს.
7. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი (ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზება), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - უვადო თავისუფლების აღკვეთას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (ქურდობის მცდელობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთას.
8. ამდენად, მოცემულ საქმეში ე. ბ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედებების ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულებისათვის სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
9. გარდა ამისა, დაცულია ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის.
10. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.
11. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება ე. ბ–ს ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი და ამავე კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განსაკუთრებით მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულებია.
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა: ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან და ოცდაათი წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. როგორც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა ე. ბ–მა დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინა 2023 წლის 27 ივლისს. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები გასული არ არის. ასევე, თ–ს რესპუბლიკიდან მიღებული ინფორმაციით, არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით არის გასული ხანდაზმულობის ვადები. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე - მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
13. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადიციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ.“ ასევე, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
14. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.
15. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ ე. ბ–ი იდევნება მისი ეთნიკური კუთვნილების ან/და პოლიტიკური შეხედულებების გამო, ვინაიდან საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ იგი რაიმე ნიშნით იდევნება თ–ს რესპუბლიკაში ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ იგი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ეთნიკური კუთვნილების ან/და პოლიტიკური შეხედულებების გამო. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურამ ე. ბ–ს შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com), თუმცა ე. ბ–ს უფლებების დარღვევის ან/და დევნის მანიშნებელი რაიმე ინფორმაცია არ მოიძებნა. ინტერნეტის ღია წყაროებში ინფორმაციის მოძიება ერთ-ერთი მზარდად გამოყენებადი მეთოდია პირის მიმართ უცხო სახელმწიფოში დევნის დასადასტურებლად. როგორც წესი, დევნის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ავრცელებენ. ასევე გასათვალისწინებელია, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რაც მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიას ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ წარმოდგენილი საბრალდებო აქტი, რომელიც გაცემულია თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი პროკურატურის მიერ ასახავს ტერორისტულ დანაშაულთან დაკავშირებით ე. ბ–ს ბრალდების ფაქტს. ვინაიდან, ასეთი დანაშაულის თაობაზე ექსტრადიცია მოთხოვნილი არ ყოფილა. ამასთან, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საკითხის დაზუსტების მიზნით დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან და 2024 წლის 28 ივნისს მიღებული ინფორმაციის თანახმად დადგინდა, რომ ბაქირქოის მე-18 უმაღლესი სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ წარმოებულმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ მითითებულ წერილზე დართული დოკუმენტები ნამდვილია, თუმცა, ე. ბ–ს (თ–ი პირადი ნომერი: ...........) მიმართ გაცემულმა ბრალის დადგენილებამ, რომელიც ტერორიზმს უკავშირდებოდა, არსებითი (სასამართლო) განხილვის ეტაპამდე ვერ მიაღწია. გარდა ამისა, საელჩო ადასტურებს, რომ მითითებულ წერილში (დანართში) აღნიშნული შეზღუდვის გადაწყვეტილება გამოიცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 153-ე მუხლის შესაბამისად, ბაქირქოის მე-3 სისხლის სამართლის მაგისტრატი სასამართლოს განაჩენით (ნომ. 2023/4429, 2023 წლის 14 აგვისტო). 153-ე მუხლის თანახმად, დასაშვებია შეიზღუდოს საქმის შინაარსის შესწავლის ან ნიმუშების აღების უფლებამოსილება, თუ გამოძიების დროს გამოტანილია შეზღუდვის გადაწყვეტილება. თუმცა, აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნა 2024 წლის 9 მაისს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 153.4 მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, საელჩომ დაადასტურა, რომ ე. ბ–ს მიმართ, მიმდინარე საქმეში არ არსებობს აქტიური გამოძიების ან სისხლის სამართლის პროცესის ჩანაწერი ტერორისტულ ქმედებებთან დაკავშირებით ან რაიმე მასალა, რომელიც მიანიშნებდა ეჭვზე ტერორიზმის შესახებ და რომ ექსტრადიცია მოითხოვება მხოლოდ უკვე წარდგენილ საექსტრადიციო მასალებში მითითებული დანაშაულების გამო. თუ ექსტრადიციის შემდეგ საჭირო იქნება ძებნილისთვის დამატებითი ბრალის წაყენება, საელჩო ადასტურებს, რომ თურქეთის კომპეტენტური ორგანოები მოითხოვენ საქართველოს ხელისუფლების თანხმობას ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის შესაბამისად და იმოქმედებენ მხოლოდ თანხმობის საფუძველზე.
17. ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა გარანტია იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ე. ბ–ს უფლებები სრულად იქნება დაცული. საგულისხმოა, რომ გარანტიები არის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი და ამასთანავე არის საკმარისად კონკრეტული და არა ზოგადი/ბუნდოვანი. მათ შორის მოიცავს გარანტიას იმის თაობაზე, რომ დანაშაული არ არის პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობის. ამასთან, საერთაშორისო კონვენციების და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად დაცული იქნება ეჭვმიტანილი პირის უფლებები.
18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
19. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“
20. ე. ბ–ი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით. გარდა ამისა, იგი არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.
21. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.
22. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია წონადი არგუმენტები თურქეთის რესპუბლიკაში ე. ბ–ს მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია.
23. საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ ე. ბ–სის საქმის განხილვისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მას შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე.
24. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ე. ბ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
25. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
26. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჟ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 4 ივლისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. (E–n) ბ-ს (B–k) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჟ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 4 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე