3კ-1252-02 10 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: არასრულწლოვანი შვილისათვის დედის გვარის მიკუთვნება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ა.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის ზ. მ.-ისათვის თავისი გვარის – ა.-ის – მიკუთვნება. მოსარჩელის განმარტებით, იგი მოპასუხე კ. მ.-ესათან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 1990 წლიდან. 1991წ. აპრილში შეეძინათ შვილი ზ. მ.-ე; კ. მ.-ესთან განქორწინდა 1993წ. 8 თებერვალს. შემდეგ მან კვლავ შექმნა ოჯახი და შეეძინა მეორე შვილი ლ. ა.-ი. ამჟამად ატარებს მეუღლის გვარს; ვინაიდან მამა არავითარ მზრუნველობას არ იჩენს შვილის მიმართ, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნია არასრულწლოვანი შვილის გადაყვანა თავის გვარზე _ ა.-ზე.
სარჩელი განიხილა ონის რაიონულმა სასამართლომ, რომელმაც 2001წ. 25 მარტს, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც უარი უთხრა მას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ლ. ა.-ის წარმომადგენელმა კ. ლ.-მ საჩივარი შეიტანა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება.
ონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამავე სასამართლოს 2002წ. 25 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ლ. ა.-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა და მოითხოვა ონის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ისინი კანონის დარღვევითაა მიღებული;
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 ივლისის განჩინება (გადაწყვეტილება) და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ზ. მ.-ს შეეცვალა გვარი და მიეკუთვნა დედის გვარი – ა.-ი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ს 1196-ე მუხლის შესაბამისად მშობლის თხოვნის დაკმაყოფილება შვილისთვის თავისი გვარის მიკუთვნების შესახებ შეიძლება მაშინაც, როცა განქორწინების შემდეგ მან შეიცვალა გვარი ხელახალ ქორწინებასთან დაკავშირებით; აღნიშნულზე არ არის სავალდებულო მამის, კ. მ.-ის, თანხმობა. გვარის შეცვლაზე თანახმაა თვით ზ. მ.-ე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს კ. მ.-ის წარმომადგენლებმა: გ. და ბ. გ.-ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ აპელანტს ჰქონდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 ივლისის განჩინება წარმოადგენს გადაწყვეტილებას, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოს არასწორად განმარტა სკ-ს 1196-ე მუხლი. აღნიშნული ნორმის მიხედვით შვილის გვარის შეცვლის აუცილებელი პირობაა ქორწინების შეწყვეტა და ბათილობა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
მართალია, ზ. მ.-მ თანხმობა განაცხადა გვარის შეცვლაზე, მაგრამ სასამართლომ არ იმსჯელა იმის თაობაზე, შეესაბამებოდა თუ არა გვარის შეცვლა მის ინტერესებს, რაც ასევე კანონით გათვალისწინებული აუცილებელი პირობაა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა იზიარებს კასატორის მოტივს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სააპელაციო საჩივარში აპელანტი ითხოვდა ონის რაიონულ სასამართლოს 2002წ. 16 ივლისის განჩინებისა და 2001წ. 5 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა მხოლოდ გასაჩივრებული განჩინება, არ იმსჯელა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, რითაც ფაქტობრივად ძალაში დატოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შესავალში სასამართლო მიუთითებს იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რის გამოც მიიჩნია უკანონოდ 2001წ. 16 ივლისის განჩინება, მაგრამ არ იმსჯელა მითითებულ დარღვევებზე და არ გაარკვია საპატიო მიზეზი იყო თუ არა მოსარჩელის გამოუცხადებლობა, ასევე არ გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 187-ე, 188-190-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, განჩინების მიღების გარეშე უარი უთხრა მოწინააღმდეგე მხარეს შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში კი იმსჯელა მასზე. პალატა თვლის, რომ აღნიშნული სსკ-ს 393-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევას წარმოადგენს, რაც ასევე გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქმის ხელახალ განმხილველმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებაზე, კერძოდ, იყო თუ არა მოსარჩელე მხარე გაფრთხილებული სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. განჩინებით გადაწყვიტოს შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღების ან მასზე უარის თქმის საკითხი.Aასევე, სკ-ს 1196-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა გვარის შეცვლა არასრულწლოვანი შვილის ინტერესებს მისი თანხმობის გათვალისწინებით და ისე მიიღოს სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კ. მ.-ის წარმომადგენლების გ. და ბ. გ.-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.