საქმე N 020142224701765901
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №27აგ-24 15 ივლისი, 2024 წელი
გ–ე გ., №27აგ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ–ს საკასაციო საჩივარი, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით, გ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით. გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. კ–ს ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ–ს ეპიზოდი – მუქარა მობილური ტელეფონით) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ–ს ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, გ. გ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით.
1.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
გ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით;
გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. კ–ს ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ–ს ეპიზოდი – მუქარა მობილური ტელეფონით) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ–ს ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, გ. გ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
1.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
1.4. 2024 წლის 17 ივნისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა გ. გ–მ და ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 05 თებერვლის განაჩენების ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა.
1.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით, გ. გ–ს შუამდგომლობა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
1.6. მსჯავრდებულმა გ. გ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება.
1.7. კასატორის პოზიციით, სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა, რომ არ არსებობდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, რადგან მისთვის საქმის არსებითად განხილვის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მისი მსჯავდების საფუძველი იყო ხიშტი-დანა, რომელსაც იგი თითქოს ატარებდა მისი დაკავების დროს. სისხლის სამართლის საქმეში კი, არასწორადაა მითითებული, რომ თითქოს ის ადმინისტარციული წესით დააკავეს ქუჩაში, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა დანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
2.1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ შუამდგომლობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დაყენებული ან დაუსაბუთებელია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებლად ცნობს მას.
2.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
2.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას და ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული ფაქტებით არ დასტურდება რომელიმე ახალი გარემოების არსებობა, რაც საფუძვლად დაედებოდა განაჩენის გადასინჯვას.
2.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლოსთვის მიმართვის დროს, შუამდგომლობის ავტორი ვალდებულია დაუსაბუთოს სასამართლოს, რომ წარდგენილი მტკიცებულებები არის ახალი და ამასთან, გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო მისთვის ცნობილი.
2.7. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და საჩივარზე დართული სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალის (დოკუმენტის) ასლები არ არის ახალი და ისინი ცნობილი იყო გ. გ–ს მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმის განმხილველი ყველა ინსტანციის სასამართლოსათვის.
2.8. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე