საქმე # 330100123006828668
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №428აპ-24 თბილისი
ისაევი ტახირ, 428აპ-24 1 აგვისტო, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ტახირ ისაევის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რამაზ კვირკვიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ტახირ ისაევს ბრალი წარედგინა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; 3 ეპიზოდი); სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის).
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით ტახირ ისაევი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან 5 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი – ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 15000 ლარი.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე, ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი.
· ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე, 2022 წლის 3 ნოემბერს თბილისში, სოფელ ფონიჭალაში, ტახირ ისაევმა, 250 ლარის სანაცვლოდ, იოსებ ალიევზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,03 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაც 2022 წლის 3 ნოემბერს იოსებ ალიევისაგან ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
· ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე, 2022 წლის 4 ნოემბერს თბილისში, სოფელ ფონიჭალაში, გუმისთის ქუჩაზე, ტახირ ისაევმა, 300 ლარის სანაცვლოდ, იოსებ ალიევზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,09 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაც 2022 წლის 4 ნოემბერს ამოიღეს იოსებ ალიევისაგან შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
· ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე, 2022 წლის 7 ნოემბერს თბილისში, სოფელ ფონიჭალაში, გუმისთის ქუჩაზე, ტახირ ისაევმა, 300 ლარის სანაცვლოდ, იოსებ ალიევზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,108 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაც 2022 წლის 7 ნოემბერს ამოიღეს იოსებ ალიევისაგან შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
· ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე ტახირ ისაევმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ჯამურად – 0,1024 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და 0,4 მლ სითხე, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (a-PVP). ტახირ ისაევი ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებიდან: 0,0588 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ 2022 წლის 20 დეკემბერს თბილისში, სოფელ ფონიჭალაში, გუმისთის №1 ჩიხის №1-ში არსებულ თავის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა პირადად, ხოლო 0,0436 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ და ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (a-PVP) შემცველ 0,4 მლ სითხეს 2022 წლის 20 დეკემბერს ასევე უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში (მდებარე: თბილისში, სოფელ ფონიჭალაში, გუმისთის №1 ჩიხის №1). მითითებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2022 წლის 20 დეკემბერს ტახირ ისაევის პირადი და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 აგვისტოს განაჩენით ტახირ ისაევი, დაბადებული 1984 წელს, ნასამართლევი, ცნობილ იქნა უდანაშაულო და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 3 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 4 ნოემბრის, 7 ნოემბრისა და 20 დეკემბრის ეპიზოდები) – 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 4 ნოემბრისა და 7 ნოემბრის ეპიზოდები) – 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 7 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და ტახირ ისაევს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2022 წლით 20 დეკემბრიდან. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით ტახირ ისაევი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან 5 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი – ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 15000 ლარი.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე, ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი.
· ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე, 2022 წლის 4 ნოემბერს თბილისში, სოფელ ფონიჭალაში, გუმისთის ქუჩაზე, ტახირ ისაევმა, 300 ლარის სანაცვლოდ, იოსებ ალიევზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,09 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაც 2022 წლის 4 ნოემბერს იოსებ ალიევისაგან ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
· ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე, 2022 წლის 7 ნოემბერს თბილისში, სოფელ ფონიჭალაში, გუმისთის ქუჩაზე, ტახირ ისაევმა, 300 ლარის სანაცვლოდ, იოსებ ალიევზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,108 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაც 2022 წლის 7 ნოემბერს იოსებ ალიევისაგან ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
· ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე ტახირ ისაევმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ჯამურად – 0,1024 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და 0,4 მლ სითხე, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (a-PVP). ტახირ ისაევი ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებიდან: 0,0588 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ 2022 წლის 20 დეკემბერს თბილისში, სოფელ ფონიჭალაში, გუმისთის №1 ჩიხის №1-ში არსებულ თავის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა პირადად, ხოლო 0,0436 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ და ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (a-PVP) შემცველ 0,4 მლ სითხეს 2022 წლის 20 დეკემბერს ასევე უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში (მდებარე: თბილისში, სოფელ ფონიჭალაში, გუმისთის №1 ჩიხის №1). მითითებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2022 წლის 20 დეკემბერს ტახირ ისაევის პირადი და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
6. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი რამაზ კვირკვია საკასაციო საჩივრით ითხოვს ტახირ ისაევის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 4 ნოემბრისა და 7 ნოემბრის ეპიზოდებში) გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული განაჩენის შესახებ წარმოდგენილ მოტივებსა და დასაბუთებას ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების 2022 წლის 4 და 7 ნოემბრის ეპიზოდებშიც ტახირ ისაევის გამართლების თაობაზე უსაფუძვლობის გამო. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, მათ შორის – მოწმეების: იოსებ ალიევის, ქეთევან ცუცქირიძის, მაია დანელიასა და სხვათა ჩვენებები, საცხოვრებელი სახლისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, ამოღების ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენი და 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება, ქიმიური, ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზების დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მასალები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ტახირ ისაევის მიერ იოსებ ალიევზე არაერთგზის უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ასევე უკანონო გასაღება იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (2022 წლის 4 და 7 ნოემბრის ეპიზოდები).
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ტახირ ისაევის მიმართ 2022 წლის 4 ნოემბრისა და 7 ნოემბრის ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ ტახირ ისაევის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებებში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ ვლინდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე წინაპირობა. დაცვის მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა ანალოგიურ (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, გასაჩივრებულ განაჩენში კი მხარის ყველა არგუმენტს დეტალურად და ამომწურავად უპასუხა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის გამეორება მიზანშეუწონლად მიაჩნია. გარდა ამისა, მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები: №599აპ-21, №807აპ-22, №215აპ-19, №1164აპ-23), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და დაცვის მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.
12. დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ იოსებ ალიევი არის აგენტ-პროვოკატორი, რომელმაც მსჯავრდებულს მოუწყო დანაშაულის პროვოკაცია, საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატა ამ საკითხზე განაჩენში დეტალურად მსჯელობს, კერძოდ: საქმის მასალებით გამოკვეთილია, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ხელი არ შეუწყვიათ დანაშაულის ჩადენაში, ისინი შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის პასიური გამოძიებით და ამ გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოძიებით, ვინაიდან ცალსახად დადასტურებულია ის ფაქტი, რომ იოსებ ალიევმა მას შემდეგ მიმართა კომპეტენტურ ორგანოებს და ნებაყოფლობით გამოთქვა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი, როდესაც დარწმუნდა, რომ ტახირ ისაევი ჩართული იყო ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში. არსებული გარემოებები ცხადყოფს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება სამართალდამცავი ორგანოს მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის ინიციირება, რაც, ცხადია, საფუძველს აცლის დანაშაულის პროვოკაციის შესახებ დაცვის მხარის არგუმენტს.
13. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე აღიარა სპეციალური საგამოძიებო მეთოდების საჭიროება, განსაკუთრებით ნარკოტიკულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში. ამგვარი ღონისძიებების, მათ შორის, ფარული აგენტებისა თუ საკონტროლო შესყიდვების, გამოყენება per se არ არღვევს უფლებას სამართლიან სასამართლოზე. გარკვეული წინაპირობებით, სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ, მიმართონ განსაკუთრებულ საგამოძიებო მოქმედებებს ისე, რომ აღნიშნული არ გულისხმობდეს ან იწვევდეს დანაშაულის წაქეზებასა თუ პროვოცირებას (იხ.: Veselov and Others v. Russia, №23200/10, 24009/07 და 556/10, 02.10.2012, §89; Lüdi v. Switzerland, №12433/86, 15.06.1992).
14. ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფარული აგენტის გამოყენება საგამოძიებო პროცესში თავისთავად არ ხელყოფს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში დადგენილ გარანტიას (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა როლი ჰქონდა ფარულ თანამშრომელს. საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა/კონფიდენტებმა არ უნდა განახორციელონ პირებზე იმგვარი გავლენა, რომ შემდგომი პასუხისმგებლობის მიზნით, წააქეზონ მათ მიერ დანაშაულის ჩადენა. კონვენცია ირღვევა, როდესაც აგენტები უბიძგებენ პირს დანაშაულის ჩადენისკენ და სახეზე არ არის არგუმენტი, რომ მოცემული დანაშაული მათი მონაწილეობის გარეშეც იქნებოდა ჩადენილი (იხ. Malininas v. Lithuania, №10071/04, 01.07.2008). ფარულ თანამშრომელთა მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში უნდა განხორციელდეს მხოლოდ პასიურად და მათ არ უნდა ჰქონდეთ როლი ბრალდებულთა განზრახვის ფორმირების პროცესში (იხ. Ramanauskas v. Lithuania, №74420/01, 5.02.2008). თუ ფარული აგენტი აქტიურად არის ჩართული და არსებითად უღვივებს პირს დანაშაულის ჩადენის სურვილს, სახეზეა დანაშაულის პროვოკაცია, ხოლო როცა მიმდინარე/დაწყებული დანაშაულებრივი ქმედების ფარგლებში ხდება ფარული თანამშრომლის ჩართვა, ეს ითვლება პასიურ მოქმედებად და, შესაბამისად, მისი ქმედება არ არის მაპროვოცირებელი.
15. განაჩენის გასაუქმებლად კასატორის ერთ-ერთი მოტივი იყო სათათბიროდ გასული პალატის შემადგენლობის სათათბირო ოთახიდან სასამართლო სხდომის დარბაზში სწრაფად დაბრუნება. საქართველოს სსსკ-ის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, გადაწყვეტილება მიიღოს ადგილზე თათბირით. შესაბამისად, მითითებული არგუმენტის საფუძველზე განაჩენის გაუქმების მოთხოვნა უსაფუძვლოა.
16. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას კასატორი. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
17. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ტახირ ისაევის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რამაზ კვირკვიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი