Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№479აპ-24 თბილისი

ს-ი დ., 479აპ-24 8 აგვისტო, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით დ. ს-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 1902.36 ლარი – და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 23 იანვრიდან; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 1902.36 ლარი.

2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ დ. ს-მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· შპს “ა---ის“ დირექტორ რ. ს-ს აღნიშნული კომპანიის კუთვნილი სასტუმროს შენობისათვის ესაჭიროებოდა ელექტროგენერატორი, რომლის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა შპს “ე-ის“ დირექტორთან – დ. ს-თან. 2021 წლის 24 მაისს დ. ს-მა რ. ს-ს ელექტრონულ ფოსტაზე შუამავლის მეშვეობით გადაუგზავნა ელექტროგენერატორის ინვოისი. რ. ს-ი დაინტერესდა ელექტროგენერატორით, რის გამოც, იმავე დღეს ტელეფონით დაუკავშირდა დ. ს-ს. სატელეფონო საუბრისას ისინი შეთანხმდნენ, რომ რ. ს-ი თავისი სასტუმროსთვის შეიძენდა ინვოისში მითითებულ გენერატორს. მოლაპარაკების შესაბამისად, დ. ს-მა 2021 წლის 27 მაისს რ. ს-ს ელექტრონულ ფოსტაზე გადაუგზავნა გენერატორის შესყიდვის ხელშეკრულების პროექტი. შეთანხმების თანახმად, დ. ს-ს, თავისი კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან 4-5 კვირაში თურქეთიდან საქართველოში უნდა შემოეტანა და დაემონტაჟებინა AJ-S 640 მოდელის გენერატორი. გენერატორის შესყიდვის მიზნით 2021 წლის 28 მაისს თ-ში,----ში მდებარე სასტუმროდან კომპანია “ა---ის“ ბუღალტერმა ნინო ნემსაძემ შპს “ე-ის“ საბანკო ანგარიშზე დ. ს-ს ჩაურიცხა თანხა – 167 104.26 ლარი.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევმა დ. ს-მა არ შეასრულა პირობა, რ. ს-ს არ გადასცა შეძენილი ნივთი და აღნიშნული გენერატორი მიჰყიდა შპს „ა--ს“, ხოლო კომპანიის კუთვნილი თანხა – 167 104.26 ლარი – მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც შპს “ა---ს“ მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა დ. ჩ-ემ. მან მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და დ. ს-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №52აპ-13, №332აპ-17, №1100აპ-22).

7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დ. ს-ის უდანაშაულობის შესახებ, რადგან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად დასტურდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე – სუბიექტური ნიშნების არსებობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცებულებებით, რომლებიც ბრალდებას დაედო საფუძვლად (მათ შორის: დაზარალებულ რ. ს-ის, მოწმეების: ირაკლი ხორბალაძის, ნინო ნემსაძის, ალექსანდრე მახარეიშვილის, გიორგი შარაშენიძისა და სხვათა ჩვენებებით, 2021 წლის 27 მაისის №E/27-2021 ხელშეკრულებითა და მისი დანართით, საჯარო რეესტრის ამონაწერებით, სს „ხალიკ ბანკის“ №205780 საგადასახადო დავალებით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, 2022 წლის 29 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ დ. ს-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების – თაღლითობის ჩადენა.

8. ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ ზემომითითებული ვალდებულების აღებისას დ. ს-ს წინასწარ ჰქონდა განზრახული სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება და მიზნის მისაღწევად მოქმედებდა სპეციალური ხერხის – მოტყუების გამოყენებით. დ. ს-ს შპს “ა---ის“ მიმართ ნამდვილად აქვს გარკვეული ფინანსური ვალდებულებები; გენერატორის შეძენისა და დამონტაჟებისათვის 2021 წლის 28 მაისს მას შპს “ა---ის“ ანგარიშიდან ნამდვილად ჩაერიცხა 167 104.26 ლარი; რეალურად, დ. ს-ს გენერატორი არ მიუტანია შემძენი კომპანიისათვის და/ან მათ მიერ ჩარიცხული თანხა დაუბრუნებია უკან, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის 29 აპრილს შპს “ა---ისათვის“ შეძენილი დიზელგენერატორი 27 000 აშშ დოლარად მიჰყიდა შპს „ა--ს“. დ. სამადაშვილს თანხის ჩარიცხვიდან 4-5 კვირაში უნდა მიეწოდებინა გენერატორი. რეალურად, მას ბევრად მეტი დრო მისცეს, თვეების განმავლობაში ელოდნენ მისგან გენერატორის მიღებას, დ. ს-მა კი არ შეასრულა პირობა და, მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, შემძენ კომპანიას არც შესყიდული ნივთი და არც თანხა დაუბრუნა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მას შემდეგ, რაც შპს “ა---ისგან“ ჩაერიცხა გენერატორის შესაძენი თანხა, დ. ს-ი აღარ მივიდა დაზარალებულ კომპანიაში შესწორებულ ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად და დღგ-ს ანგარიშფაქტურის გამოსაწერად. ამასთან, დაზარალებული კომპანიისათვის გაგზავნილ ინვოისში მიუთითა და, შესაბამისად, მისგან მიიღო იმაზე ბევრად მეტი თანხა, ვიდრე შემდეგში შპს „ა--მა“ გადაუხადა. ყოველივე კი ცალსახად მოწმობს, რომ შპს “ა---თან“ მოლაპარაკებების წარმოებისას დ. ს-ის მთავარი მიზანი დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღება იყო. სწორედ ამიტომ წარსულში საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევმა დ. ს-მა თავისი დანაშაულებრივი განზრახვა შენიღბა ნასყიდობის ზეპირსიტყვიერი ხელშეკრულების დადებით და, თითქოსდა გენერატორის შესაძენად, დიდი ოდენობით ფულადი თანხა მოტყუებით მიიღო დაზარალებული კომპანიისაგან, რომელსაც არც შეძენილი ნივთი გადასცა და აღარც ჩარიცხული თანხა დაუბრუნა (მიუხედავად ნივთის სხვა კომპანიაზე გასხვისებისა), რითაც მას დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა. სწორედ ამიტომ მსჯავრდებულის ქმედება ვერ მიიჩნევა მხოლოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობის წარმოშობის წინაპირობად. ამასთან, შესაძლო სამოქალაქოსამართლებრივი შედეგები არ გამორიცხავს თაღლითობის შემადგენლობის ნიშნების არსებობისას სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი სახის დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. მტკიცებულებებს შორის რაიმე მნიშვნელოვანი და არსებითი სახის წინააღმდეგობები არ გამოვლენილა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დ. ს-ის ქმედება სამართლებრივად სწორად შეფასდა და მისი მსჯავრდება ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში არის კანონიერი.

10. კასატორი საჩივარში ყურადღებას ამახვილებს დ. ს-ის დაკავების კანონიერებაზე. საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დ. ს-ი დააკავეს 2023 წლის 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 იანვრის განჩინების საფუძველზე, იმავე დღეს ადვოკატ დ. ჩ-ის თანდასწრებით გადაეცა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. დ. სამადაშვილის დაკავებისას დაცული იყო საქართველოს სსსკ-ის 170-175-ე მუხლების მოთხოვნები, მას განემარტა, თუ რაში ედებოდა ბრალი, ასევე – უფლებები და გადაეცა დაკავების ოქმის ასლი, რომელზეც მისივე მინაწერია, რომ გაეცნო ოქმს და გადაეცა ასლი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დ. ს-ის უფლებებში ჩარევა სასამართლოს კონტროლქვეშ მოექცა, დაკავების დროს პირის კანონიერი ინტერესები არ შელახულა, არ დარღვეულა საქართველოს სსსკ-ის 174-ე მუხლით გათვალისწინებული დაკავების წესი და, იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათში გადაეცა ბრალდების შესახებ დადგენილება.

11. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე –სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და, ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რაც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს. სააპელაციო სასამართლომ დ. ს-ის ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედების ჩადენის საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. ფაფიაშვილი