გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1256-01 1 მაისი, 2002 წელი., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, მ. ახალაძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
კ. ჩ-იანმა 1999 წლის 24 დეკემბერს იყიდა გ. მ-ხის კუთვნილი ბინა, მდებარე ... ქ.თბილისში. მან ბინის გამყიდველს გადაუხადა 6400 აშშ დოლარი. იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად გ. მ-ხმა ნებაყოფლობით არ გაათავისუფლა საცხოვრებელი ბინა და არც მის საფასურს _ 6400 აშშ დოლარს აბრუნებდა, კ. ჩ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე გ. მ-ხის მიმართ და მოითხოვა სადავო ბინიდან მისი გამოსახლება.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით კ. ჩ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა სადავო ბინიდან გამოსახლება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ხმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცვალა შემდეგნაირად: “სასამართლოს გადაწყვეტილება გ. მ-ხის ბინიდან გამოსახლების ნაწილში დარჩეს უცვლელი, ამასთან, გ. მ-ხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო”.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1999 წლის 24 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და სადავო ბინის მესაკუთრეს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის საფუძველზე, წარმოადგენდა მოსარჩელე კ. ჩ-იანი. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ არ არსებობდა აღნიშნული ხელშეკრულების სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით გათვალისწინებული ბათილობის საფუძვლები, მაგრამ ამასთან მიიჩნია, რომ მოპასუხე გ. მ-ხის მოთხოვნა ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ წარმოადგენდა იმ სახის განაცხადს, რომელზედაც რაიონულ სასამართლოს თავისი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში უნდა ემსჯელა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ხმა. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ უკანონოდ უთხრა უარი იმ მოწმეების დაკითხვაზე, რომლებიც დაადასტურებდნენ სესხის ხელშეკრულების არსებობას. ასევე, დაუსაბუთებლად დააკისრა სახელმწიფო ბაჟი 330 ლარის ოდენობით; მას სასამართლოში არ წარუდგენია შეგებებული სარჩელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. მ-ხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გ. მ-ხის საკუთრებას წარმოადგენდა ქ.თბილისში, ... მდებარე ბინა. 1999 წლის 24 დეკემბერს გ. მ-ხმა თავისი კუთვნილი ბინა მიჰყიდა კ. ჩ-იანს. მხარეთა შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დადასტურდა სანოტარო წესით და რეგისტრირებულ იქნა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში. ვინაიდან გ. მ-ხმა უარი განაცხადა გაყიდული ბინის გათავისუფლებაზე, ბინის ახალმა მესაკუთრემ, კ. ჩ-იანმა, სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე გ. მ-ხის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება კუთვნილი ბინიდან.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გ. მ-ხის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ კ. ჩ-იანთან გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცური გარიგებაა და იგი გააფორმა თავისი შვილის, ი. მ-ხის, სესხის უზრუნველსაყოფად. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გ. მ-ხს შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს კ. ჩ-იანის მიმართ 1999 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. გ. მ-ხი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მას ასეთი დამოუკიდებელი მოთხოვნა არ დაუყენებია; ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ გ. მ-ხმა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს გ. მ-ხის შეგებებული სარჩელის უსაფუძვლობის გამო დაუკმაყოფილებლობის ნაწილში შეგებებული სარჩელის არარსებობის გამო.
გ. მ-ხსა და კ. ჩ-იანს შორის სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რომლის თანახმად ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ კ. ჩ-იანს, როგორც სადავო ბინის მესაკუთრეს, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შეუძლია მფლობელს _ მ. მ-ხს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. საქმის მასალებით კი დადასტურებულია, რომ გ. მ-ხს ბინის ფლობის უფლება არ გააჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. მ-ხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს გ. მ-ხის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.