საქმე # 330802224009731140
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№32I-24 ქ. თბილისი
თ-ი ქ. 32I-24 6 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ქ. თ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. მ-სა და მ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 1 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ. თ-ს მიმართ ს-ში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:
2023 წლის 9 ოქტომბერსა და 2024 წლის 8 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ქ. თ-ს ექსტრადიციის თაობაზე თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები;
2023 წლის 12 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ს-ს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ქ. თ-ი;
2023 წლის 13 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით, ქ. თ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით;
2023 წლის 1 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით ქ. თ-ს მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2024 წლის 12 ივნისამდე;
2024 წლის 7 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ქ. თ-სა და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების თაობაზე;
2024 წლის 6 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ქ. თ-ის ექსტრადიციასთან დაკავშირებით;
2024 წლის 9 ივლისსა და 2024 წლის 18 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან მიიღო დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები ქ. თ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით;
2. ქ. თ-ს მიმართ თ-ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2005 წლის 20 სექტემბერს ადანას მე-4 მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის სასამართლოს №2004/314-2005/223 განაჩენით ქ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №765 სისხლის სამართლის კოდექსის 448-ე და 191/2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების (განზრახ მკვლელობა და მუქარა) ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 24 წლითა და 6 თვით;
2006 წლის 15 მაისს ადანას მე-10 სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს №2005/1244-2006/439 განაჩენით ქ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №765 სისხლის სამართლის კოდექსის 456/2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჯანმრთელობის დაზიანება) ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით;
2010 წლის 21 მაისს ადანას მე-4 მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის სასამართლოს №2010/371 გადაწყვეტილებით ქ. თ-ს მიმართ ზემოაღნიშნული განაჩენებით განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბა და განისაზღვრა ჯამში 26 წლითა და 14 თვით;
2004 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 14 ივნისამდე პერიოდში ქ. თ-ი მოთავსებული იყო შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში და იხდიდა ზემოაღნიშნული განაჩენებით განსაზღვრულ სასჯელს. 2015 წლის 14 ივნისს იგი პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან, თუმცა პირობითი მსჯავრის ქვეშ ახალი დანაშაულის ჩადენის გამო, თურქეთის რესპუბლიკის ადანას მე-4 მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის სასამართლოს 2020 წლის 20 აპრილის №2004/314-2005/223 გადაწყვეტილებით ქ. თ-ის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრი გაუქმდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 12 თვით. მითითებულმა გადაწყვეტილებამ საბოლოო სახე მიიღო 2023 წლის 8 სექტემბერს;
2023 წლის 11 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის ადანას მთავარი საჯარო პროკურატურის მიერ გამოცემულია ქ. თ-ის დაკავების ბრძანება #2008/1-122, 2020 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით;
2017 წლის 9 მაისს ადანას მე-14 სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს №2016/296-2017/426 განაჩენით, ქ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 116/4, 119/1-(გ), 29,62/1, 53/1-2-3, 58/6 და 63-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობის დარღვევა) და იმავე კოდექსის 29, 62/1, 53/1-2-3, 58/6, 63/1 და 106/2-ა-გ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის (მუქარა იარაღით, ჩადენილი ორ ან მეტ პირთან ერთად) ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით და 1 წლითა და 3 თვით;
2018 წლის 18 ოქტომბერს ადანას მე-17 სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს #2018/302-2018/712 განაჩენით ქ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86/1, 87/3 და 62/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის (ჯანმრთელობის დაზიანება) ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 15 დღით;
ზემოაღნიშნულმა განაჩენებმა საბოლოო სახე მიიღეს, შესაბამისად, 2018 წლის 11 აპრილსა და 2018 წლის 14 ნოემბერს;
2023 წლის 16 აგვისტოს ადანას მე-2 აღმასრულებელი სასამართლოს #2023/5055-2023/4965 გადაწყვეტილებით ქ. თ-ს მიმართ 2017 წლის 9 მაისისა და 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენებით განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბა და განისაზღვრა ჯამში 3 წლით, 6 თვითა და 15 დღით. ამასთან, 2 წლის, 2 თვისა და 5 დღის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარების შემდგომ, ქ. თ-ი მოიპოვებს პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების უფლებას;
2023 წლის 21 აგვისტოს თურქეთის რესპუბლიკის ადანას მთავარმა საჯარო პროკურატურამ გამოსცა ქ. თ-ს დაკავების ბრძანება №2018/2-9994-9995-25110 2023 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით.
3. ფაქტები:
2003 წლის 19 სექტემბერს, თ-ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქ. თ-მა თავის ძმასთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა თ.
ამასთან, ისინი დაემუქრნენ შემთხვევის ადგილზე მყოფ ა-ს. აგრეთვე, 2003 წლის 25 მაისს, თ-ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქ. თ-მა ბასრი საგნის გამოყენებით, სახის არეში დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, რამაც გამოიწვია წარუშლელი ნაიარევი.
გარდა აღნიშნულისა, 2015 წლის 17 თებერვალს, თ-ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე, ქ. თ-მა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რომელიც მარტივი სამედიცინო ჩარევის გზით არ ინკურნება.
ასევე, 2016 წლის 20 იანვარს, თ-ის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქ. თ-ი თანამონაწილეებთან ერთად უკანონოდ შეიჭრა დაზარალებულის კერძო საკუთრებაში (საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე) და იმუქრებოდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.
4. 2024 წლის 29 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა, თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ქ. თ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 1 აგვისტოს განჩინებით:
საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;
დასაშვებად იქნა ცნობილი ქ. თ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის ადანას მთავარი საჯარო პროკურატურის მიერ გაცმეულ ქ. თ-ს 2023 წლის 11 სექტემბრის №2008/1-122 დაკავების ბრძანებაში მითითებული სასჯელის მოხდის მიზნით;
დასაშვებად იქნა ცნობილი ქ. თ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის ადანას მთავარი საჯარო პროკურატურის მიერ გაცემულ ქ. თ-ს 2023 წლის 21 აგვისტოს №2018/2-9994-9995-25110 დაკავების ბრძანებაში მითითებული სასჯელის მოხდის მიზნით;
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ქ. თ-ის – ინტერესების დამცველი ადვოკატები საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 1 აგვისტოს განჩინების გაუქმებასა და ექსტრადიციის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.
6.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, თ-დან მიღებული გარანტიები ზოგადი ხასიათისაა. ორ სისხლის სამართლის საქმეზე ნამდვილად მიღებულია ხელახალი განხილვის შესახებ გარანტია, თუმცა, ერთ-ერთ, 2018/302, საქმეზე თ-ს მხრიდან შესაბამისი გარანტია მიღებული არ არის. ქ. თ-ი ეროვნებით ქურთია და იგი თ-ს რესპუბლიკაში იდევნება პოლიტიკური ნიშნით. მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი მუდმივად ცხოვრობენ ს-ში. ქ. თ-ი თ-ს რესპუბლიკაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას, არაერთხელ დაექვემდებარა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.
7. ადვოკატების საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა, ნანიკო ზაზუნაშვილმა, წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა ქ. თ-ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 1 აგვისტოს განჩინების უცვლელად დატოვება.
7.1. პოზიციის ავტორი აღნიშნავს, რომ ქ. თ-ის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან მიმართებით (ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხის ხანდაზმულობის გათვალისწინებით), დასკვნის სანდოობის ხარისხი ძალზედ დაბალია. დადასტურებულ ფაქტადაც რომ მივიჩნიოთ საქმისათვის რელევანტურ პერიოდში ქ. თ-ს სხეულის დაზიანება, მოცემული არ მიუთითებს და მითუმეტეს, არ ადასტურებს მათი თ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების უკანონო ქმედებების შედეგად მიღებას. რაც შეეხება, ქ. თ-ის დევნის საფრთხეს, პირის აქტიური პოლიტიკური აქტივობა არ წარმოადგენს ცალსახა ინდიკატორს მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნის დადგენის მიზნებისათვის. მითუფრო იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ქ. თ-ს საქმის ფარგლებში, თ-მა მხარემ მის მიმართ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შეღავათები გამოიყენა. ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თ-მა მხარემ ქ. თ-ს უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით, დამატებითი გარანტიებიც წარმოადგინა.
7.2. რაც შეეხება, ფიზიკური პირებისგან მომდინარე საფრთხეს, რომელიც განპირობებულია ქ. თ-ს ძმის მიერ მათი ნათესავების სიცოცხლის მოსპობით, წარმოდგენილი პოზიცია უაღრესად ზოგადი და ბუნდოვანია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ქ. თ-ი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2023 წლის 12 დეკემბერს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა ქ. თ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.
5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:
5.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება:
1) მოცემული დანაშაული როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.
5.2. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის მე-9, მე-10, მე-14 და მე-15 პუნქტებში აღწერილი ქმედებების (რომლებიც ისჯება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსით და აკმაყოფილების სასჯელის მინიმალურ წესს) საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დაისჯებოდა, სულ მცირე:
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადოდ;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, 2 ეპიზოდად), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე;
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთა 4-დან 7 წლამდე;
საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ჯგუფურად), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთა 2-დან 5 წლამდე;
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია მათ შორის თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე.
5.3. ამდენად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ქ. თ-ის მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და ისჯება, როგორც საქართველოს, ისე – თ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:
6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით (28/02/2024) დასტურდება, რომ ქ. თ-ი არ ითვლება ს-ს მოქალაქედ.
6.3. ამასთან, იგი თ-ს რესპუბლიკის მოქალაქეა.
7. სამართლიანი სასამართლოს უფლება:
7.1. წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადჰყოფს, რომ ქ. თ-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა/უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც გამოკვეთდა იმ გარემოებას, რომ თ-ის რესპუბლიკაში იგი დაექვემდებარა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, იარსებებს ასეთი დარღვევის საფრთხე.
7.2. ექსტრადიციის ქვემდებარე 2005 და 2006 წლის განაჩენები გამოტანილია ქ. თ-სა და მისი ადვოკატის მონაწილეობით და ასევე, ქ. თ-ი წლების განმავლობაში მოთავსებული იყო თ-ის რესპუბლიკის საპატიმრო დაწესებულებაში ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენთა ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მოხდის მიზნით. 2017 წლის განაჩენთან მიმართებით, თურქულმა მხარემ წარმოადგინა საქმის ხელახალი განხილვის გარანტია, ხოლო 2018 წლის განაჩენთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქ. თ-მა სასამართლოს მისცა თავდაცვითი ჩვენება და კანონის შესაბამისად, ინფორმირებული იყო შესაბამისი სასამართლო სხდომის თარიღისა და ადგილის თაობაზე.
8. ხანდაზმულობის ვადა:
8.1. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც ქ. თ-ი მსჯავრდებულია თ-ს რესპუბლიკაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშულთა კატეგორიას.
8.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 6 წელში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს, 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს და 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას.
8.3. ქ. თ-ს მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრის რეალური საპატიმრო სასჯელით შეცვლის გადაწყვეტილება მიღებულია 2020 წელს, 2018 წლის 11 აპრილსა და 2018 წლის 14 ნოემბერს, მის მიმართ გამოტანილი დამატებითი ორი განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა, ხოლო 2023 წელს გამოიცა მისი დაკავების ბრძანებები. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა არცერთი კატეგორიის დანაშაულთან მიმართებით არ არის გასული.
8.4. თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენებთან დაკავშირებით, ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული არც თ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობით და იგი იწურება 2026 და 2028 წლებში.
9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:
9.1. სტატუსი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად (17/07/2024), ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ქ. თ-ს უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, ხოლო გადაწყვეტილება N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩაბარდა 2024 წლის 26 იანვარს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. თ-მა გაასაჩივრა სასამართლოს ორივე ინსტანციაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ქ. თ-ი არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად.
9.2. ამნისტია:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“
ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი კუმულაციურად მოითხოვს ორი წინაპირობის (საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულის ამნისტირება და მასზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება) არსებობას, რაც განსახილველ საქმეში არ არის დაცული, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია იურისდიქცია ზემოხსენებულ, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.
9.3. შეწყალება:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“
წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.
10. პრინციპი ,,Non bis in idem“:
10.1. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
10.2. ქ. თ-ს მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში, არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და ,,Non bis in idem“ პრინციპი.
11. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:
11.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი.
11.2. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსებისშემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასთან.“
11.3. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
11.4. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K. v. Russia, ECtHR, no 69235/11, §66, 23/05/2011).
11.5. განსახილველი საქმის საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება, საფუძვლიანად მიუთითებდეს, რომ ქ. თ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, იგი დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება. ადვოკატი მოცემულ პოზიციას აყალიბებს მხოლოდ ზოგადი ფორმით და მას აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე უტყუარი სახის მასალა სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. დაცვის მხარე მიუთითებს სამხარაულის ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელშიც დასმულია კითხვა: ქ. თ-ს აღენიშნება თუ არა დაზიანება ან დაზიანების კვალი ნაწიბურის სახით და შეესაბამება თუ არა იგი 2004 წლიდან 2018 წლამდე პერიოდს. ამავე დასკვნის თანახმად (27/06/2024), ქ. თ-ს სხეულზე არსებული ძველი, ატროფიული ნაწიბურების ხანდაზმულობისა და მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან გასულია 1.5 წელზე მეტი დრო. შესაბამისად, ამ ნაწილში საჩივრის ავტორის არგუმენტი არის დაუსაბუთებელი.
12. ამასთან, თ-ის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულები არ არის პოლიტიკური ან სამხედრო ხასიათის; ქ. თ-ს გააჩნია დაცვის უფლება. ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო დაიცავს სპეციალობის წესს. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მითითებული გარანტია გაცემულია კომპეტენტური ორგანოს, კერძოდ, სახელმწიფო პროკურატურის პროკურორის მიერ; ამასთან, მისი შინაარსი არ არის ზოგადი და ბუნდოვანი (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „კლეინი რუსეთის წინააღმდეგ“ (Klein v. Russia), N24268/08, §55 და ,,ჩაჰალი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ,“ (Chahal v. The United Kingdom), N22414/93, §105). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს იგი.
13. აგრეთვე ქ. თ-ი სასჯელს იხდიდა ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის, შემდეგ კი, ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენამდე, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებული იყო საპატიმრო დაწესებულებიდან. აღსანიშნავია, რომ მის მიერ საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ან გათავისუფლების შემდგომ, თ-ის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში, მისი რაიმე ნიშნით დევნის ანდა მისი ცალკეული უფლებების დარღვევის თაობაზე კონკრეტული და დამაჯერებელი ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები საექსტრადიციო მასალების ფარგლებში წარმოდგენილი არ არის.
14. როგორც აღინიშნა, გარკვეული პერიოდის შემდგომ, ქ. თ-ი პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა საპატიმრო დაწესებულებიდან, რაც ცხადჰყოფს რომ თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან მის მიმართ არ იკვეთება რაიმე სახის არასამართლებრივი დაინტერესება.
15. ქ. თ-ს გარკვეული პოლიტიკური პარტიის ფარგლებში ფორმალური რეგისტრირების თაობაზე ცნობის გარდა, რაიმე მტკიცებულებები მისი პოლიტიკური აქტივობის, პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ, წარმოდგენილი არ ყოფილა.
16. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:
16.1. რაც შეეხება განსახილველი ექსტრადიციის შესაბამისობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, ამ შემთხვევაში, იმ დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათის, სიმძიმისა და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით (მათ შორის განზრახ მკვლელობა), რომლებისთვისაც მოითხოვება ქ. თ-ს ექსტრადიცია, თავად ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზანი გადასწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩაურევლობის ინტერესს.
16.2. ამასთან, საქართველოში მყოფი მისი ოჯახის წევრები (მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი) არიან თ-ის რესპუბლიკის მოქალაქეები და ისინი ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე მიემგზავრებიან თ-ში.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 1 აგვისტოს განჩინება კანონიერია, რის გამოც, მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ქ. თ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. მ-სა და მ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 1 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე