Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1258-02 1 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: უფლების აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 7 სექტემბერს ე. მ-მა ლ. ხ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისი საცხოვრებელი ბინის ფანჯრის წინ მდებარეობს ლ. ხ-ის ავტოფარეხი. ნიავის დროს ავტოფარეხის რკინების ხმაური შემოდის სახლში, რაც მოქმედებს მისი ინვალიდი შვილის ნერვულ სისტემაზე. აღნიშნულის გამო, ე. მ-მა მოითხოვა ავტოფარეხის აღება.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. ხ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 1 მაისის სხდომაზე ე. მ-ის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ლ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ე. მ-მა შეიტანა საჩივარი საქმის წარმოების განახლების შესახებ. საოლქო სასამართლოს მიერ საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. ე. მ-ს პირადად ჩაბარდა სასამართლოს უწყება საქმის განხილვის დროის შესახებ. ის გაფრთხილებულ იქნა გამოუცხადებლობის შედეგებზე. საქმის განხილვის დღეს ე. მ-ი კვლავ არ გამოცხადდა, რის გამოც საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ივლისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოცემულ საქმეზე მიღებული პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

საოლქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ე. Mმ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით.

კასატორი მიუთითებს, რომ ის 2002წ. 3 ივლისის საქმის განხილვის დღეს გამოცხადდა სასამართლოში, იცდიდა ფოიეში, მაგრამ იგი არ მიიწვიეს პროცესზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად, დაუსწრებელი გადწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სსკ-ს 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლო პროცესზე მხარის მოწვევის შესახებ უწყება, სხვა რეკვიზიტებთან ერთად, უნდა შეიცავდეს მითითებას იმ სასამართლოს შესახებ, სადაც მხარეა მოწვეული, მის ზუსტ მისამართს, გამოცხადების დროს და ადგილს.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი უწყების ასლში მითითებულია სასამართლოს დასახელება, სადაც მხარე უნდა გამოცხადდეს; მისამართი, დრო, გამოუცხადებლობის შედეგები, მაგრამ მითითებული არაა სასამართლოს სხდომის ჩატარების ადგილის შესახებ.

სსკ-ს 72-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მეორე წინადადება _ “ადგილის მითითება” _ სწორედ იმას გულისხმობს, რომ უწყებაში, რომლითაც მხარე მოიწვევა სასამართლო პროცესზე, მითითებული იყოს საქმის განხილვის ადგილზე, ანუ სასამართლოს სხდომის დარბაზზე, ამასთან, თუ სასამართლოში ერთზე მეტი დარბაზია, მითითებული უნდა იქნეს დარბაზის ნომერიც.

სსკ-ს 241-ე მუხლის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსკ-ს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

მოცემულ შემთხვევაში გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო რა სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტით დადგენილი წესით, ანუ ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად უწყებაში არ იყო მითითებული საქმის განხილვის ადგილი, თავისთავად დაირღვა სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რაც ამავე კოდექსის 241-ე მუხლის და 394-ე მუხლის “ბ” პუნქტის საფუძველზე, ამ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს, ვინაიდან სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით. მითითებული დარღვევა საკასაციო საჩივრის აბსოლუტი საფუძველია და გადაწყვეტილების გაუქმებას იწვევს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.