საქმე # 200100123007028704
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №481აპ-24 ქ. თბილისი
ჯ-ი ვ. 481აპ-24 10 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ხ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენით:
1.1. ვ. ჯ-ი, - დაბადებული ... წლის ... სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-7 ნაწილებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 2 წლით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 11 იანვრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ჯ-მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნალებად მძიმე დაზიანება, მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2023 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 17:35 საათზე, ჩ-ი-ს-ს დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის 17.320 კმ-ზე, ჩ-ს მიმართულებით მოძრაობდა ,,ტოიოტა-RAV-4“ მარკის ავტომანქანა, სახ.№ ... , რომელსაც მართავდა ალკოჰოლური სასმლით მთვრალი მძღოლი ვ. ჯ-ი. ს-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობისას ვ. ჯ-მა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები, რა დროსაც მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გადავიდა სავალი ნაწილიდან და გადავარდა ფერდობზე. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ავტომობილის მგზავრებიდან ი. ყ-ი-ჩ-მა მიიღო ნაკლებად მძიმე დაზიანება, თ. ჩ-მა მიიღო მძიმე დაზიანება, ხოლო ა. შ-ი ადგილზე გარდაიცვალა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ ვ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ. ხ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განაჩენის გაუქმება და ვ. ჯ-ის გამართლება.
4.1. კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ელისო ტურაშვილმა შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ ვ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ხ-ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის - მსჯავრდებულ ვ. ჯ-ს ადვოკატის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საქმეზე წარმოდგენილია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებით ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა და ფოტოილუსტრირები, დაზარალებულებისა და მოწმეების - ი. ყ-ი-ჩ-ს, ლ. ყ-ს, დ. ჯ-ის, გ. ბ-ის, გ. თ-ს, თ. ჩ-ს, დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. შ-ს გამოკითხვის ოქმები, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზების დასლვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
7. დაზარალებულ ი. ყ-ი-ჩ-ს ჩვენებით, 2023 წლის 11 იანვარს დაახლოებით 17.00 საათზე ქ. ს-დან, სამსახურიდან წამოვიდა თ. ჩ-სა და ა. შ-თან ერთად ვ. ჯ-ს ავტომანქანით. 11 იანვარს იყო თოვლიანი, ცუდი ამინდი, ვ. მოძრაობდა 50 კმ/სთ-მდე სიჩქარით. იგი უკან იჯდა, მაგრამ იყურებოდა წინ და კარგად ხედავდა საავტომობილო გზას. სოფელ ნ-ში მოძრაობის დროს ვ-მ გადასწრება დაუწყო მათ წინ მოძრავ თეთრი ფერის ავტომანქანას, რა დროსაც ვ-ს მოუცურდა ავტომანქანა, დაკარგა კონტროლი და ამ მომენტის მერე დაზარალებულს აღარაფერი ახსოვს. გარდა იმისა, დაზარალებულს ჩვენებით, მან ვ-ს სთხოვა არ გადაესწრო ხსენებული ავტომანქანისთვის, რადგან იმ კონკრეტულ მომენტში არ მოეწონა გზის სავალი ნაწილის მდგომარეობა. მან მოგვიანებით გაიგო, რომ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ა. შ-ი, ხოლო თ. ჩ-მა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანებები. როგორც მოგვიანებით გაიგო ვ. ჯ-ი ყოფილა ნასვამი, რაც მანამდე არ იცოდა და არც ვ-ის არაფერი შეუმჩნევია.
8. დაზარალებულ თ. ჩ-ს ჩვენებით, 2023 წლის 11 იანვარს ჩვეულებისამებრ დააამთავრა სამსახური და ი. ყ-სა და ა. შ-თან ერთად ჩასხდნენ ვ. ჯ-ს კუთვნილ ავტომანქანაში. იგი იჯდა ვ. ჯ-ს კუთვნილი ავტომანქანის უკანა სავარძელში. ავტომანქანის საჭესთან იჯდა ვ. . როდესაც დაიწყეს მოძრაობა და წამოვიდნენ ს-ან, ფაქტიურად, მერე არაფერი არ ახსოვს. გონს მოვიდა საავადმყოფოში და ექიმებისგან შეიტყო, რომ მოყვა ავარიაში.
9. დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. შ-ს ჩვენებით, მისი და - ა. შ-ი 2023 წლის 11 იანვარს, სამსახურიდან სახლში მომავალი, ს-ს რაიონის სოფელ ნ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მოყვა ავტოსაგზაო შემთხვევაში და ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც მისთვის ცნობილია, ა. სამსახურის დასრულების შემდეგ ს-დან წამოსულა თავის კოლეგებთან ერთად, კერძოდ, ვ. ჯ-ს კუთვნილი ავტომანქანით. მანქანაში იყვნენ ასევე თანასოფლელი ი. ყ-ი და სოფელ ბ-ში მცხოვრები თ. ჩ-ი, რომელიც ასევე მუშაობდნენ ა-სთან ერთად. ვ. ჯ-ი ყოფილა ალკოჰოლური სასმლით მთვრალი და ისე იჯდა საჭესთან. სოფელ ნ-ს მიმდებარედ მას მოუცურდა ავტომანქანა, გადავიდა გზიდან და გადავარდა ხევში. ა. შ-ი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ი. ყ-სა და თ. ჩ-ს მიუღიათ ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები.
10. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კომპლექსური ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლ ვ. ჯ-ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33 პუნქტი 2-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.
11. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, ა. შ-ს სიკვდილის უშუალო მიზეზია, სხეულის ბლაგვი ტრავმით გამოწვეული სუბარქნოიდალური სისხლჩაქცევა ქალის ღრუში.
12. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით, შპს „ა-ეს კლინიკა“ ს-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის 200/22 მიხედვითია ყ-ი-ჩ-ს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, მარცხენა ბარძაყის დისტალური ბოლოს მოტეხილობა. ეს დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.
13. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, თ. ჩ-ი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით „ა-ს კლინიკა“ ს-ის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა დიაგნოზით: სოპორი, ინტრაკრანიალური ტრავმა დაუზუსტებელი, კისრის ტრავმა დაუზუსტებელი. წ. მ. მ-ის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოში მკურნალობდა დიაგნოზით: ეპიდურული სისხლჩაქცევა ქალასარქველის მოტეხილობა, თავის ტვინის ტრავმული შეშუპება, თავის ტვინის კეროვანი ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა (მარჯვნივ–ნეკნების მოტეხილობა) სტუპორი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხელის დამბლა, შოკი დაუზუსტებელი, ქრონიკული ბრონქიტი, ანემია დაუზუსტებელი, რკინადეფიციტური ანემია დაუზუსტებელი. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნით, კვლევის შედეგად ვ. ჯ-ის სისხლის ნიმუშში აღმოჩენილი 1,77% ეთილის სპირტი შეესაბამება ალკოჰოლური თრობის საშუალო ხარისხს.
15. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ ვ. ჯ-ს გამართლების თაობაზე; შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადვოკატ ხ. ხ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე