გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1261-01 19 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაია.
დავის საგანი: ბინაში შესახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ხ. ჩ-ი 1998 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ. ვ-ესთან. მათ ჰყავთ მცირეწლოვანი ქალიშვილი მ. ვ-ე, დაბადებული 1998 წელს.
ხ. ჩ-ი-ვ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ვ-ის მიმართ თბილისში ... მდებარე ბინაში შესახლების თაობაზე, იმ საფუძვლით რომ, მორიგი უსიამოვნების შემდეგ მეუღლემ მცირეწლოვან შვილთან ერთად გააძევა სახლიდან და არ აძლევს საშუალებას ისარგებლოს ბინით.
დამატებითი სარჩელით ხ. ჩ-ი-ვ-ემ მოითხოვა გ. ვ-ესა და დედამისს ლ. ე-ს შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხ. ჩ-ი შვილთან ერთად შესახლდა სადავო ბინაში, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.
თბილისის საოლქო სასამართლო სამოქალაქო,სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ხ. ჩ-ს მ. ვ-ესთან ერთად დაუდგინდა მფლობელობის უფლება და შესახლდა სადავო ბინაში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს გ. ვ-ემ და ლ. ე-მ, რომლითაც მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს 2002წ. 19 ივლისის მორიგების აქტი, რომლის თანახმად: ლ. ე-ა და გ. ვ-ე ვალდებული არიან ხ. ჩ-ს 2002წ. 31 დეკემბრამდე გადაუხადონ 3800 აშშ დოლარი ს. ჩ-ი თანახმაა მიიღოს 3800 აშშ დოლარი და უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნაზე _ მცირეწლოვან შვილთან ერთად თბილისში ... მდებარე ბინაში შესახლებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ 2002წ. 19 ივლისის მორიგების აქტს და თვლის, რომ მოცემული სამოქალაქო დავა უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა საკასაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისისა, რომელთაც სპეციალური თავი შეიცავს. ხოლო სსკ-ს 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სპეციალურ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სსკ-ს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
მხარეებს განემარტათ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, 272-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:
1. ლ. ე-სა და გ. ვ-ეს ხ. ჩ-ის სასარგებლოთ ეკისრებათ 3800 აშშ დოლარის ექვივალენტის გადახდა ლარებში, 2002წ. 31 დეკემბრამდე გადახდის დროისათვის არსებული კურსის მიხედვით.
2. ხ. ჩ-ი უარს აცხადებს მცირეწლოვან შვილთან ერთად თბილისში ... მდებარე ბინაში შესახლებაზე.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 5 სექტემბრის გადაწყვეტილება და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილება. შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.