3კ-1261-02 22 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. ზ.-ი 1991 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ხოლო 1999წ. მაისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტში. 2000წ. 7 თებერვალს მისთვის ცნობილი გადახდა, რომ იგი გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან 1999წ. 15 დეკემბრის ბრძანებით.
2001წ. 7 ივლისს ი. ზ.-მ სარჩელით მიმართა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით, ხოლო დამატებითი განცხადებით მოითხოვა მორალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურება, რაც ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 9 იანვრის განჩინებით დარჩა უმოძრაოდ.
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 იანვრის გადაწყვეტილებით ი. ზ.-ის სარჩელს სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
ი. ზ.-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. უკანონოდ იქნა ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს 2000წ. 4 ივნისის ბრძანება ი.ზ.-ის გათავისუფლების თაობაზე.
ი. ზ.-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა გამოყენებული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ნორმა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ, ი. ზ.-ი 1991 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ხოლო 1999წ. მაისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტში. 2000წ. 7 თებერვალს მისთვის ცნობილი გადახდა, რომ იგი გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან 1999წ. 15 დეკემბრის ბრძანებით. 2001წ. 7 ივლისს ი. ზ.-მ სარჩელით მიმართა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით.
ამჟამად, ი. ზ.-ი საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს 2000წ. 7 ივლისის ბრძანების ბათილად ცნობას, რასაც უნდა მოჰყვეს მისი სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. აღნიშნული წარმოადგენდა მის სასარჩელო მოთხოვნას.
საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება. მოცემულ დავაში მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს და ამდენად იგი არის ადმინისტრაციული ორგანო. ამავე მუხლის, ამავე პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული გარიგება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ პირთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება. კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ადმინისტრაციულ ორგანოსთან საჯარო სამართლებრივი შრომითი ურთიერთობა, ხოლო დავის საგანი ადმინისტრაციული გარიგების – ვადიანი საჯარო შრომითი ურთიერთობის დადება, შეწყვეტა, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეს განეკუთვნება და იგი განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განსახილველი დავა უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულად და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი გამოტანილია სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით; ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია; “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განისაზღვრა საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები მათი შემადგენლობის წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა, ამ წესის დარღვევით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის არა განსჯადი საქმის განხილვა შესაბამისად იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ზ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.