Facebook Twitter
საქმე # 330100123007170731

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ

საქმე №607აპ-24 ქ. თბილისი
ჰ-ი ა. 607აპ-24 10 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ჰ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ნოემბრის განაჩენით:
1.1. ა. ჰ-ი, - დაბადებული ... წლის ... თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 9 მარტიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ჰ-მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2023 წლის 8 მარტს, ღამის საათებში, ქ. თ-ში, ი. ჭ-ს გამზ. N ...-ში მდებარე მაღაზია ,,დ-ში’’, მისი გვერდითა კედლის გამონგრევის (გამოჭრის) გზით უკანონოდ შეაღწია ა. ჰ-მა, რომელიც კედლის მხარეს განთავსებული ვიტრინიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა სარეალიზაციოდ განთავსებულ ბრილიანტის თვლებით გაწყობილ ოქროს 25 ცალ სამკაულს. აღნიშნული ქმედებით შპს ,,D-p-ს“ მიადგა 143252 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ ა. ჰ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ა. ჰ-ის 6 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალოს პირობით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ ა. ჰ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - თ. მ-ს, შ. ყ-ს, ლ. ა-ს, ნ. ც-ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებებითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მსჯავრდებულ ა. ჰ-ის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებასთან.

8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლიანობა გულისხმობს მართლწესრიგში ბალანსის აღდგენას და შენარჩუნებას, მშვიდი და ჰარმონიული თანაცხოვრების უზრუნველყოფას, პირის მიერ ჩადენილი ქმედების მიერ გამოწვევადი საფრთხეების გათვალისწინებით ადეკვატური სასჯელის დაკისრებას და იმავდროულად, სასჯელის გამოყენებას განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ინდივიდუალურ გარემოებებზე დაყრდნობით; რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში, სადაც სპეციალური პრევენცია მიმართულია რეციდივის წინააღმდეგ, რათა დამნაშავეს მოესპოს ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ან მოხდეს მათი მინიმალიზება. ზოგადი პრევენცია კი გულისხმობს დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველისათვის იმის დემონსტრირებას, თუ რა შეიძლება მათ ელოდეთ ანალოგიური ქმედების ჩადენის შემთხვევაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

10. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს მსჯავრდებულ ა. ჰ-ს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და შესაძლებელია მისი შემსუბუქება, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

12. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ა. ჰ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს, კერძოდ:

13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მითითებაზე, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პირველადაა სამართალში, რის გამოც ითხოვს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

14. აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარება, მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევით სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელშეწყობა). ამასთან, აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულ ა. ჰ-ს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში აღიარა ჩადენილი დანაშაული, არ უთანამშრომლია გამოძიებასთან; გარდა ამისა, მან დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა პირდაპირი განზრახვით და გაცნობიერებული ჰქონდა მისი უარყოფითი შედეგები; მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას გამოყენებულმა ხერხმა და საშუალებამ გამოიწვია დიდი ოდენობით ზიანი, რაც დაზარალებულისათვის არ არის ანაზღაურებული. ამდენად, ჩადენილი დანაშაულის სოციალურად საშიში ხასიათიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულის ხერხისა და გამოწვეული შედეგების გათვალისწინებით, სასჯელის საკმარისობის თვალსაზრისით, გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ ა. ჰ-ს განესაზღვრა მინიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი, რომლის სსსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით კიდევ უფრო შემსუბუქება საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ჰ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე ლ. თევზაძე


მოსამართლეები: შ. თადუმაძე


ნ. სანდოძე