Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1266-01 29 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე)

მ. ცისკაძე, მ. ახალაძე

დავის საგანი: ბინის ფართზე უფლებადაკარგულად ცნობა და მფლობელობის შეწყვეტა.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ზ-შვილი და ფ. ზ-ძე 1995 წლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მეუღლეები ცხოვრობდნენ ქ. ქუთაისში, ... მდებარე ბინაში, რომელიც ირიცხება ფ. ზ-ძის დედის _ რ. ზ-ძის სახელზე. მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ქალიშვილი.

რძალსა და დედამთილს შორის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის თაობაზე ხშირი უსიამოვნებების გამო თ. ზ-შვილმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1997წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ზ-შვილს მის მცირეწლოვან შვილთან ერთად, სარგებლობის უფლებით, გამოეყოთ ორი ოთახი, ფართით _ 7,068კვ.მ. და 11,16კვ.მ. იგი შესახლდა სადავო ბინაში.

1998წ. 5 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფ. ზ-ძესა და თ. ზ-შვილს შორის ქორწინება შეწყდა.

რ. ზ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე თ. ზ-შვილის მიმართ და მოითხოვა საცხოვრებელ ფართზე მოპასუხის მფლობელობის უფლების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე, ფაქტობრივად, აღარ ცხოვრობდა სადავო ბინაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ. ზ-ძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ზ-ძემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 8 ნოემბრის განჩინებით რ. ზ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რძალ-დედამთილს შორის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის თაობაზე ხშირად ხდებოდა უსიამოვნება. საქმეშია მასალები, ქუთაისის შს სამმართველოს მესამე ქვეგანყოფილების მიერ 1999-2000 წლებში სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომლითაც დასტურდება თ. ზ-შვილს, რ. ზ-ძესა და ფ. ზ-ძეს შორის ჩხუბის ფაქტი, რაც გამოწვეული იყო თ. ზ-შვილის და მისი მცირეწლოვანი შვილის მიერ საცხოვრებელი ბინით სარგებლობის გამო. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა იმას, რომ მოპასუხეს მფლობელობის უფლება სადავო ფართზე არ შეიძლება ჩაეთვალოს დაკარგულად, რადგან თვით მოსარჩელე უწევს წინააღმდეგობას მოპასუხეს, განახორციელოს მფლობელობის უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფილ ფართზე. იგი არის ამ ფართის მართლზომიერი მფლობელი. სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს.

სააპელაციო პალატის მითითებით თ. ზ-შვილს მასზე გამოყოფილ საცხოვრებელ ოთახებზე საცხოვრებლად სარგებლობისათვის უარი არასოდეს უთქვამს, ე.ი. თავისი ნებით არ დაუთმია იგი და არც სხვა გზით დაუკარგავს ამ ოთახებზე ფაქტობრივი ბატონობის უფლება, ამიტომ ამ საცხოვრებელ ოთახებზე და დამხმარე სათავსებზე, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით სარგებლობის უფლებით გამოეყო თ. ზ-შვილს მცირეწლოვან შვილთან ერთად, მფლობელობის უფლება არ უნდა შეუწყდეს. სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, ნივთის მფლობელობის უფლება წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. სააპელაციო პალატამ აპელანტის პრეტენზია დაუსაბუთებლად მიიჩნია. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს არა აქვს უფლება, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, რადგანაც მოპასუხეს, როგორც მფლობელს, ჰქონდა ამ საცხოვრებელი ფართის მფლობელობის უფლება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რ. ზ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე თ. ზ-შვილმა ფართზე სარგებლობის უფლება ნებაყოფლობით დათმო და არ გაითვალისწინა მოსარჩელის კანონიერი მოთხოვნა, რითაც დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი და შეილახა მისი, როგორც მესაკუთრის, უფლება. სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ საქმეში არსებობს შს სამმართველოს დადგენილება, რომელიც მხარეების მუდმივ ჩხუბს ადასტურებს, კასატორი არ ეთანხმება და განმარტავს, რომ მათ შორის დავა იმართებოდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ რძალს ოჯახთან ერთად ცხოვრება არ სურდა და არა იმ მიზეზით, რომ საცხოვრებელი ფართით სარგებლობის უფლება ჰქონდა შეზღუდული. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხე მხარის ჩვენებებს და უკანონო განჩინება გამოიტანა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ თ. ზ-შვილი და ფ. ზ-ძე დაქორწინდნენ 1995წ. ივლისს. თ. ზ-შვილი გათხოვების დღიდან ცხოვრობს დედამთილის, კასატორ რ. ზ-ძის სახელზე რიცხულ ბინაში, მდებარე ქ. ქუთაისი .... მეუღლეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1997წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ზ-შვილის სარჩელი მოპასუხეების – ფ. და რ. ზ-ძეების, ქუთაისის მერიის მიმართ ბინაში შესახლებისა და საცხოვრებელი ფართის იზოლირებულად გამოყოფის შესახებ. თ. ზ-შვილი მცირეწლოვან შვილთან, რ. ზ-ძესთან ერთად შესახლებულ იქნა ბინაში, მდებარე ქ. ქუთაისში, ... სარგებლობის უფლებით და საცხოვრებლად მფლობელობის უფლებით გამოეყო ორი ოთახი ფართით 7,06კვ.მ. და 11,16კვ.მ., ხოლო დამხმარე სათავსები 2,23კვ.მ. და 1,13კვ.მ., 8,72კვ.მ. და 7,06კვ.მ. დარჩა მხარეთა საერთო სარგებლობაში. ოჯახური უსიამოვნების გამო თ. ზ-შვილი 1998წ. იანვარში განქორწინდა ფ. ზ-ძესთან.

რ. ზ-ძემ 2001წ. მაისში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე თ. ზ-შვილის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მფლობელობის უფლების შეწყვეტა ქ. ქუთაისში, ... მდებარე ბინის ორ ოთახზე და დამხმარე სათავსებზე, რადგან მას არ უცხოვრია ამ ფართში, მან ნებით დათმო სახლზე ფაქტობრივი ბატონობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა თ. ზ-შვილი მართლზომიერ მფლობელად, რადგან მას სადავო ფართზე მფლობელობის უფლება წარმოეშვა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს. ამ მუხლის თანახმად თ. ზ-შვილი კეთილსინდისიერი მფლობელია.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 159-ე და 168-ე მუხლები. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1997წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე თ. ზ-შვილი ცნობილი იქნა სადავო ბინაზე უფლებამოპოვებულად. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს სადავო ბინაზე თ. ზ-შვილის მფლობელობის უფლების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს და იგი მართლზომიერი მფლობელი იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც მესაკუთრე რ. ზ-ძემ სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად წარმოუდგინა პრეტენზია თ. ზ-შვილს და მოითხოვა მფლობელობის უფლების შეწყვეტა, სასამართლოს უნდა ემსჯელა, რამდენად დასაბუთებული იყო მესაკუთრის პრეტენზია მფლობელის _ თ. ზ-შვილის მიმართ, შეფასება უნდა მიეცა სადავო ბინაზე მხარეთა უფლებრივი მდგომარეობისათვის, ანუ ვის ჰქონდა უკეთესი უფლება მასზე, რაც არ შეასრულა.

სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილი და არ იმსჯელა, თ. ზ-შვილმა, როგორც კეთილსინდისიერი მფლობელობის უფლების მქონე პირმა, ხომ არ დაკარგა ეს უფლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” პუნქტების თანახმად სამართლის ნორმის დარღვევაა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ზ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 8 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.