გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1267-01 19 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ქ-ის სარჩელი ქუთაისში, ... მდებარე ნ. ჭ-ის სახელზე რიცხული ბინის იძულებით აუქციონზე გატანის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 2000წ. 14 დეკემბერს შედგა აუქციონი, რომელზეც მ. ქ-ემ 4000 აშშ დოლარად შეისყიდა სადავო ბინა და ქუთაისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე მ. ქ-ეს მიეცა აქტი ტექაღრიცხვის ბიუროსა და სანოტარო ორგანოში რეგისტრაციისათვის. ამის შემდეგ მ. ქ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ნ. ჭ-ის გამოსახლება სადავო ბინიდან და ბინის მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ნ. ჭ-ემ სარჩელი ცნო, მაგრამ უარი განაცხადა თანხის გადახდაზე იმ მოტივით, რომ ეკონომიურად უჭირს და საშუალება არა აქვს გადაუხადოს ქ-ეს მისგან ნასესხები ფული.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 15 მაისის გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ჭ-ე და მასთან მცხოვრები პირები გამოსახლდნენ ქუთაისში, ... მდებარე ბინიდან და ბინა თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მ. ქ-ეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ 1999წ. 24 თებერვალს მოსარჩელე მ. ქ-ესა და მოპასუხე ნ. ჭ-ეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ. ჭ-ემ იპოთეკით დატვირთა მის სახელზე რიცხული სადავო ბინა. მოპასუხემ არ გადაიხადა ნასესხები თანხა, რის შემდეგაც ქ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გადაწყდა სადავო ბინის აუქციონზე გაყიდვა. სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ აუქციონის შედეგად ბინა შეიძინა ქ-ემ და აუქციონის აქტი რეგისტრაციაში გატარდა ქუთაისის ტექაღრიცხვის ბიუროსა და სანოტარო ბიუროში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ქ-ე გახდა სადავო ბინის მესაკუთრე და მისი, როგორც მესაკუთრის, მოთხოვნა დაკმაყოფილდა სკ-ს 170-ე, 172-ე მუხლების შესაბამისად.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ჭ-ემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 28 სექტემბრის განჩინებით ნ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 15 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ საქმეზე წარმოდგენილი უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვის აქტის მიხედვით აუქციონი ჩატარდა კანონის დაცვით. მ. ქ-ემ გასაყიდ ბინაში გადაიხადა 4000 აშშ დოლარი და სადავო ბინა გადავიდა მის საკუთრებაში. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ. ქ-ე დღეისათვის სადავო ბინის მესაკუთრეა და სკ-ს 170-172-ე მუხლების საფუძველზე მისი სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის ბინიდან გამოსახლების შესახებ კანონიერია.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ჭ-ემ, რომლითაც ითხოვს განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: 2000წ. 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც საფუძვლად დაედო მისი ბინის აუქციონზე გაყიდვას, არის ყალბი, რადგან დარღვეულია სსკ-ს 70-74-ე მუხლები. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ვალი ფაქტიურად აღიარა მ. ს-ემ, რომელმაც მისცა თავდებობის ხელწერილი, კრედიტორს მისთვის არცერთი თეთრი არ მიუცია, მან არც ის იცოდა, რომ მისი ბინა აუქციონზე იყიდებოდა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ბინის, მესაკუთრეა მოსარჩელე მ. ქ-ე. სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კასატორს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესახებ არც დასაბუთებული და არც დამატებითი პრეტენზია არ წამოუყენებია. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში კი სააპელაციო სასამართლომ სკ-ს 170-ე, 172-ე მუხლების საფუძველზე სწორად არ დააკმაყოფილა ჭ-ის სააპელაციო საჩივარი, რადგან სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მოცემულ შემთხვევაში მესაკუთრე ქ-ე თავისი უფლებების გამოყენების დროს არ ლახავს მეზობლების ან სხვა პირთა უფლებებს და იგი ბოროტად არ იყენებს მესაკუთრის უფლებას. სკ-ს 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. მოცემულ სიტუაციაში მოპასუხე ჭ-ემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცება, რომ დღეისათვის მას აქვს სადავო ბინის ფლობის სამართლებრივი საფუძველი.
პალატა ვერ გაიზიარებს კასტაორის მოსაზრებას, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც საფუძვლად უდევს სადავო ბინის აუქციონზე გატანას, არის ყალბი, რადგან აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადებში არავის გაუსაჩივრებია და დღეისათვის იგი კანონიერ ძალაშია. ასევე პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ აუქციონი ჩატარდა კანონის დარღვევით და რომ მას აუქციონის ჩატარების შესახებ შეტყობინება არ ჩაბარებია, რადგან კასატორს კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია აუქციონის შედეგები.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 28 სექტემბრის გაჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.