Facebook Twitter

საქმე N 080100122006011499

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №644აპ-24 ქ. თბილისი

რ–ე მ., 644აპ-24 10 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. რ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. რ–მ. მსჯავრდებული საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ იგი არ არის დამნაშავე და ბრალი არ მიუძღვის.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენით მ. რ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით –თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა დანარჩენი და, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. რ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ. რ–ს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო (2022 წლის 9 ივნისიდან 2022 წლის 17 ივნისის ჩათვლით) ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისი მოხდას აეთვალა – 2023 წლის 1 ნოემბრიდან.

გაუქმდა მ. რ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს შემტანს, ვ. გ–ს განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარი.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. რ–მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა; ცივი იარაღის ტარება, იმ პირის მიერ, რომლის მიმართაც გამოცემულია შემაკავებელი ორდერი (ამ ორდერის მოქმედების პერიოდში).

მ. რ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2022 წლის 6 ივნისს, საღამოს საათებში, ქ–ში, .........ის ქუჩის N.., ბინა N..-ში, მ. რ–მ მეუღლის, მ. რ–ს მიმართ ჩაიდინა იძულება, კერძოდ, მ. რ–მეს, რომელიც მათ შორის მომხდარი სიტყვიერი კონფლიქტის გამო ტელეფონით რეკავდა, მ. რ–მ ხელი მოუჭირა მარცხენა ხელში და უთხრა, რომ ტელეფონი გაეთიშა, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü 2022 წლის 6 ივნისს მ. რ–ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მას აეკრძალა მეუღლესთან მ. რ–სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის: ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, მ. რ–მ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2022 წლის 8 ივნისს, ღამის საათებში, მივიდა ქ–ში, .........ის ქუჩა N.., ბინა N..-ის კართან და ბინაში მყოფ მ. რ–სთან ჰქონდა სიტყვიერი კომუნიკაცია, კერძოდ, მ. რ–ე უყვიროდა რომ გაეღო ბინის კარი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეამტვრევდა და ისე შევიდოდა.

ü 2022 წლის 6 ივნისს მ. რ–ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი 5 დღით. ორდერის მოქმედების ვადაში მ. რ–ე ატარებდა ცივ იარაღს – დანას, რომელიც ამოიღეს 2022 წლის 9 ივნისს ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. რ–მ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 მარტის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც მ. რ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მსჯავრდებულის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: სასამართლო სხდომაზე კანონით მოთხოვნათა დაცვით გამოქვეყნებულ დაზარალებულ მ. რ–ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების – გ. წ–ს, მ. რ–ს ჩვენებებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებებით, მ. რ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის 2022 წლის 9 ივნისის ოქმით, მ. რ–ს სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნით, ინსპექტორ-გამომძიებელ ო. გ–ს მიერ 2022 წლის 9 ივნისს შედგენილი პატაკით, ბრალდებულ მ. რ–ის 2022 წლის 9 ივნისის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, მ. რ–ს მიმართ გამოცემული N.... შემაკავებელი ორდერით, ბალისტიკური ექსპერტიზის N.... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ. რ–მ ჩაიდინა მის მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედებები, კერძოდ:

10. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ ოჯახური დანაშაული არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულის ჩვენებას და მის შესაბამისობას საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დგინდება, რომ დაზარალებულ მ. რ–ს გამოკითხვის ოქმები პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. გამოკითხვის ოქმში მ. რ–მ თანმიმდევრულად და დეტალურად აღწერა მ. რ–ს მიერ მის მიმართ ჩადენილი როგორც იძულების, ასევე – შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტები.

11. მ. რ–ს გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია სრულად თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან: დანაშაულის შეტყობინების რეგისტრაციის ბარათებთან, რომლებშიც მითითებულია, რომ მ. რ–ე აბრახუნებდა დაზარალებულის საცხოვრებელი ბინის კარზე და ითხოვდა სახლში შესვლას, ცდილობდა კარის შემტვრევას; მოწმე მ. რ–ს ჩვენებასთან, რომელიც სრულად ადასტურებს დაზარალებულის ჩვენებას და განმარტავს, რომ დაზარალებული ბინაში არ უშვებდა მასთან მისულ მ. რ–ს, რის გამოც, მას კარის შენგრევა სურდა; მ. რ–ს მიმართ გამოცემულ 2022 წლის 6 ივნისის შემაკავებელ ორდერთან, რომლის შესაბამისად, 2022 წლის 8 ივნისს, მ. რ–ს არ ჰქონდა მ. რ–სთან მისვლისა და სახლში შესვლის მოთხოვნის გაცხადების უფლება; მ. რ–ს მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან და მასზე დართულ ფოტოსურათთან, რომელშიც მითითებულია 2022 წლის 8 ივნისს განვითარებული ფაქტობრივი გარემოებები; დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნასთან, რომლის მიხედვით, მ. რ–ს დაზიანება აღენიშნება სწორედ მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე შუა მესამედში უსწორო ფორმის, მოლურჯო ფერის, მომწვანო ელფერის, არამკვეთრი-კიდეებისა და კონტურების მქონე სისხლნაჟღენთი.

12. ამდენად, საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულიად საკმარისია და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მ. რ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. რ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი