საქმე # 010100121004648763
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №449აპ-24 თბილისი ქ. თბილისი
გ-ი დ. 449აპ-24 6 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების დადგენილებების მიხედვით:
1.1. რ. ბ-ს ბრალად დაედო ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
1.2. ლ. ხ-ს ბრალად დაედო ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
1.3. დ. გ-ს ბრალად დაედო ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
2. ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2021 წლის 1 აპრილს, ღამით, ბ-ში, ფ-ს ქუჩის N...-ში განთავსებულ შპს „ფ-ს“ კუთვნილ სასურსათო მაღაზია „ფ-ში“ უკანონო შეღწევით, ქურდობისათვის ნასამართლევი რ. ბ-ე, ასევე ლ. ხ-ი, დ. გ-ი და გამოძიებით დაუდგენელი პირი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცდილობდნენ ფარულად შპს „ფ-ს“ კუთვნილი მოძრავი ნივთების დაუფლებას, რა დროსაც ვერ შეძლეს მაღაზიაში შეღწევა და დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანეს.
2.2. 2021 წლის 1 აპრილს, ღამით, ბ-ში, შ. ხ-ს ქუჩის N...-ში განთავსებულ შპს „დ-ს“ კუთვნილ სუპერმარკეტ „ს-ში“ უკანონო შეღწევით, ქურდობისათვის ნასამართლევი რ. ბ-ე, ასევე ლ. ხ-ში, დ. გ-ი და გამოძიებით დაუდგენელი პირი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ შპს „დ-ს“ კუთვნილ სხვადასხვა დასახელების სასმელსა და საკვებ პროდუქტს, ასევე სიგარეტებს, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის განაჩენით:
3.1. ლ. ხ-ი, დაბადებული ... წლის ... თებერვალს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
3.2. დ. გ-ი, დაბადებული ... წლის ... დეკემბერს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
3.3. რ. ბ-ე, დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
3.4. რ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
3.5. გამართლებულებს – რ. ბ-ს, ლ. ხ-სა და დ. გ-ს განემარტათ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენით:
5. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. კასატორი – ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ნიკა მენთეშაშვილი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მიღებას, კერძოდ, დ. გ-ს, ლ. ხ-სა და რ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი თითოეული დანაშაულისათვის და მათთვის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის განსაზღვრას, ხოლო რ. ბ-ს მიმართ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა სრულად შეკრების პრინციპის საფუძველზე, მუხლის სანქციის მაქსიმალური ზომის მისჯას.
6.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლოს გადაწვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მოწმე პოლიციელებს სხვადასხვა ადგილიდან, მანძილისა და თვალთახედვის კუთხიდან უწევდათ მოვლენათა მთავარი მომენტებისა და მონაწილეთა მოქმედებების აღქმა. შესაბამისად, მათ ჩვენებებში გარკვეული სახის სხვაობა ბუნებრივია და ზემოაღწერილ ვითარებაში, ხსენებული მტკიცებულბები იმ შემთხვევაში უფრო იქნებოდა არასარწმუნო, თუ მოწმეები პირიქით, განსხვავებულ სიტუაციაში ყოფნის მიუხედავად, ერთმანეთის იდენტურად აღწერდნენ მოვლენებს.
7. დაცვის მხარემ, გამართლებულ რ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჯ-მ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა;
7.1. ადვოკატის შესაგებლის თანახმად, ვიდეოკამერების ჩანაწერში ასახული დამნაშავეების იდენტიფიცირება შეუძლებელია, ხოლო დაკითხული, მოწმე პოლიციელების ჩვენებები კი ურთიერთგამომრიცხავია.
8. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. შესაბამისად, საკასაციო პალატა ბრალდების მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
10. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხოლოდ ბრალდების მხარე და ითხოვს – რ. ბ-ს, ლ. ხ-სა და დ. გ-ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ეპიზოდებში.
11. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. ბ-ს, ლ. ხ-სა და დ. გ-ს ბრალად ედებათ ქურდობის მცდელობა (მაღაზია ,,ფ-ის“ ეპიზოდი, 2021 წლის 1-ელი აპრილი) და ქურდობა (სუპერმარკეტ ,,ს-ს“ ეპიზოდი, 2021 წლის 1-ელი აპრილი). საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას და აღნიშნავს, რომ მოცემულ ბრალდებათა ფარგლებში პროკურორს არ წარმოუდგენია/მიუთითებია ისეთი სახის მტკიცებულებათა ერთობლიობაზე, რომელიც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცების, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს დააკმაყოფილებდა.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებს საქმეში წარმოდგენილი მასალები საკმარისად ვრცლად აქვთ მიმოხილული, რასაც საკასაციო სასამართლო სრული მოცულობით აღარ გაიმეორებს. ამასთან, მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში:
13. გამომძიებელ გ. ი-ს ჩვენების თანახმად, საქმეში წარმოდგენილი ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, მიუხედავად ვიდეო-მასალის კარგი ხარისხისა, კადრებში შეუძლებელია რომელიმე პირის იდენტიფიცირება (არცერთ მათგანს უჩანს სახე და იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი სხვა ნიშნები). შესაბამისად, მოცემული მტკიცებულება რ. ბ-ს, ლ. ხ-სა და დ. გ-ს ბრალეულობის კონტექსტში, ირელევანტურია.
14. განსახილველ საქმეზე დაიკითხა არაერთი გამომძიებელი, პოლიციის თანამშრომელი, მათ შორის: თ. კ-ე, ი. მ-ე, გ. მ-ი, მ. კ-ე, ნ. მ-ი, პ. წ-ე, ჯ. მ-ე, ზ. მ-ე. მოცემული მოწმეების ჩვენებებიდან გამომდინარე, დგინდება, რომ ბრალდებულები არ დაუკავებიათ უშუალოდ დანაშაულის ფაქტზე და არც იმ ობიექტის უახლოეს ლოკაციაზე, სადაც ქურდობა მოხდა. ამასთან, მათ პირველივე წამებიდან არავინ ადევნებია. მოცემულის ფონზე, საკასაციო პალატა აგრეთვე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ჩვენებები გარკვეულ, მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებით, არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მაგალითად, დანაშაულის ადგილსა და დაკავების ადგილს შორის არსებულ მანძილთან დაკავშირებით, მოწმე პოლიციელების ჩვენებებით, იგი 150 მ-დან - 1,5-2 კმ-მდე მერყეობს. ამდენად, ამ ვერსიებს შორის არსებული ცდომილება დიდია, რის გამოც, რთულია საშუალო მანძილის გამოთვლა, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ სხვა საგამოძიებო მოქმედება, რაც უფრო მეტ სიცხადეს შესძენდა მოცემულ საკითხს, არ ჩატარებულა.
15. ბრალდებულ რ. ბ-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ამ უკანასკნელისაგან ამოიღეს ზურგჩანთა, რომელშიც აღმოჩნდა შუშის ბოთლები ალკოჰოლური სასმელებით. დადგენილია, რომ რ. ბ-ე დააკავეს: ი. მ-მ და თ. კ-მ. თ. კ-ის ჩვენებით, რ. ბ-მ სირბილისას, ზურგჩანთა მათი მიმართულებით მოისროლა 2-3 მეტრის მანძილზე. ი. მ-ს განმარტებით, რ. ბ-ს ზურგჩანთა არ გადაუგდია. გამომძიებელ მ. კ-ს განმარტებით, რ. ბ-ე ზურგზე ჩანთამოკიდებული დახვდა. იმავე მოქმედებებში მონაწილე ექსპერტ-კრიმინალისტების – პ. კ-სა და რ. გ-ს ჩვენებებით, ნ. ბ-ს ჩანთა ხელში ეჭირა. რ. ბ-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ რ. ბ-ს ზუგჩანთა ხელში ეჭირა. ამდენად, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებია გამოკვეთილი. ამასთან, დაცვის მხარე უარყოფს რ. ბ-სადმი ამ ზურგჩათნის კუთვნილებას.
16. ამდენად, ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში პირთა იდენტიფიცირების შეუძლებლობისა და მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების პირობებში, ბრალდების მხარის მიერ ოდოროლოგიურ დასკვნაზე აპელირება, ვერ შექმნის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტს.
17. რაც შეეხება ბ-ში, ფ-ს ქუჩის N...-ში მდებარე მაღაზია ,,ფ-ს“ გაქურდვის მცდელობის ფაქტს, ბრალდების მხარის მიერ ამ ეპიზოდთან მიმართებით წარმოდგენილი მტკიცებულებები აგრეთვე არასაკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. განსახილველ ეპიზოდში წარმოდგენილია: დაზარალებულის წარმომადგენლის შეტყობინება, მისი ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მაგრამ უშუალოდ ბრალდებულები რომ ცდილობდნენ მაღაზიაში უკანონოდ შეღწევას, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა. მოწმე ზ. მ-მ სასამართლოს განუმარტა, რომ მისი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულის აივანზე მყოფს მაღაზია ,,ფ-ს“ მხრიდან, რაღაც მძიმე საგნის დარტყმის ხმა შემოესმა, დაინახა, როგორ გამორბოდა ოთხი პირი, რომლებიც მალე კორპუსს მიღმა მიეფარნენ თვალს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა პირველი განყოფილების მორიგეს, თუმცა, სამორიგეო ნაწილში შესულ, ზ. მ-ს შეტყობინებაში არაფერია ნათქვამი აღნიშნული მაღაზიის თაობაზე და მხოლოდ ,,ს-ს“ ქურდობის ფაქტს შეეხება, ისევე როგორც ბრალდებულების დაკავების შემდეგ, ი. მ-ს მიერ გაკეთებული შეტყობინება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პირველი ოფიციალური განცხადება 2021 წლის 1 აპრილს, 11:48 საათზე, უშუალოდ მაღაზიის მფლობელის მიერ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული N... შეტყობინებაა.
18. ამდენად, ზემოხსენებული მასალა, თავისი შინაარსით არ იძლევა დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირების შესაძლებლობას და მის საფუძველზე, პირის გამტყუნება სცილდება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცების სტანდარტის მოთხოვნებს.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და მასში მოხმობილი არგუმენტები და მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ მიუთითებს რ. ბ-ს, ლ. ხ-სა და დ. გ-ის მიერ ბრალდწარდგენილი ეპიზოდების (ქურდობისა და ქურდობის მცდელობის) ჩადენაზე.
20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). ვინაიდან ამ შემთხვევაში ბრალდების მხარეს/კასატორს არ წარმოუდგენია მყარი, ზუსტი და თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე