3კ-1269-02 25 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: სესხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 13 ივნისს თ. გ.-მ განცხადებით მიმართა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ 2000წ. 20 ივლისს მან ე. ჩ.-ს 6 თვის ვადით ასესხა 4800 აშშ დოლარი თვეში 2%-ის სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრლებით გათვალისწინებულ ვადაში, ანუ 2001წ. 20 იანვრისათვის მოვალემ მხოლოდ გასესხებული თანხის პროცენტი გადაუხადა.
განმცხადებელმა გამარტივებული წესით მოითხოვა ე.ჩ.-ისათვის 4800 აშშ დოლარის დაკისრება.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 ივლისის გადახდის ბრძანებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
ე. ჩ.-ის 2001წ. 26 ივლისის შესაგებლის გამო დავალიანების გადახდევინების შესახებ აღძრული მოთხოვნა განხილულ იქნა სასარჩელო წარმოების საერთო წესით.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. გ.-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ე.ჩ.-ს თ.გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4800 აშშ დოლარის გადახდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 15 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ე.ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ე. ჩ.-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს მისი ვალი მხოლოდ 3000 აშშ დოლარს შეადგენდა, დანარჩენი 1800 აშშ დოლარი ამ სესხზე გადასახდელი პროცენტი იყო, რაც უკვე გადახდილი ჰქონდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ნოტარიუსის მიერ დამტკიცებული ხელშეკრულებით სესხის ოდენობა შეადგენდა 4800 აშშ დოლარს, სესხი გაცემული იყო 6 თვის ვადით თვეში 2%-ის დარიცხვით. მოვალემ სასამართლოში ვერ წარადგინა ვალდებულების შესრულების მტკიცება, ამიტომ სკ-ს 623-ე მუხლის, 626-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თ.გ.-ს, როგორც კრედიტორს, უფლება ჰქონდა, მოეთხოვა ე.ჩ.-ისათვის ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
2002წ. 2 აგვისტოს ე. ჩ.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა ნაცვლად 4800 აშშ დოლარისა მოითხოვა მისთვის 3000 აშშ დოლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ სესხის ოდენობა შეადგენდა მხოლოდ 3000 აშშ დოლარს, ხოლო 1800 აშშ დოლარი იყო პროცენტი, რომელიც მას უკვე გადახდილი ჰქონდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სააპელაციო სასამართლოს მოცემულ საქმეზე დადგენილად აქვს მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2000წ. 20 ივლისს თ. გ.-მ 2001წ. 20 იანვრის ჩათვლით ე. ჩ.-ს ასესხა 4800 აშშ დოლარი ყოველთვიურად 2%-ის დარიცხვით. მოვალემ სესხისათვის დადგენილი პროცენტი გადაიხადა, ხოლო ძირითადი ვალი, 4800 აშშ ლოლარი არ დაუბრუნებია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთ ვითარებაში კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ მას თითქოს 1800 აშშ დოლარი დაბრუნებული აქვს კრედიტორისათვის და მისი რეალური ვალი შეადგენს მხოლოდ 3000 აშშ დოლარს, არ წარმოადგენს არც დამატებით და არც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, ვინაიდან ხელშეკრულების შესაბამისად სესხის ოდენობა 4800 აშშ დოლარი იყო, ხოლო მოვალეს არ გააჩნია ვალდებულების დამადასტურებელი საბუთი.
სკ-ს 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ამავე კოდექსის 430-ე მუხლის შესაბამისად კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალეს ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულდების დროსა და ადგილს.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში კასატორს ხელთ არ გააჩნია ზემოთ მითითებული სახის დოკუმენტი ვალის 1800 აშშ დოლარის ოდენობით დაბრუნების შესახებ და ვალის ამ ოდენობის დაბრუნებას არც კრედიტორი ადასტურებს. საკასაციო სასამართლო კასატორის მოსაზრებას ვალის ნაწილის, კერძოდ 1800 აშშ დოლარის, დაბრუნების შესახებ სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს.
სკ-ს 317-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ.-სა და ჩ.-ს შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულება, 4800 აშშ დოლარის გასესხების თაობაზე. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, მოვალე ე.ჩ.-ისათვის მოეთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 4800 აშშ დოლარის დაბრუნება, ხოლო მოვალე ე.ჩ.-ი ვალდებული BBBიყო დაებრუნებინა ვალი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. მიღებული გადაწყვეტილება სწორია და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 15 მაისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.