საქმე # 190100122005632617
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №400აპ-24 თბილისი
პ-ი მ, 400აპ-24 16 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულების – ა. მ-სა და მ. პ-ის – ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. პ-ისა და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:
ა. მ-ს ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
მ. პ-ს ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
2. ზემოაღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მ. პ-მა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა – ა. მ-მა წინასწარი შეთანხმების შემდეგ, ჯგუფურად, უკანონოდ, შეიძინეს და ჯგუფურა, უკანონოდ, პირადად და მ. პ-ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქალაქ გ-ში ს-ოს ქუჩის გასასვლელ N..-ში, ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საერთო წონით – 667,552122 გრამს. ნარკოტიკული საშუალების ნაწილს ინახავდნენ პირადად. 2022 წლის 15 იანვარს, დაახლოებით, 20:00 საათზე, ქალაქ რ-ში, მ-თა ქუჩაზე, მ-ის არხის მე-3 დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. პ-ი, პირადად, ქურთუკისა და შარვლის ჯიბეებში, უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საერთო წონით – 34,78 გრამს, რაც მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს, ხოლო ა. მ-ი, პირადად, სხეულზე შემოკრული ჩანთის ე.წ. „ბარსეტკის“ ჯიბეში, უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, წონით – 28,89 გრამს, რაც მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. 2022 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქალაქ გ-ში ს-ს ქუჩის გასასვლელის N...-ში მდებარე მ. პ-ის დროებით საცხოვრებელ ბინაში, უკანონოდ ინახავდნენ სხვადასხვა ზომად დაფასოებულ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საერთო წონით – 603.882122 გრამს, რაც ამოიღეს აღნიშნული ბინის ჩხრეკის შედეგად.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 სექტემბრის განაჩენით:
3.1. ა. მ-ი, დაბადებული .. წლის .. იანვარს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
ა. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-12 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 11.01.2021 წლის კანონის საფუძველზე განსაზღვრული და ა. მ-ის მიმართ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 04.06.2021 წლის N02/21/შ/პ/ზ-055 გადაწყვეტილებით შეცვლილი თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობა – 1 წლით, 1 ერთი თვითა და 28 დღით, რომლიდანაც მას მოსახდელი დარჩა 6 თვე და 17 დღე;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ა. მ-ს მიმართ დანიშნულმა უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა – თავისუფლების აღკვეთამ 10 წლით – შთანთქა წინა განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 04.06.2021 წლის N02/21/შ/პ/ზ-055 გადაწყვეტილებით ა. მ-ის მიმართ შინაპატიმრობით შეცვლილი და სასამართლოს მიერ გაუქმებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 6 თვე და 17 დღე და საბოლოოდ, ა. მ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე – 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; 15 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;
ა. მ-ს სასჯელის მოხდად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავებიდან – 2022 წლის 15 იანვრიდან;
3.2. მ. პ-ი, დაბადებული .. წლის ... ივლისს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
მ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა მ. პ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, იმავე საგამოცდო ვადით; ასევე გაუქმდა მის მიმართ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 12.07.2021 წლის N02/21/ზ-021 გადაწყვეტილებით პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლით განსაზღვრული – პირობითი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 თვითა და 2 დღით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ 12 წლით – შთანთქა წინა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განაჩენით განსაზღვრული მოუხდელი ძირითადი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, ასევე – მის მიმართ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 12.07.2021 წლის N02/21/ზ-021 გადაწყვეტილებით პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა 1 თვითა და 2 დღით და განაჩენთა ერთობლიობით, მ. პ-ს ძირითადი სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების საფუძველზე მ. პ-ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განაჩენით განსაზღვრული მოუხდელი დამატებითი სასჯელი ჯარიმა 5000 ლარი და საბოლოოდ, მ. პ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით და დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად – ჯარიმა 5000 ლარი.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე – 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;
მ. პ-ს სასჯელი აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 15 იანვრიდან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 თებერვლის განაჩენით:
4.1. მსჯავრდებულების მ. პ-სა და ა. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების: თ. ბ-სა და თ. პ-სა და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 სექტემბრის განაჩენი მ. პ-სა და ა. მ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
5. კასატორი – მსჯავრდებულების ა. მ-ისა და მ. პ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. პ-ი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილების შეცვლას გამამართლებელი განაჩენით.
5.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, როგორც გამოძიებისას, ისე სასამართლო განხილვისას ბრალდებულებმა თავი დამნაშავედ არ ცნეს და განაცხადეს, რომ ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები მათ არ ეკუთვნოდათ. მათი ტანსაცმლიდან და ნარკოტიკული საშუალებებიდან მათივე გენეტიკური კვალი არ ამოსულა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი.
6. კასატორი – რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი – სალომე ქემაშვილი – ითხოვს განაჩენის გამამართლებელი ნაწილის გაუქმებასა და მის ნაცვლად მსჯავრდებულების მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას; შესაბამისად, მკაცრი სამართლიანი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას.
6.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ბრალდების მხარემ საქმის არსებითი განხილვისას გამოიკვლია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა. მ-ისა და მ. პ-ის მიერ მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას. იმ ვითარებაში, როდესაც ბრალდების მხარემ საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლოში დაადასტურა ორივე მსჯავრდებულის ერთად ყოფნის, ორივე მათგანის მიერ ჯიბეში უკანონოდ ერთი და იმავე შემადგენლობის ნარკოტიკული საშუალების შენახვის ფაქტები და ამავე შემადგენლობის ნარკოტიკული საშუალების მ. პ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღება, შესაბამისად, მათ მიერ ჯგუფურობის ნიშანი გამოკვეთილია.
6.2. კასატორი აგრეთვე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულების მიმართ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა უფრო მკაცრი სასჯელი.
7. საკასაციო საჩივრებზე მხარეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.
8. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. შესაბამისად, საკასაციო პალატა დაცვისა და ბრალდების მხარის საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.
10. განსახილველი საქმე გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა მსჯავრდებულების მ. პ-ის (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით), ა. მ-ის (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით) მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო ბრალდების მხარემ კი მოითხოვა მსჯავრდებულების მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და შესაბამისად, მკაცრი სამართლიანი, ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მ. პ-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ა. მ-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით დადასტურებულია. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალები არის თანმიმდევრულ, ერთმანეთთან თანხვდენილი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.
12. მოცემულ შემთხვევაში, გარდა გამომძიებლების ჩვენებებისა და წერილობითი მტკიცებულებებისა, საქმეში წარმოდგენილია სხვა პირთა ჩვენებებიც, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ა. მ-ის ჩხრეკას და მისგან ნივთის ამოღების ფაქტს, კერძოდ:
13. კ. ა-ი, როგორც თარჯიმანი მონაწილეობდა ა. მ-ის პირად ჩხრეკაში. მოწმემ მიუთითა, რომ გამომძიებელმა, ლ. ნ-მა ა. მ-ის მხარზე გადაკიდებული „ბარსეტკიდან“ მათ შორის ამოიღო შავი ცელოფანი, სადაც იყო ფხვიერი ნივთიერება.
14. ამასთან, ი. გ-ი, როგორც გარეშე პირი დაესწრო ა. მ-ის პირად ჩხრეკას. მან აგრეთვე მიუთითა, რომ მხარზე გადაკიდებული ,,ბარსეტკიდან“ გამომძიებელმა ლ. ნ-მა მათ შორის ამოიღო შავი ცელოფანი, მასში მოთავსებული ფხვიერი ნივთიერებით.
15. თავად გამომძიებლებმა ლ. ნ-მა და გ. გ-მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული ა. მ-ის პირადი ჩხრეკის კანონიერება და ის ფაქტობრივი გარემოება, რაც მიუთითეს ზემოხსენებულმა, მოწმეებმა: კ. ა-მა და ი. გ-მა.
16. ა. მ-ის 2022 წლის 15 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმის მიხდვით (თან ერთის ფოტოსურათები), აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია 19:45-20:40 საათამდე პერიოდში. მასში მონაწილეობდნენ: გამომძიებელი ლ. ნ-ი, თარჯიმანი კ. ა-ი და გარეშე პირი – ი. გ-ი. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ა. მ-ის ტანზე შემოკრული ე.წ. „ბარსეტკიდან“ ამოიღეს მათ შორის შავი პოლიეთილენის პარკში შეფუთული, მუქი მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება.
17. ა. მ-ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ (28.89 გრამს), რაც დადასტურებულია საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და აღნიშნული დასკვნის გამცემი ექსპერტების: ი. თ-ასა და მ. დ-ას ჩვენებებით.
18. გენეტიკური ექსპერტიზის N.. დასკვნისა და მისი გამცემი ექსპერტ ნ. ბ-ის ჩვენებით, პაკეტში, წარწერით: „…N1 ობიექტის პოლიეთილენის ნაჭერი…“ მოთავსებულ შავი პოლიეთილენის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N1) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ა. მ-ს.
19. რაც შეეხება მეორე მსჯავრდებულ, მ. პ-ან დაკავშირებულ მსჯავრდებას (სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით), აღნიშნული აგრეთვე დადასტურებულია, როგორც გამომძიებლების ჩვენებებითა და წერილობითი მტკიცებულებებით, აგრეთვე ნეიტრალური მოწმის – რ. გ-ის ჩვენებით.
20. ზემოხსენებულმა მოწმემ, როგორც თარჯიმანმა, მონაწილეობა მიიღო მ. პ-ს პირად ჩხრეკაში, რა დროსაც მ. პ-ან ამოიღეს შავი და მოვარდიფრო პოლიეთილენის პარკები. ამოღებული ნივთები დაილუქა.
21. გამომძიებელმა ზ. ს-მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული მ. პ-ს პირადი ჩხრეკის კანონიერება და ის ფაქტობრივი გარემოება, რაც ზემოხსენებულმა მოწმემ რ. გ-მა სასამართლო სხდომაზე განმარტა.
22. ამასთან, მ. პ-ის 2022 წლის 15 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმით (თან ერთის ფოტოსურათები), მოცემული საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია 2022 წლის 15 იანვრის 20:05-20:35 სათამდე პერიოდში. მასში მონაწილეობდნენ: გამომძიებელი კ. ფ-ი, თარჯიმანი რ. გ-ნი და გარეშე პირი ს. კ-ი. პირად ჩხრეკის შედეგად მ. პ-ის ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან მათ შორის ამოიღეს ვარდისფერ და შავ ცელოფანში თავმოკრული მუქი მოყავისფრო, ფხვიერი მასა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება. ასევე – შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ე.წ ორ „ბაშად“ დაფასოებული, შავ პოლიეთილენის პარკებში მოთავსებული მუქი მოყავისფრო ფხვიერი მასა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება. ამოღებული ნივთიერებები, ნივთები დალუქულია კანონის მოთხოვნათა დაცვით.
23. მ. პ-ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს,“ რაც დადასტურებულია საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და აღნიშნული დასკვნის გამცემი ექსპერტების: ი. თ-სა და მ. დ-ას ჩვენებებით, რომლის მიხედვით:
მ. პ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, შავი პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭრებში ორ ცალად დაფასოებული ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების მქონე მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში, საერთო წონით – 7,65 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საერთო რაოდენობაა – 1,72 გრამი;
მ. პ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, ვარდისფერ პოლიეთილენის თავმოკრულ ნაჭერში გახვეული მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში, წონით – 7,60 გრამი და ამავე პაკეტში მოთავსებული შავი პოლიეთილენის ნაჭერში გახვეული მოყავისფრო-ფხვნილისებური ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში, წონით – 164,01 გრამი, საერთო წონით – 171,61 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საერთო რაოდენობაა – 33,06 გრამი.
24. მოწმე ი. კ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ-ნში, ს-ოს ქუჩის გასასვლელის N.. კორპუსში მდებარე ბინა გაქირავებული ჰქონდა მ. პ-ზე. 2022 წლის 15 იანვარს საღამოს, მას დაუკავშირდა გამომძიებელი და სთხოვა მის მიერ გაქირავებულ ბინაში მისვლა. სახლში მისულს, ადგილზე დახვდნენ თარჯიმანი და გამომძიებლები. სახლის კარი თავად გააღო, რის შემდეგაც იგი ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად შევიდა ბინაში. გამომძიებლებმა დაიწყეს ბინის ჩხრეკა, რა დროსაც აივანზე დადებული საპურიდან ამოიღეს ასანთის ყუთები და სხვადასხვა პაკეტი, რომელშიც რაღაც ნივთიერება იყო. აივნის მარჯვენა მხარეს ნახეს შავი ზურგჩანთა, რომელშიც შავი პარკი იდო და ასევე სხვადასხვა ფერის პარკით პაკეტები, რომელშიც რაღაც ნივთიერება იყო.
25. გ. კ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ მას როგორც თარჯიმანს მონაწილეობა აქვს მიღებული მ. პ-ის მფლობელობაში არსებული ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც ბინის აივნიდან გამომძიებელმა ნახა და ამოიღო ზურგჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ე.წ. ,,ბაშები“, ასევე ნახეს საპურე, საიდანაც ამოიღეს ე.წ. ,,ბაშები“.
26. მოწმეების ი. კ-სა და გ. კ-ას მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება თანხვდნელია გამომძიებლების: თ. გ-სა და გ. ზ-ის ჩვენებებთან.
27. ფაქტი, რომ მ. პ-ის მფლობელობაში არსებული ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ (ჯამურად 603.882122 გრამს) დადასტურებულია საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით და მისი გამცემი ექსპერტების: ი. თ-სა და მ. დ-ს ჩვენებებით.
28. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მოწმის ჩვენებებისა და წერილობითი მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე, დაცვის მხარის მითითებას ნარკოტიკული საშუალებების ა. მ-სა და მ. პ-ის ,,ჩადების“ თაობაზე, ვერ გაიზიარებს, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს თავად საქმის მასალების შინაარსიდან. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტებს ბრალდებულთა დაკავების რეალურ დროსთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულები დააკავეს მათი პირადი ჩხრეკის დამთავრების შემდეგ, რაც დადასტურებულია საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.
29. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამავდროულად, შეაფასა ყველა ის ძირითადი მტკიცებულება, რომელთა შინაარსობრივი ანალიზი მიუთითებს ა. მ-ისა და მ. პ-ის მიერ მსჯავრადშერაცხილი ქმედებების გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით ჩადენას; ხოლო დაცვის მხარეს არ მიუთითებია ისეთი სახის არგუმენტებზე, რომლებიც საკასაციო სასამართლოს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს შეუქმნიდა.
30. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასა და აღნიშნულის შესაბამისად, სასჯელის გამკაცრებაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ნაწილში (მაკვალიფიცირებელი გარემოება ,,წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ“) ბრალდების მხარემ ვერ მიუთითა იმგვარ არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც საკასაციო სასამართლოს საჩივრის დასაშვებობის რომელიმე კანონისმიერ საფუძველს შეუქმნიდა.
31. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლი ერთმანეთისაგან მიჯნავს წინასწარ შეუთანხმებლად, წინასწარი შეთანხმებითა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ცნებებს; ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ,,წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა“ ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის არცერთი მოწმე არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე. სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა მოწმე და არ გამოკვლეულა რაიმე სახის წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მსჯავრდებულების: ა. მ-სა და მ. პ-ის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვას. ამდენად, მოცემულ ნაწილში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედების ჩადენის ფაქტს.
32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად – მის პიროვნებას.
33. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გაითვალისწინა მ. პ-სა და ა. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და მოვალეობათა დარღვევის ზომა, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა (კერძოდ, მ. პ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ წონა შეადგენს 603,882122 გრამს, ხოლო პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,ჰეროინის“ წონა – 34,78 გრამს; ა. მ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,ჰეროინის“ წონა შეადგენს 28,89 გრამს), წარსული ცხოვრება, მ. პ-სა და ა. მ-ის კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს და საქმეში წარმოდგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების მხედველობაში მიღებით სამართლიანად დაუნიშნა, მ. პ-ს განაჩენთა ერთობლიობი, თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და ჯარიმა 5000 ლარი, ხოლო ა. მ-ს აგრეთვე განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.
34. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ დაუსაბუთებია, თუ რით გამოიხატა სასჯელის შეუსაბამობა მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან.
35. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76). ამასთან, საკასაციო პალატა უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს არა აბსოლუტურად ყველა არგუმენტზე პასუხების დეტალურად გაცემას, არამედ იმ ფაქტორებზე მითითებას, რომლებიც გადამწყვეტია კონკრეტული საქმის შედეგისათვის (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia), N21447/11, N35839/11, 27/02/2020, §66).
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების ა. მ-ისა და მ. პ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. პ-ისა – და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 თებერვლის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე