გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1271-01 22 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: თანხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ქ-ძემ სარჩელი აღძრა ა. ს-შვილის წინააღმდეგ და მოითხოვა თანხის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:
1999წ. 24 მაისს მოპასუხემ მოსარჩელისაგან სამი თვით ისესხა 1000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულება დაიდო წერილობითი ფორმით და დადასტურდა სანოტარო წესით. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხა არ დააბრუნა. მ. ქ-ძემ სარჩელით მოითხოვა ძირითადი თანხის – 1000 დოლარისა და ვადის გადაცილებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება (თანხის 6%) სულ 2000 აშშ დოლარი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მან მოსარჩელეს თანხა დაუბრუნა.
საქმის ზეპირი განხილვის დროს მოსარჩელემ განმარტა, რომ მოსარჩელემ მას 1350 აშშ დოლარი დაუბრუნა, მაგრამ სესხი პროცენტიანი იყო და აღნიშნული თანხიდან 500 აშშ დოლარი ძირითადი ვალი იყო, ხოლო 750 აშშ დოლარი – პროცენტი სესხისათვის.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 11 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ა. ს-შვილს მ. ქ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის II ნაწილით, 431-ე მუხლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ქ-ძის სარჩელი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო. სააპელაიცო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი:
1999წ. 24 მაისს მხარეებს შორის დაიყო წერილობითი ფორმით სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მ. ქ-ძისგან ა. ს-შვილმა ისესხა 1000 აშშ დოლარი.
ა. ს-შვილმა 1999წ. შემოდგომაზე გადაიხადა 1350 აშშ დოლარი, რაც აღიარა მ. ქ-ძემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე. სასამართლომ არ გაიზიარა მ. ქ-ძის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული თანხა იყო მხარეთა შორის არსებული (ზეპირი) ხელშეკრულების შესრულება. მ. ქ-ძემ ვერ დაადასტურა სხვა სესხის ხელშეკრულების არსებობა. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით ვერ იქნება დადგენილი სხვა, ზეპირი ხელშეკრულების არსებობა, ხოლო რაც შეეხება მხარეთა შორის არსებულ წერილობითი ფორმის სესხის ხელშეკრულებას 1000 აშშ დოლარზე, აღნიშნული თანხა, გადახდილია 1350 აშშ დოლარის ოდენობით, სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარემ ვადის გადაცილებისათვის სესხად აღებული 1000 დოლარის ნაცვლად დააბრუნა 1350 აშშ დოლარი.
მ. ქ-ძემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 429-431 მუხლები, რადგან მოვალემ შესრულების შესახებ დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა მტკიცებულებებით. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 429-431-ე მუხლები. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მ. ქ-ძემ (კრედიტორმა) აღიარა სადავო თანხის დაბრუნება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება ჩათვალოს საკმარის მტკიცებულებად და საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში მ. ქ-ძის ახსნა-განმარტებით დაადასტურა ა. ს-შვილის შესაბამისი ახსნა-განმარტებაში მითითებული გარემოება, რომ მან ვალი დააბრუნა 1350 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე კოდექსის 132-ე მუხლით დადგენილია მხარეთა აღიარების ფორმა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით გათვალისწინებული სავალო საბუთის არ არსებულის შემთხვევაში მოვალეს შეუძლია სხვა მტკიცებულებებით დაადასტუროს კრედიტორის მიერ შესრულების მიღება, ხოლო თუ კრედიტორი თვითონვე აღიარებს ვალდებულების შესრულებას, ასეთ შემთხვევაში ამავე კოდექსის 427-ე მუხლით ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება. დადგენილია, რომ მ. ქ-ძის აღიარება არ გაქარწყლებულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი მოვალეს აძლევს დავის შემთხვევაში სარჩელისაგან თავდაცვის გარანტიას. სავალო საბუთის გაცემა ხდება მოვალის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ თუ ასეთი საბუთი არ არსებობს, მოვალის მტკიცების ტვირთი ვალდებულების შესრულების შესახებ უფრო მძიმეა, რადგან იგი იძულებულია სხვა მტკიცებულებით ამტკიცოს, რომ ვალდებულება შესრულებულია. მოცემულ შემთხვევაში კი კრედიტორმა აღიარა შესრულების მიღება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდება, თუ სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას კანონის დარღვევას ადგილი არა აქვს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.