¹ 3კ/1272-01 3 აპრილი, 2002 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი: საცხოვრებელ ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობა და ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ა-ოვი და ი. ბ-ოვა 1997 წლიდან ფაქტიურ ცოლქმრულ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ეკლესიური წესით ქორწინების შემდეგ მხარეები ცხოვრობდნენ ი. ბ-ოვის მშობლების ბინაში. აღნიშნულ ბინაში ცხოვრების პერიოდში შეიძინეს ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი, რის შესახებაც სახლის მეპატრონესთან გაფორმდა კერძო ხელწერილი.
სახლის მეპატრონის მიერ ი. ბ-ოვის დედაზე – ა. ბ-ოვაზე გაფორმდა გენერალური მინდობილობა; ამ უკანასკნელმა კი 1999 წლის 11 იანვარს ი. ბ-ოვასთან გააფორმა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება.
ვ. ა-ოვმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საცხოვრებელ ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობა და ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა.
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ა-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა. იგი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ¼1/4-ის მესაკუთრედ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-ოვამ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული ნორმები ეხება მხოლოდ მუღლეთა თანასაკუთრებაში არსებულ ქონებას, რომელიც შეძენილია მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში. ი. ბ-ოვა და ვ. ა-ოვი კი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ.
ქ.თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ი. ბ-ოვას მიერ დამოწმებულია სანოტარო წესით და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის შესაბამისად მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში რეგისტრირებული ქორწინება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ვ. ა-ოვმა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად გადაგზავნა საოლქო სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ. ა-ოვი და ი. ბ-ოვა 1997 წლიდან ეკლესიური ქორწინების საფუძველზე ერთად ცხოვრობდნენ, რეგისტრირებულ ქორწინებაში ისინი არ გატარებულან;
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ იგი ი. ბ-ოვასთან ერთად ქ.თბილისში, ... მდებარე ბინის თანამესაკუთრეა, ვინაიდან ეკლესიური ქორწინება სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს მხოლოდ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს, მხარეთა შორის კი ასეთს ადგილი არ ჰქონია. ამავე კოდექსის 1158-ე მუხლის მიხედვით მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მათ საერთო საკუთრებას წარმოადგენს; განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ი. ბ-ოვა და ვ. ა-ოვი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილან გატარებულნი, არ არსებობს ი. ბ-ოვას სახელზე რეგისტრირებული ბინის თანამესაკუთრედ ვ. ა-ოვის ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
პალატა თვლის, რომ 1998 წლის 11 იანვარს დადებული სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 323-ე და 312-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით და მასში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ა-ოვის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.