Facebook Twitter
3კ-1272-02

3კ-1272-02 19 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: არასაცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლება.

აწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში ... მდებარე სახლის 53/367 ნაწილი ირიცხებოდა შ. ა.-ს სახელზე.

1994წ. 12 ივლისის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით შ. ა.-მ აღნიშნული სახლის ნაწილი გაასხვისა კ. ნ.-ზე.

1994წ. 14 ივლისის ხელშეკრულებით სახლის ეს ნაწილი კ. ნ.-ისაგან შეიძინა მ. მ.-მ. იმავე დღეს შედგენილ განცხადებაში მ. მ.-მ მიუთითა, რომ თანახმა იყო 44 კვ. მ. ფართის ბინის სარდაფი გადაეფორმებინა შ. ა.-ს შვილის ე. ა.-ს სახელზე. ხელმოწერა სანოტარო წესით არ არის დამოწმებული.

2001წ. აპრილში მ. მ.-მ სარჩელი შეიტანა სასამართლოში აღნიშნული სარდაფის გამოთავისუფლებისა და 1995წ. იანვრიდან ფართის გამოუყენებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის 7200 ლარის ანაზღაურების შესახებ.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. მ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე გამოუცხადებლობის გამო.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოსარჩელე მ. მ.-მ. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ივნისის განჩინებით მ. მ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ივნისის განჩინება მ. მ.-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ივლისის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება დატოვებული იქნა უცვლელად.

მ. მ.-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ 2002წ. 3 აპრილის სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. მის რწმუნებულს გ. ბ.-ს 3 აპრილს მონაწილეობა უნდა მიეღო საკასაციო პალატაში ერთ-ერთი საქმის განხილვაში, რის თაობაზეც აცნობა საქმის განმხილველ მოსამართლეს და ითხოვა საქმის გადადება; სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოდან გამოგზავნილი სატელეგრაფო შეტყობინების დედანი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2002წ. 2 აპრილს მ. მ.-ის რწმუნებულმა გ. ბ.-მ განცხადება შეიტანა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში, რომლითაც ითხოვა 2002წ. 3 აპრილს დანიშნული საქმის განხილვის გადადება: გ. ბ.-მ განცხადებას დაურთო საქართველოს უზენაესი სასამართლოდან მიღებული სატელეგრაფო შეტყობინების ასლი იმის თაობაზე, რომ 3 აპრილს 11.00 საათზე დანიშნული იყო მისი მონაწილეობით განსახილველი სს “...-ს” საქმე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის ე. ქეცბაიას 2002წ. 18 აპრილის მომართვაში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ სს “...-ს” საქმე საკასაციო პალატამ განიხილა 2002წ. 3 აპრილს 14.00 საათზე არ წარმოადგენდა იმის მტკიცების საფუძველს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის რწმუნებულის გ. ბ.-ის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით. სასამართლოს გააჩნდა საქმის განხილვის გადადების კანონიერი საფუძველი.

2002წ. 3 აპრილის სხდომაზე გამოცხადების შესახებ გ. მ.-ს გაეგზავნა სისხლის სამართლის საქმის უწყება. ამდენად იგი არ ყოფილა გაფრთხილებული სსკ-ს 72-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებზე.

სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადაგენილი წესით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ივლისის განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.