Facebook Twitter
საქმე # 180100122005377824

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ

საქმე №544აპ-24 ქ. თბილისი
ი-ი ნ, 544აპ-24 16 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. ი-ს, - დაბადებულს ... წლის .. აგვისტოს, - ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, მ-ის რაიონის სოფელ ნ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნ. ი-მა 11 წლის არასრულწლოვან შვილს - გ. ქ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახეში ესროლა რვეული, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე, მ-ის რაიონის სოფელ ნ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნ. ი-მა 11 წლის არასრულწლოვან შვილს - გ. ქ-ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი გაარტყა ერთხელ სახეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 იანვრის განაჩენით:
2.1. ნ. ი-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2021 წლის ნოემბრის დასაწყისში განხორციელებული ქმედება) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 15 ნოემბერს განხორციელებული ქმედება) წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. გაუქმდა ნ. ი-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ნ. ი-ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განაჩენის გაუქმება და ნ. ი-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ნ. ი-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2021 წლის ნოემბრის დასაწყისში განხორციელებული ქმედება) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 15 ნოემბერს განხორციელებული ქმედება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც არასრულწლოვანმა დაზარალებულმა გ. ქ-მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის - დედის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად დასტურდება ნ. ი-ის მის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა.
9. მოწმის სახით დაკითხული ზ. ქ-ძე და ლ. ქ-ე, რომლებიც არასრულწლოვანი დაზარალებულის - გ. ქ-ის ოჯახის წევრები არიან, თავიანთ ჩვენებებში ცალსახად აცხადებენ, რომ ისინი არ ყოფილან ნ. ი-ის მხრიდან მათი არასრულწლოვანი შვილიშვილის - გ. ქ-ის მიმართ ფიზიკური ძალადობის თვითმხილველები 2021 წლის 15 ნოემბერს. ამასთან, მოწმეები სრულებით არ საუბრობენ 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში მომხდარ ფაქტთან მიმართებით; უფრო მეტიც, მიუთითებენ, რომ ადრე არასდროს გაუგიათ ნ. ი-ის მიერ შვილებზე ძალადობის შესახებ. მართალია, დაზარალებულის ბებია და პაპა მიუთითებენ, რომ გ. ქ-ს მათთან სახლში მისვლისას ლოყაზე აღენიშნებოდა სიწითლე, თუმცა მისი წარმოშობის შესახებ ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ მათი არასრულწლოვანი შვილიშვილისგან და იმეორებენ მის ნაამბობს, რომელმაც, თავის მხრივ, არ მისცა სასამართლოს ჩვენება. ბებია და პაპა ასევე ვერ მიუთითებენ, განიცდიდა თუ არა იმ მომენტში მათი შვილიშვილი ტკივილს სახეში განხორციელებული დარტყმის შედეგად და აღნიშნულის თაობაზე ბაბუა გამოთქვამს მხოლოდ ვარაუდს.
10. სახელმწიფო ბრალმდებელი გოჩა ცინცაძე საკასაციო საჩივრით ნ. ი-ის მამხილებელ მტკიცებულებებად მიიჩნევს საქმეზე დაკითხული გამომძიებლების - ე. თ-ის, მ. გ-ის, ქ. გ-ის, ფსიქოლოგ ხ. ღ-ისა და ექსპერტის ჩვენებებს.
11. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსგავსად მიუთითებს შემდეგს: გარდა იმისა, რომ დასახელებული პირები არ ყოფილან ნ. ი-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების თვითმხილველები, მოწმეები, რომლებიც ესწრებოდნენ არასრულწლოვნის გამოკითხვას, განმარტავენ, რომ გ. ქ-ს ცალკეული ქცევა მისი ჩვენების არაგულწრფელობაზე მიუთითებდა. იგი იხსენებდა დედის მხრიდან ძალადობის ფაქტებს, თუმცა, მოწმეთა განმარტებით, მისი ტონი არ იყო დამაჯერებელი, ასევე, ცვლიდა პოზიციებს და სხვადასხვაგვარად აღწერდა ფაქტებს. ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
12. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მნიშვნელოვანი მტკიცებულებას წარმოადგენს 2021 წლის 15 ნოემბერს ნ. ი-ის საცხოვრებელი სახლის წინ (მ-ის რაიონი, სოფელი ნ-რი) მომხდარი შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელიც იწყება 09:54.58 საათზე, რა დროსაც ჩანს ნ. ი-ის საკუთრებაში არსებული სახლის წინა მხარე. ამ დროს კადრში ფიქსირდება გზის პირას ლურჯი ფერის ავტომანქანა, რომელიც ეკუთვნის მოწმე ზ. ქ-ს. კადრში, ასევე, ჩანს ბაცი მწვანე ფერის ავტომანქანა, რომელიც ეკუთვნის ნ. ი-ს, მას აცვია ვარდისფერი ქურთუკი. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ნ. ი-ი უახლოვდება ყოფილი მამამთილის მანქანას, რა დროსაც, ბრალდებულის განმარტებით, ეს უკანასკნელი მას აყენებს შეურაცხყოფას და ემუქრება: „დამაცადე, შენ რა გიყო“, ხოლო ნ. ი-ი განერიდება მას და შედის სახლში, ზ. ქ-ის მანქანა რჩება ადგილზე. კადრში ჩანან ნ. ი-ი და გ. ქ-ძე, ნაცრისფერი ზედით და შავი ფერის შარვლით. 10:12:18 წუთზე ისინი სხდებიან ნ. ი-ის მანქანაში, სადაც ნ. ი-ის განმარტებით, ესაუბრება შვილს. ჩანაწერი სრულდება 10:16:28 საათზე, რა დროსაც ისინი გადმოდიან მანქანიდან, გ-ი მიდის მამის სახლში, ხოლო ნ. ი-ი ბრუნდება სკოლაში.
13. №.. შეტყობინების თანახმად, ინიციატორმა ზ. ქ-მ „112-ში“ დარეკა 10:09:08 საათზე. ჩვენების მიხედვით, მან დახმარება სამართალდამცავ ორგანოებში ითხოვა მას შემდეგ, რაც გ. ქ-ძე მივიდა მათთან სახლში, მისივე განმარტებით, დედისგან ნაცემი. ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერის თანახმად კი, იმ დროს, როდესაც ზ. ქ-ძე დაუკავშირდა „112-ს“, გ. ქ-ძე იმყოფება ჯერ კიდევ დედასთან და მხოლოდ 10:16 საათის შემდეგ მიდის დაზარალებული მამის სახლში. ზ. ქ-ის ჩვენებაში არსებული ამგვარი უხეში უზუსტობა მისი ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ქმნის.

14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №.. დასკვნაში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტების მონაცემებში მოქალაქე გ. ქ-ის სხეულზე მექანიკურ დაზიანებათა რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის. ნიშანდობლივია, რომ გ. ქ-მ უარი განაცხადა სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზების ჩატარებაზე პირადი შემოწმების გზით.

15. რაც შეეხება №... შემაკავებელ ორდერს, საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად, ვერ გაიზიარებს მტკიცებულებად, ვინაიდან მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ი-ის სარჩელი და გაუქმდა მის მიმართ საქართველოს შსს მ-ის პოლიციის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ ე. თ-ის მიერ 2021 წლის 15 ნოემბერს გამოცემული №.. შემაკავებელი ორდერი (ტომი 1, ს.ფ. 211-222).

16. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნო ხდება თავად ნ. ი-ის ნაამბობი მომხდართან დაკავშირებით, რომელმაც განმარტა, რომ შვილის მიმართ არ უძალადია, აღნიშნული ემსახურება ყოფილი მეუღლისა და მისი ოჯახის წევრების მხრიდან მისი დასჯის მიზანს, ვინაიდან ყოფილი მეუღლე არაერთხელ არის გასამართლებული მის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობრივი ქმედებების გამო.

17. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ნ. ი-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2021 წლის ნოემბრის დასაწყისში განხორციელებული ქმედება) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 15 ნოემბერს განხორციელებული ქმედება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები. (იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR, 18/07/2006; Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.




თავმჯდომარე ლ. თევზაძე



მოსამართლეები: შ. თადუმაძე



ნ. სანდოძე