¹ 3კ/1276-01 20 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, მ. ახალაძე
დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. პ-იანი გ. პ-იანის ქალიშვილია. გ. პ-იანმა 1993 წლის 16 ივნისს თავის შვილს ი. პ-იანს აჩუქა ქ.თბილისში, ... მდებარე ბინა.
გ. პ-იანმა 2001 წლის მაისში სარჩელით მიმართა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ი. პ-იანის მიმართ და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება სამოქალაქო კოდექსის 529-530-ე მუხლების საფუძველზე, რადგან ქალიშვილი ჩუქების შემდეგ მას ყურადღებას არ აქცევდა, რაც ი. პ-იანსა და გ. პ-იანს შორის სისტემატური უსიამოვნების საფუძველი გახდა.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით გ. პ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გ. პ-იანმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოსარჩელე გ. პ-იანს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. მოცემული გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ახალი სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. სააპელაციო პალატის მითითებით ახალი სამოქალაქო კოდექსი, მართალია, ძველ სამოქალაქო სამართლის კოდექსთან შედარებით, შესაძლებელს ხდის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას დასაჩუქრებულის მიერ უმადურობის გამოჩენის შემთხვევაში, რაც ადრე დაუშვებელი იყო, მაგრამ აღნიშნული ეხება არა მარტო უძრავ, არამედ მოძრავ ნივთებსაც. ამიტომ სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება ამ კოდექსის ამოქმედებამდე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ ამ შემთხვევაში დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტების თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლი უფლებას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, მიიღოს ახალი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ გ. პ-იანის სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) თანახმად, ჩუქების ხელშეკრულება უპირობო გარიგება იყო და დასაჩუქრებულის უმადურობის საფუძვლით ამ გარიგების გაუქმება კანონით არ იყო გათვალისწინებული.
გ. პ-იანმა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964წ.); მას უნდა გამოეყენებინა ახალი სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, რადგან უძრავი ნივთების მიმართ ეს მუხლი ახალ წესებს ადგენს და აღნიშნული ნორმის მოთხოვნა იმპერატიულია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. პ-იანის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ გ. პ-იანმა ქ.თბილისში, ... მდებარე საკუთარი ბინა 1993 წლის 17 ივნისს აჩუქა ქალიშვილს ი. პ-იანს, რომელიც რეგისტრირებულ იქნა ამ ბინის მესაკუთრედ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში. გ. პ-იანმა 2001 წლის მაისში სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. პ-იანის მიმართ და მოითხოვა ბინის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მისი ქალიშვილი არ უვლის, ბინა კი იმიტომ აჩუქა, რომ შვილის ყურადღება არ მოკლებოდა. მოსარჩელემ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა სამოქალაქო კოდექსის 529-530-ე მუხლების საფუძველზე.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 268_269-ე მუხლები. საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულება დადებულია 1993 წლის 17 ივნისს, იმ დროს მოქმედი ზემოთ აღნიშნული კოდექსის მოქმედების პერიოდში და იგი 268-269-ე და 239-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით არის დადებული.
სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. მოცემულ შემთხვევაში უძრავი ქონების მიმართ ჩუქების ხელშეკრულების დადების რაიმე ახალ წესს სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს.
ის გარემოება, რომ ახალი სამოქალაქო კოდექსის 529-530-ე მუხლები უშვებს შემთხვევებს, როდესაც გამჩუქებელს უფლება აქვს გამოითხოვოს გაჩუქებული ნივთი, არ წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების დადების წესს და იგი იძლევა დადებული ხელშეკრულების გაუქმების შესაძლებლობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელსაც სადავო ჩუქების ხელშეკრულების დადების მომენტში მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებდა. კასატორისათვის ცნობილი იყო რომ, გაჩუქებულ ნივთს უკან ვეღარ გამოითხოვდა, მაგრამ თავისუფალი ნების გამოვლინებით მაინც გააჩუქა ამჟამად სადავო ბინა, რასაც არც თვითონ უარყოფს. ახალი სამოქალაქო კოდექსის 529-530-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები 1993 წელს დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების კანონიერი საფუძველი ვერ გახდება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. პ-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.