Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1280-01 24 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, მ. ახალაძე

დავის საგანი: კანონით მემკვიდრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ ქ. და კ. დ-ძეებს. აღნიშნულ სახლში დედ-მამასთან ერთად ცხოვრობდნენ შვილები. მშობლების სიცოცხლეშივე ჯ. დ-ძის და-ძმები სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად. მამა, კ. დ-ძე, გარდაიცვალა 1985 წელს, დედა, ქ. დ-ძე 1988 წელს. ბ. დ-ძეს არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ვინაიდან იგი იყო მემკვიდრე და სამკვიდრო მიღებულად ეთვლებოდა. ბ. დ-ძე იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და დაბრუნების შემდეგ, 1996 წელს, შეიტყო, რომ 1992 წლის 13 აპრილს მის ძმას, ჯ. დ-ძეს აუღია მშობლების დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა, ხოლო შემდეგ, 2000 წლის 8 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით გაუსხვისებია იგი მ. დ-ძეზე.

ბ. დ-ძემ სარჩელი შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჯ. დ-ძისა და მ. დ-ძის მიმართ სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ბ. დ-ძის სარჩელს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

ბ. დ-ძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოცემულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ბ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება ემყარება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო საჩივრით ბ. დ-ძე უარყოფდა ძმისთვის, ჯ. დ-ძისათვის, მემკვიდრეობის აღდგენაზე მის მიერ განცხადებით თანხმობის მიცემის ფაქტს, მაგრამ სააპელაციო პალატის მთავარ სხდომაზე მან განმარტა, რომ შესაძლებელია, იყო თანახმა ძმას აღედგინა მემკვიდრეობა და მისცა კიდევაც ამის დასადასტურებლად ნოტარიუსს განცხადება, ხოლო სახლის გაყიდვის ნებართვა ძმისთვის არასოდეს მიუცია, მისი ნებართვის გარეშე კი თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის გაყიდვის უფლება მის ძმას არ ჰქონდა.

ბ. დ-ძე განცხადებით ძმას აძლევდა არა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების უფლებას, არამედ სამკვიდრო მოწმობის მიღებისა და შესაბამისად, სამკვიდრო ქონების მის საკუთრებაში გადასვლის უფლებასაც. ამასვე ადასტურებს შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზი. ბ. დ-ძის განცხადების ფორმა იმაზე მიუთითებს, რომ ჯ. დ-ძეზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის დღეს აღნიშნული განცხადება ბ. დ-ძემ უშუალოდ წარუდგინა ნოტარიუსს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტმა ასევე იცოდა თავისი განცხადების შედეგად ჩატარებული სანოტარო მოქმედებისა და იმის შესახებ, თუ ვისზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა. შემდგომში ბ. დ-ძე წლების განმავლობაში აღნიშნულით არ დაინტერესებულა. ვინაიდან სადავო სანოტარო მოქმედება – ჯ. დ-ძეზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა – ნაწარმოებია 1992 წელს, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ. რედაქცია) 75-ე მუხლის საფუძველზე, ამავე კოდექსის მე-80 მუხლით და ბ. დ-ძის მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. დ-ძემ. მან მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ სააპელაციო პალატის განჩინება ყალბ დოკუმენტებს ემყარება, რადგან მას განცხადება სანოტარო ბიუროში არ წარუდგენია და არც თანხმობა მიუცია მშობლების დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობის აღდგენის შესახებ. იგი ასეთ თანხმობას ვერც მისცემდა, რადგან მეორე ძმის _ ა. დ-ძის და დის _ ზ. დ-ძის სამკვიდრო წილებს ვერ განკარგავდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ბ. დ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ ჯ. და ბ. დ-ძეები არიან ძმები. მათ მშობლებს, ქ. და კ. დ-ძეებს, საკუთრებაში ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ქუთაისში. მამა _ კ. დ-ძე გარდაიცვალა 1985 წელს, დედა _ ქ. დ-ძე 1988 წელს. მშობლების საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა ბ. დ-ძე, ხოლო ჯ. დ-ძე კი თავისი ცოლ-შვილით ცხოვრობდა სხვა ბინაში. დედის გარდაცვალების შემდეგ ჯ. დ-ძემ მშობლების დანაშთ მთელ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა აიღო 1992 წლის აპრილში. მან 2000 წლის 8 ნოემბერს ნასყიდობის ხელშეკრულებით ქ. ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი მიჰყიდა მ. დ-ძეს. ბ. დ-ძემ 2001 წლის იანვარში აღძრა სარჩელი სასამართლოში ძმის, ჯ. დ-ძის, მ. დ-ძის მიმართ და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობისა და ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ბ. დ-ძემ ძმის – ჯ. დ-ძის მიერ 1992 წლის აპრილში მშობლების დანაშთ მთელ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის აღების შესახებ მაშინვე იცოდა, რადგან საქმეში წარმოდგენილია ბ. დ-ძის განცხადება ქუთაისის მე-4 სანოტარო კანტორის მიმართ, რომლითაც იგი თანახმაა აწ გარდაცვლილი დედის ქ. დ-ძის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე ქ. ქუთაისში, მემკვიდრეობა აღიდგინოს ძმამ ჯ. დ-ძემ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ბ. დ-ძეს ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წამოუყენებია.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ. რედაქცია) მე-80 მუხლის თანახმად კი სასარჩელო ხანდახმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან; სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა. ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ბ. დ-ძეს 1992 წლის აპრილში, ჯ. დ-ძის მიერ მშობლების დანაშთ მთელ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის აღების დროისათვის, უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამიტომ ამ მომენტიდან იწყება კასატორის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ. რედაქცია) 75-ე მუხლი, რომლის თანახმად საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრება სამი წლით. ვინაიდან ბ. დ-ძის უფლების დარღვევიდან მის მიერ 2001 წლის იანვარში სარჩელის აღძვრამდე სამ წელზე მეტი დროა გასული, სასამართლომ სწორად მიიჩნია მისი მოთხოვნა ხანდაზმულად.

მხარეთა და-ძმამ, ა. და ზ. დ-ძეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე განმარტეს, რომ ისინი არ იყვნენ წინააღმდეგნი ჯ. დ-ძეს რომ აღედგინა მემკვიდრეობა; ა. დ-ძემ განმარტა, რომ ბ. დ-ძემ იცოდა, სადავო საცხოვრებელი სახლი რომ უნდა გაყიდულიყო.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბ. დ-ძის საკასაციო საჩივრის მოტივს სადავო ბინის თაობაზე ჯ. დ-ძესა და მ. დ-ძეს შორის 2000 წლის 8 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის ქ. ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს წარმოადგენდა ჯ. დ-ძე. სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, რომელიც შემძენის ინტერესების დაცვას ეხება, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მ. დ-ძემ იცოდა, რომ ბინის მესაკუთრე იყო მხოლოდ ჯ. დ-ძე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. დ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 ოქტომბრის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.