Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1281-01 4 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი: საცხოვრებელი ფართის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. მ-ისმა სარჩელით მიმართა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს კ. და ა. მ-ისების მიმართ და მოითხოვა Qჭიათურაში, ... მდებარე კ. კ-ოვის (მ-ისი) საკუთრებად აღრიცხული საცხოვრებელი სახლიდან სარგებლობის უფლებით 2\6 წილის საცხოვრებელი და დამხმარე ფართის გამოყოფა და ამ მიზნით საცხოვრებელ სახლში ზოგიერთი გადაკეთების წარმოება. მოსარჩელის განმარტებით, 1996 წელს ცოლად გაჰყვა ა. მ-ისს, რომელთანაც ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა 1996წ. 27 აპრილს; ქორწინების მომენტიდან ცხოვრობდა მუღლის მშობლების საცხოვრებელ სახლში, ოჯახის სრულწლოვანი წევრების, მათ შორის_ სახლის მესაკუთრის თანხმობით; გახდა მათი ოჯახის წევრი; 1996წ. აგვისტოს თვეში ჩაეწერა აღნიშნულ სახლში.

1996წ. 19 დეკემბერს შეეძინა შვილი მ. მ-ისი. დედამთილ-მამამთილი ლ. და კ. მ-ისები 1997 წლიდან საბერძნეთში ცხოვრობენ: 2000წ. ივნისში მუღლემ შვილთან ერთად გამოაძევა სახლიდან ყოველგვარი საფუძვლისა და მიზეზის გარეშე; იგი არ ზრუნავს შვილზე, არც მის რჩენას კისრულობს და არც მის თავშესაფარზე ზრუნავს, დროებით მშობლების სახლში ცხოვრობს.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ. მ-ისს შვილთან ერთად სარგებლობის უფლებით გამოეყო ჭიათურაში, ... მდებარე მოპასუხე კ. მ-ისის საცხოვრებელი სახლიდან მის მიერ სარჩელში მითითებული ფართობი.

ა. და კ. მ-ისებმა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ლ. მ-ისს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრის მიერ მფლობელის მიმართ დასაბუთებული პრეტენზიის წაყენების მომენტიდან ადგილი აქვს მესაკუთრის ნების საწინააღმდეგო მფლობელობას, რაც კეთილსინდისიერ, მაგრამ არაუფლებამოსილ მფლობელობას წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლოს აზრით, მესაკუთრის მიერ ნების გამოხატვის გამო ლ. მ-ისმა დაკარგა მართლზომიერი მფლობელის სტატუსი.

სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით, “კეთილსინდისიერი მფლობელი”, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს.

ბინის მესაკუთრე კ. მ-ისს მისი ყოფილი რძლის მიმართ სამართლებრივი თვალსაზრისით არავითარი მოვალეობები არ გააჩნია; ლ. მ-ისმა უარი თქვა მფლობელობაზე, წაიღო რა სახლიდან ბავშვისა და თავისი პირადი ნივთები, რაც სამოქალაქო კოდექსის 156-ე მუხლის თანახმად მფლობელობის შეწყვეტის საფუძველია;

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-ისმა და მოთხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია; სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არ გაითვალისწინა რა 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა; დავის გადასაწყვეტად არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის ნორმები;

სასამართლომ კანონშეუსაბამოდ განმარტა 168-ე მუხლი, ვინაიდან კ. მ-ისს არავითარი დასაბუთებული პრეტენზია მისთვის არ წამოუყენებია.

დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება, რომ რძლის სტატუსის დაკარგვა იწვევს ბინით სარგებლობის უფლების დაკარგვასაც. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 160-161-ე მუხლები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევით გამოიტანა, კერძოდ, არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 159-ე, 160-ე, 161-ე, 168-ე მუხლები და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ, ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. განსახილველ შემთხვევაში მოდავე მხარეთა შორის ურთიერთობა საბინაო კოდექსის მოქმედების პერიოდში წარმოიშვა, მაგრამ დავა სამოქალაქო კოდექსის ნორმებით უნდა გადაწყდეს, ვინაიდან იგი უძრავი ნივთების მიმართ სხვა სანივთო სამართლებრივ წესებს ადგენს, კერძოდ, მფლობელობის შეწყვეტა, მფლობელობის გადასვლა მემკვიდრეებზე, კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნა, არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობა და ა.შ.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლები; სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საქმის გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

მფლობელის კეთილსინდისიერება თუ არაკეთილსინდისიერება სუბიექტური შეფასების საგანს წარმოადგენს და მათში ვლინდება პირის დამოკიდებულება ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლებისადმი, ხოლო მფლობელობა კანონიერი იქნება თუ უკანონო, ობიექტური, ნორმატიული ნების შეფასების საგანს წარმოადგენს; მფლობელობის ფაქტის შეფასებისას, მხედველობაში მიიღება როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები. ცოლ-ქმრული ურთიერთობა ან მამამთილის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრების, ბინის ფლობის ფაქტი არ არის მფლობელობის სამართლებრივი, კანონიერი საფუძველი. ნორმის შინაარსის მიხედვით მართლზომიერ მფლობელობას შეიძლება მაშინ ჰქონდეს ადგილი, როცა მფლობელობას საფუძვლად მესაკუთრის კეთილი ნება კი არა, სამართლის ნორმატიული ნების საფუძველზე დამყარებული “კანონიერი” ნება უდევს.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ბუნებრივია, იცოდა მისი მფლობელობის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთვა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუ კი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით.

სამოქალაქო კოდექსის 156-ე მუხლის მიხედვით, მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. მოსარჩელე, იგივე მფლობელი, მოითხოვს კ. მ-ისის საცხოვრებელ სახლში სარგებლობის უფლებით იზოლირებული ფართის გამოყოფას და არა _ მფლობელობის აღდგენას. მოქმედი კანონმდებლობით იურიდიული ნორმა, რომელიც მფლობელს უფლებას აძლევს მესაკუთრეს მოსთხოვოს ფართის იზოლირებულად გამოყოფა, არ არსებობს.

ასევე არ არსებობს მოსარჩელის შვილის მ. მ-ისისათვის ფართობის იზოლირებულად გამოყოფის იურიდიული საფუძველი. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის, მოცემულ შემთხვევაში დედის საცხოვრებელი ადგილი; ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ განქორწინების ან სხვა მიზეზის გამო მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდნენ არასრულწლოვანი შვილები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელე ლ. მ-ისის სასარჩელო მოთხოვნის ყოფილი მამამთილის, კ. მ-ისის საცხოვრებელ ბინაში შესახლების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. მ-ისის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.