Facebook Twitter
საქმე # 330100123006975369


საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ

საქმე №606აპ-24 ქ. თბილისი
კ-ა გ, 606აპ-24 16 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აპრილის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძისა და მსჯავრდებულ გ. კ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით:
1.1. გ. კ-ია, - დაბადებული ... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. გ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 22 იანვრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ-მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2023 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 17:40 საათზე, გ. კ-მ, რომელიც მართავდა ,,ფორდ მუსტანგის“ მარკის ავტომობილს, ქ.თ-ში, მ-ის ქუჩაზე ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი პირობების გარეშე მოუცურდა ავტომობილი და გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს ჯერ შეეჯახა ქვეითად მოსიარულეებს - ბ. თ-ს, მ. ბ-ს, ლ. პ-სა და მ. ბ-ს, შემდეგ გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ხეს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო მ. ბ-ი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ბ. თ-მა, ლ. პ-მა და მ. ბ-მა კი მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აპრილის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარინე ლომიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
4.1. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. კ-იას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ფ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. კ-ის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ გ. კ-ის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, ცნობით საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და თანდართული სქემით, მოწმეების - გ. გ-ის, ნ. ჯ-ის, ბ. თ-ის, მ. ბ-ის, ლ. პ-ისა და გ. ბ-ის გამოკითხვის ოქმებით, დაკავების ოქმით, ავტოტექნიკური და სატრანსპორტოტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი მარინე ლომიძე ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ გ. კ-ის დანიშნული სასჯელის დამძიმებას, ხოლო ადვოკატი ნ. ფ-რი - მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.
8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
10. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ გ. კ-ის განსაზღვრულ სასჯელს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.
11. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებისა და დაცვის მხარეების მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. კ-ას მიმართ შეფარდებულ სასჯელთან მიმართებით, ვინაიდან სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული. მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად მიიღეს მხედველობაში გ. კ-ას მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი (მისი ქმედების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები მიიღო სამმა); გ. კ-ას პიროვნული მახასიათებლები (მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, პირველადაა სამართალში), საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და მას განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისა და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, გ. კ-ის დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, რის გამოც არ არსებობს ბრალდებისა და დაცვის მხარეების საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძისა და მსჯავრდებულ გ. კ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აპრილის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.




თავმჯდომარე ლ. თევზაძე



მოსამართლეები: შ. თადუმაძე



ნ. სანდოძე