Facebook Twitter
3კ-1282-02

3კ-1282-02 19 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: ბინის ორდერის ბათილად ცნობა (ძირითად სარჩელში); ბინიდან გამოსახლება (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

გარდაბნის რაიონის გამგეობის 1993წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მ. ხ.-ის ოჯახზე გაიცა თბილისის სანერგე მეურნეობის დასახლების მეორე კორპუსში მდებარე ¹22-23 ერთოთახიანი და ოროთახიანი ბინის ორდერები.

აღნიშნულ ოროთახიან ბინაში შესახლდა მ. ბ.-ი, ხოლო ერთოთახიანში ე. ბ.-ი.

ე. ბ.-მ და მ. ბ.-მ აღძრეს სარჩელი გარდაბნის რაიონის გამგეობის, თბილისის სანერგე მეურნეობის და მ. ხ.-ის მიმართ ორერის ბათილად ცნობის შესახებ. შეგებებული სარჩელით მ. ხ.-მ მოითხოვა ე. ბ.-ის და მ. ბ.-ის ბინიდან გამოსახლება გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1997წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ბ.-ის და მ. ბ.-ის სარჩელები დატოვებული იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ ისინი არ იყვნენ უფლებამოსილი დაეყენებინათ ორდერის ბათილად ცნობის საკითხი. ხოლო საამისოდ უფლებამოსილი გარდაბნის რაიონის გამგეობას ასეთი სარჩელი არ დაუყენებია.

სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ხ.-ის შეგებებული სარჩელი ე. ბ.-ი და მ. ბ.-ი გამოსახლებულნი იქნენ მათ მიერ დაკავებული ბინებიდან სხვა ფართის მიუცემად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998წ. 29 სექტემბრის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 28 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ბ.-ის საზედამხედველო საჩივარი. გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1997წ. 19 ივლისის გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება დარჩა უცვლელად.

2001წ. ივნისში მ. ბ.-მ განცხადებით მიმართა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. იმ საფუძვლით რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო ბინების განაზილების კომისიის 1993წ. 6 აგვისტოს სხდომის ოქმს. აღნიშნული ოქმის გაყალბების ფაქტი დადგინდა გარდაბნის რაიონის პროკურატურის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმით. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 მაისის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე თ. დ.-ს მიმართ წარმოებით შეწყდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ბ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. იმ საფუძვლით, რომ გარდაბნის რაიონის პროკურატურის საბრალდებო დასკვნა წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, ხოლო გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ შეწყვიტა აღნიშნული საქმე ხანდაზმულობის ვადის გამო ისე, რომ განსასჯელის ბრალეულობაზე არ უმსჯელია.

მ. ბ.-მ რაიონული სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და ტგაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივლისის განჩინებით რაიონული სასამართლოს განჩინება დატოვებული იქნა უცვლელად.

მ. ბ.-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას, იმ საფუძვლით, რომ სსკ-ს 423-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად სასამართლოს განჩინება ახლად აღმოჩენილ გარმეოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი თ. დ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დადგა არა მტკიცებულებების უკმარისობის, არამედ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

მ. ბ.-მ 1994 წელს აღძრა სარჩელი მის მიერ უნებართვოდ დაკავებული ბინის ფართზე უფლებამოპოვებულად ცნობის შესახებ. გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1995წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995წ. 5 ივლისის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განცხადებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სანერგე მეურნეობის დასახლების მეორე კორპუსში მდებარე ოროთახიანი ბინა მ. ხ.-ის ოჯახმა მიიღო კანონით დადგენილი წესით – გარდაბნის რაიონის გამგეობის 1993წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ორდერის შესაბამისად.

სასამართლომ მ. ბ.-ის სარჩელი დატოვა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ იგი არ იყო უფლებამოსილი დაეყენებია ხ.-ზე გაცემული ორდერის ბათილად ცნობის საკითხი.

თბილისის სანერგე მეურნეობის საბინაო კომისიის 1993წ. 6 აგვისტოს ოქმის მიხედვით საერთოდ არ უმსჯელია მ. ბ.-ის სადავო ბინის გამოყოფის თაობაზე. მ. ბ.-ის სარჩელი სადავო ბინის ფართზე უფლებამოპოვებულად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1995წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით, ხოლო ეს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995წ. 6 ივლისის განჩინებით დატოვებულ იქნა უცვლელად.

სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელიც გადაწყვეტილებას ემყარება, ყალბია, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილის “ა-გ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, ან თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება და ჩატარება ვერ ხორციელდება არა მტკიცებულებათა უკმარისობის, არამედ რაიმე სხვა მიზეზით.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 მაისის დადგენილებით თ. დ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა წარმოებით ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სისხლის სამართლის საპოცესო კოდექსის 28 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

გარდაბნის რაიონულ სასამართლოს 2001წ. 29 ოქტომბრის დადგენილებით თ. დ. რეაბილიტირებული იქნა.

თბილისის სანერგე მეურნეობის ბინების გამანაწილებელი კომისიის 1993წ. 6 აგვისტოს ოქმის სიყალბე დადასტურებულიც რომ ყოფილიყო იგი ვერ დაედებოდა საფუძვლად ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას, რადგან ამ დოკუმენტს სასამართლოს გადაწყვეტილება არ ემყარება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.