¹ 3კ-1283-01 6 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი
სარჩელის საგანი: მიწის ნაკვეთით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა და ზარალის - 17209 ლარის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 28 დეკემბერს ფ. კ-ძემ შპს “ფ.-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა და მიყენებული ზარალის _ 17209 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის შეტანის შემდეგ მოსარჩელის მხარეს ჩაება სათანადო პირი შპს “ო.-ს” დირექტორი ნ. გ-ძე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 27 აპრილის პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის განჩინებით, ვინაიდან ნ. გ-ძე კვლავ არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მოცემულ საქმეზე მიღებული პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 6 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2001 წლის 11 ივლისს მიღებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
2001 წლის 12 დეკემბერს შპს “ო.-ს” დირექტორმა ნ. გ-ძემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე შ. ხ.-ე, ამავე სასამართლოს მოსამართლე ვ. ს.-ა, დაინტერესებულნი არიან ამ საქმით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, საქმე არ გადააგზავნოს უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო, რადგან არავითარი გარანტია არ გააჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლო კვლავ არ მიიღებს უკანონო გადაწყვეტილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა.
მართალია, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი, მაგრამ ეს წესი წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს უფლებას და არა მოვალეობას. კანონის მითითებული ნორმის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო წყვეტს, გადააგზავნოს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში თუ თვითონ გადაწყვიტოს იგი. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის პირველ ინსტანციაში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოტივად მიუთითა ის გარემოება, რომ თუ კი მოცემულ საქმეს უშუალოდ სააპელაციო სასამართლო განიხილავდა მხარეებს ეკარგებოდათ დავის პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განხილვის უფლება და განუხილველი დარჩებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობები მოწმეთა დაკითხვის, თუ წარმოდგენილ მტკიცებულებათა სიყალბის თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისათვის გადაგზავნის დაუშვებლობის თაობაზე, უსაფუძვლოა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები (მოსამართლის და სასამართლოს თავმჯდომარის დაინტერესება მოცემული საქმით, ანდა ის, რომ არავითარი გარანტია არ გააჩნია, რომ იგივე სასამართლო კვლავ არ მიიღებს უკანონო გადაწყვეტილებას) არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ მოცემული საქმის განხილვა დაიქვემდებაროს სააპელაციო სასამართლომ.
კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის საფუძველზე შეუძლია ზემოთ მითითებული მოტივით მოსამართლის აცილების საკითხი დააყენოს პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა პაექრობის დაწყებამდე.
ამასთან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
2001 წლის 11 ივლისს საქალაქო სასამართლოს ნაცვლად მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა მიღებული აქვს განჩინება დაუსწრებლობის მოტივით.
საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. კანონის აღნიშნული მოთხოვნა იმაზე მიუთითებს, რომ განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ შეიძლება მიღებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო სხდომაზე, რომელიც მოწვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გამოცხადდა საჩივრის ავტორი და მის მიერ შეტანილი საჩივრის განხილვის შედეგად გამოირკვევა, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ საჩივრის განხილვისას სხდომაზე არ გამოცხადდება საჩივრის ავტორი, სასამართლოს გამოაქვს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ აკმაყოფილებს საჩივარს და უცვლელად ტოვებს პირველ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საჩივრის განხილვის დროს არ გამოცხადდა საჩივრის ავტორი, საქალაქო სასამართლოს უნდა მიეღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და არა განჩინება. თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მითითებული განჩინება თავისი შინაარსით მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს ნაცვლად განჩინებისა, მიღებული აქვს გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება და სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, მართალია, დაარღვია ზემოთ მითითებული მუხლის პირველი წინადადების მოთხოვნა, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად საპროცესო სამართლის ნორმის დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორია, მითითებული დარღვევა არ შეიძლება გახდეს გაუქმების საფუძველი. მითუმეტეს, ამ დარღვევასთან დაკავშირებით კასატორი არაფერს მიუთითებს თავის საკასაციო საჩივარში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეცდომითაა დასათაურებული გადაწყვეტილებად, თავისი შინაარსით იგი განჩინებაა და იგი განჩინებად უნდა იქნეს მიჩნეული.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საფუძვლად არ უდევს კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ო.-ს” დირექტორის ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 6 ნოემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.