გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1284-01 19 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ც. რ-ი 1974წ. 7 ოქტომბრიდან მუშაობდა საქართველოს სოცუზრუნველყოფის სამინისტროს ... ცენტრში სხვადასხვა თანამდებობებზე.
2000წ. 5 სექტემბრიდან სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეორგანიზაციის გამო ლიკვიდირებული იქნა საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრი, როგორც იურიდიული პირი და გადანაწილდა მისი ფუნქციები.
2000წ. 6 ოქტომბრის ბრძანებით ც. რ-ი 2000წ. 5 სექტემბრიდან დაინიშნა პერსონიფიკაციის განყოფილების ...ად, სამი თვის საგამოცდო ვადით.
ამ თანამდებობიდან ც. რ-ი განთავისუფლებულ იქნა ფონდის ხელმძღვანელის 2000წ. 6 დეკემბრის ბრძანებით საგამოცდო ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო.
2001წ. 4 იანვარს ც. რ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სამუშაოზე აღდგენის შესახებ იმ საფუძვლით, რომ იგი სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდში საგამოცდო ვადით არ ყოფილა მიღებული.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ც. რ-ი აღდგენილ იქნა საქართველოს სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის პერსონიფიკაციის განყოფილების ...ის თანამდებობაზე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა.
პალატამ შეამოწმა რა გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მიაჩნია, რომ იგი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგი გარემოების გამო:
დადგენილია, რომ ც. რ-ი 2000წ. 5 სექტემბრიდან საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრის ლიკვიდაციის გამო განთავისუფლებულ იქნა ...ის თანამდებობიდან.
2000წ. 5 სექტემბერს ც. რ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დირექტორს სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე მიღების შესახებ.
საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 სექტემბრის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელი ი. კ-ეE საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ არასწორად შეფასდა 2000წ. 6 ოქტომბრის თარიღით შედგენილი აქტი, რომლის თანახმად ც. რ-მა უარი განაცხადა გაცნობოდა ბრძანებას საგამოცდო ვადით მისი სამსახურში დანიშვნის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2000წ. 5 სექტემბრიდან საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრის ლიკვიდაციის გამო ც. რ-ი განთავისუფლდა ცენტრის ...ის თანამდებობიდან.
ც. რ-მა 2000წ. 5 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დირექტორს შესაბამის თანამდებობაზე მიღების შესახებ. იმავე დღეს ც. რ-ი შეუდგა მუშაობას პერსონიფიკაციის განყოფილების ...ის თანამდებობაზე. შრომის კანონთა კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად შრომის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მაშინაც, როცა ბრძანება ან განკარგულება არ იყო გაცემული, მაგრამ მუშაკი ფაქტიურად დაშვებული იყო სამუშაოდ იმ თანამდებობის პირის მიერ, ვისაც ამ სამუშაოზე მიღებისა და განთავისუფლების უფლება აქვს. 2000წ. 5 სექტემბერს ც. რ-სა და სოცუზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს შორის დაიდო შრომის ხელშეკრულება რა დროსაც მხარეებს შორის არ მომხდარა შრომის კანონთა კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეთანხმება საგამოცდო ვადის დანიშვნის შესახებ. მიუხედავად ამისა 2000წ. 6 ოქტომბრის ბრძანებით ც. რ-ს იმავე წ. 5 სექტემბრიდან დაენიშნა სამთვიანი საგამოცდო ვადა.
სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელობას არ გააჩნდა საგამოცდო ვადის დანიშვნისა და საგამოცდო ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ც. რ-ის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების კანონიერი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და სწორად გამოიყენა მატერიალური სამართლის ნორმები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაოქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
არ დაკმაყოფილდეს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.