გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1285-02 28 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 21 ივნისს ი. ა-მ სარჩელი აღძრა კ. მ-ის მიმართ და მოითხოვა იძულებითი წესით ალიმენტის გადახდის დაკისრება.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კ. მ-ს დაეკისრა ალიმენტი 1997წ. 7 მაისს მხარეთა რეგისტრირებულ ქორწინებაში დაბადებული გ. მ-ის სარჩენად, ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით ბავშვის სრულწლოვანებამდე. მასვე დაეკისრა სარჩო შრომისუუნარო მეუღლის ი. ა-ს სასარგებლოდ ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. მ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, და საქმის დაბრუნება პირველ ინსტანციაში ხელახლა განსახილველად.
2002წ. 28 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და კ. მ-ს ი. ა-ს სასარგებლოდ დაეკისრა სარჩოს სახით, ყოველთვიურად, 20 ლარის გადახდა. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა, რომ მოპასუხის ყოველთვიურ შემოსავალს წარმოადგენდა 89 ლარი, ბავშვისთვის კი დაკისრებული აქვს ყოველთვიურად 30 ლარი. საოლქო სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ს 1182-ე და 1185-ე მუხლებით და შეამცირა მეუღლის სასარგებლოდ დაკისრებული 50 ლარი 20 ლარამდე. ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ სსკ-ს 391-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევებში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. მიუხედავად ზემოთქმულისა კ.მ-მა თბილისის საოლქო სასამართლოს 28 ივნისის განჩინებაზე შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად ან ახალი გადაწყვეტილებით ი.ა-ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდისაგან განთავისუბლება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ კ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სსკ-ს 391-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევებში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. მოცემულ შემთხვევაში კ. მ-ი მოითხოვს მისი მეუღლის, ი. ა-ს სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის გადახდისაგან განთავისუფლებას, რაც თავდაპირველად შეადგენდა 50 ლარს, ხოლო სააპელაციო პალატის მიერ შემცირებულ იქნა 20 ლარამდე. სსკ-ს 41-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, ამდენად მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენს 240 ლარს. ვინაიდან, დავის საგნის ღირებულება არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 391-ე და 408-ე მუხლის III ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კ. მ-ი საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 28 ივნისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.