Facebook Twitter
საქმე # 330100122005885348


საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ


საქმე №140აპ-24 ქ. თბილისი
ბ. ლ. 140აპ-24 1 მაისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვასილ სამხარაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

1.1. ლ. ბ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

1.2. გ. ბ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. ბ–სა და გ. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 16 მაისს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, მ–ს .. მიკრორაიონის მე-.. კორპუსის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკებისას ლ. ბ–მ და გ. ბ–მ სხვა პირებთან ერთად რამდენჯერმე დაარტყეს სხეულზე ხელი ბ. ხ–სა და კ. ხ–ს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. ლ. ბ. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.2. ლ. ბ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;

3.3. გ. ბ. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.4. გ. ბ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ვასილ სამხარაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ლ. ბ–სა და გ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულების – ლ. ბ–სა და გ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ჯ–მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად;

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ვასილ სამხარაძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, ლ. ბ–სა და გ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

6.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია გამართლებულების – ლ. ბ–სა და გ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ჯ–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებულების – ლ. ბ–სა და გ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ლ. ბ–სა და გ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით ადასტურებს ლ. ბ–სა და გ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულების – კ. ხ–ს (დაზარალებულის განმარტებით 2020 წლის 16 მაისს, შუა დღის პერიოდში, ის და მისი ძმა იმყოფებოდნენ სახლში. გარედან შემოესმა ბავშვების მიერ მის სარდაფში ქვების ჩაყრის ხმა და ფანჯრიდან გადახედვისას გ. ბ–ს შვილს მისცა შენიშვნა. ცოტა ხანში გ. ბ. მივიდა მის ფანჯარასთან და უთხრა, რომ გარეთ გამოსულიყო სასაუბროდ, რაზეც დასთანხმდა. სანამ ტანსაცმელს ჩაიცვამდა, იქ ასევე მივიდა ვინმე გ. კ–ი, რომელმაც აგრესიულად მიუკაკუნა ფანჯარაზე და გარეთ გაიხმო. გარეთ გასვლისას კორპუსის სადარბაზოსთან დაიწყეს საუბარი, საიდანაც გადაინაცვლეს მისი სარდაფისკენ, სადაც მან გ. ბ–ს აჩვენა, თუ სად ყრიდა ბავშვი ქვებს. ამ დროს გ. კ–ი გადავიდა აგრესიულ საუბარზე და პირველად დაარტყა ხელი მას, რაც გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში. იგი მეტ-ნაკლებად, ცდილობდა თავი დაეცვა და უკან იწევდა. ამ დროს შემოუერთდა ლ. ბ–ც, რომლისგანაც მას ერთხელ მოხვდა ხელი. სამივე პირი იყო ნასვამი. ჩხუბისას გ. ბ–მ რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახისა და თავის არეში, რის შედეგადაც მან განიცადა ტკივილი; ლ. ბ–მ მხოლოდ ერთხელ დაარტყა მუშტი სახის არეში და ტკივილის განცდა ზუსტად არ ახსოვს - წესით უნდა განეცადა ტკივილიც. ჩხუბი დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ჩხუბის ხმაზე გამოვიდა მისი ძმა ბ. ხ–ი, რომელმაც იკითხა თუ რატომ ურტყამდნენ მის ძმას, რაზეც მასაც გაუსწორდნენ ფიზიკურად. პირველად გ. ბ–მ მოუქნია მუშტი სახის არეში და ტუჩი გაუხეთქა, შემდეგ გ. კ–მა დაარტყა ხელი სახეში. გ. ბ–მ და გ. კ–მა, თითოეულმა დაახლოებით 3-4-ჯერ დაარტყეს ბ. ხ–ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ტკივილს განიცდიდა) და ბ. ხ–სა (დაზარალებულის განმარტებით, 2020 წლის 16 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ის და მისი ძმა იმყოფებოდნენ სახლში, რა დროსაც გარედან შემოესმათ ხმა, იგი ამ დროს აბაზანაში იყო, ხოლო კ. ხ–მა გადაიხედა ეზოში და ნახა რომ მეზობელ გ. ბ–ს შვილი - ნ. ბ–ე მათ სარდაფში რაღაც ნივთებს ყრიდა, რაზეც კ–მა ფანჯრიდანვე მისცა შენიშვნა. ცოტა ხანში მათთან მივიდნენ გ. ბ–ე, ლ. ბ–ე და გ. კ–ი და კარზე ბრახუნით კ. ხ–ს მოუწოდებდნენ გარეთ გასვლისკენ. კ–მა მას აბაზანაში შეუღო კარი და უთხრა, რომ გარეთ გადიოდა, რადგან ბ–ე ეძახდა. ცოტა ხანში მას გარედან ჩხუბის ხმა შემოესმა, მაშინვე გავიდა გარეთ და დაინახა, ლ. ბ. და გ. კ. (რომლებსაც არ იცნობდა მანამდე), თავში ურტყამდნენ კ. ხ–ს, ხოლო გ. ბ–ს დარტყმული მას არ დაუნახავს. მან ამ უკანასკნელს ჰკითხა თუ რატომ სცემდა სამი კაცი ერთს, რაზეც გ. ბ–მ უპასუხა, რომ კ. ხ–მა მის შვილს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. გ. ბ. ამ დროს იყო ნასვამ მდგომარეობაში, სპირტის სუნი ამოსდიოდა და ამ საუბრისას ხელი მოუქნია მას სახეში, რის შედეგადაც ტუჩი გაუსკდა. ამავე დროს გ. კ–მა თავში ჩაარტყა მას ხელი, რის შედეგადაც თავიდან ქუდი მოსძვრა. ლ. ბ–ს მისთვის არ დაურტყამს, იგი მოშორებით იდგა სარდაფის მხარეს. დარტყმების შედეგად მან იგრძნო ტკივილი და მთელი დღის განმავლობაში, პირიდან სისხლი მოსდიოდა, ხოლო მის ძმას ცემის შედეგად საფეთქლებთან ჰქონდა დაზიანებები. ინციდენტი დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და სხვა პირი არ შესწრებია) ჩვენებები, რომლებიც ეწინააღმდეგება როგორც ერთმანეთს, ასევე სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2020 წლის 16 მაისს განვითარებულ მოვლენებს დაზარალებულთაგან განსხვავებულად, თუმცა გამართლებულ ლ. ბ–სა და გ. ბ–ს ჩვენებთან თანხვდენილად აღწერენ შემთხვევის თვითმხილველი პირები. კერძოდ,

13.1. მოწმე ნ. პ–მა, მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ადგილი ჰქონდა მხოლოდ ხმამაღალ საუბარსა და სიტყვიერ კამათს გ. ბ–სა და კ. ხ–ს შორის, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა და მხოლოდ ორმხრივი გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით შემოიფარგლა. როდესაც კონფლიქტი ამოიწურა, სახლიდან გამოვიდა კ. ხ–ს ძმა ბ. ხ–ი, რომელიც იგინებოდა, თუმცა ამით კონფლიქტი არ განახლებულა, რადგან მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია

13.2. მოწმე გ. ტ–მ მიუთითა, რომ იგი უშუალოდ შეესწრო თავისი მეზობლების - გ. ბ–სა და კ. ხ–ს შორის ხმამაღალ საუბარსა და შეურაცხმყოფელ კამათს, თუმცა კატეგორიულად უარყო, რომ ხმამაღალი საუბრის გარდა იქ ფიზიკური დაპირისპირებაც მომხდარიყო. მოწმის ჩვენებით, საუბრისას მხოლოდ კ. ხ–მა აიქნია ხელი, რაც გ. ბ–ს მოხვდა ტუჩში.

13.3. შემთხვევის თვითმხილველმა მოწმეებმა (რომელთა გამოკითხვის ოქმებიც ცნობილია უდავოდ) გ. კ–მა, მ. ჩ–მა, ნ. მ–მა, ნ. შ–მ, ს. კ–მ, ნ. უ–მა, გ. ჯ–მ, არასრულწლოვნებმა ს. ბ–მ და ნ. ბ–მ ასევე დაადასტურეს, რომ ისინი უშუალოდ შეესწრნენ მეზობელთა კონფლიქტს, თუმცა მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

14. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს პატრულ-ინსპექტორ შ. მ–ს გამოკითხვის ოქმს (მხარეთა მიერ ცნობილია უდავოდ), რომლის თანახმად, მოწმის განმარტებით, 2020 წლის 16 მაისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გამოძახების საფუძველზე გამოცხადდა მითითებულ მისამართზე, სადაც კ. და ბ. ხ–ები უთითებდნენ გ. და ლ. ბ–ებთან ფიზიკურ დაპირისპირებაზე, თუმცა მოწმის გამოკითხვის ოქმში არ არის მითითებული, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფ დაზარალებულებს რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება ჰქონდათ, უთითებდნენ ან უჩიოდნენ ტკივილის განცდაზე (ს.ფ. 8-10);

15. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის N.........., N.........., N.......... და N......... დასკვნებთან მიმართებით, სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს, რომ ექსპერტიზის დასკვნებით დაზიანებების ხანდაზმულობის განსაზღვრა სამედიცინო დოკუმენტაციაში დაზიანებების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო შეუძლებელია, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე ობიექტურად შეუძლებელია განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირების ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ლ. ბ–სა და გ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულების სასარგებლოდ

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის მოთხოვნების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07,par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009). ამასთან, ვინაიდან მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

19. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

21. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვასილ სამხარაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი