საქმე # 010100122006248451
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №235აპ-24 ქ. თბილისი
გ. შ. 235აპ-24 29 მაისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: შ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
1.1. დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისა მითითებულია საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, რაც წინასასამართლო სხდომის ეტაპზე, 2022 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა დააზუსტა და განმარტა, რომ იყო ტექნიკური ხასიათის შეცდომა და შ. გ–ს ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის სხდომის ოქმი).
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2.1. 2021 წლის იანვრში, ქ. ბ–ში, ........ის ქუჩაზე მდებარე სახლში ურთიერთშელაპარაკებისას შ. გ–მა იძალადა თავისი ოჯახის წევრის, მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, წინასწარი შეცნობით, ორსული მეუღლის – ს. ქ–ს მიმართ, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ ორივე ხელი ძლიერად ჰკრა გულ-მკერდის არეში და მიახეთქა კედელს. აღნიშნულის შედეგად ს. ქ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
2.2. 2022 წლის 23 აგვისტოს, შუადღის საათებში ქ. ბ–ში, ზღვისპირა პარკში, ე.წ. „..........ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, შ. გ–მა იძალადა თავისი ოჯახის წევრის, მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის – ს. ქ–ს მიმართ, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ მარჯვენა ხელი დაარტყა მარცხენა ხელზე. აღნიშნულის შედეგად ს. ქ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
2.3. 2022 წლის 23 აგვისტოს, საღამოს საათებში ქ. ბ–ში, .........ის ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, შ. გ–მა იძალადა თავისი ოჯახის წევრის, მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ს. ქ–ის მიმართ, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ ხელი დაარტყა მარცხენა ხელზე. აღნიშნულის შედეგად ს. ქ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
2.4. 2022 წლის 23 აგვისტოს, საღამოს საათებში ქ. ბ–ში, ....... ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, შ. გ–ი სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ს. ქ–ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. ს. ქ–მ შ. გ–ს მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 7 სექტემბრის განაჩენით:
3.1. შ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
3.2. შ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 23 აგვისტოს შუადღის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.3. შ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 23 აგვისტოს საღამოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.4. შ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
3.5. შ. გ–ს განემარტა, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 7 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა და მოითხოვა შ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის შესაბამისი, მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 7 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნიკა მენთეშაშვილი ითხოვს შ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის შესაბამისი, მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს შ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის შესაბამისი, მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ს. ქ–მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის – შ. გ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ შ. გ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის – უნდა დასტურდებოდეს, რომ დამნაშავის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ფსიქოლოგიური ტანჯვა.
12. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში, დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობის პირობებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება შ. გ–ს ქმედებით დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა და მუქარის განხორციელების შიშის საფუძვლიანობა.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეები: მ. მ–ე და ი. ე–ე არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი, არ შესწრებიან ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტებს, მათთვის ს. ქ–ს მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობისა და მუქარის შესახებ ცნობილი გახდა დაზარალებულისგან, შესაბამისად, მათი ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
14. შეტყობინების (შეტყობინების რეგისტრაციის N....) შინაარსის გაზიარებასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს რომ დაზარალებულის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით. ამასთან, შეტყობინების გაკეთებისას დაზარალებული არ ფრთხილდება ცრუ დასმენისათვის (საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის (საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.
15. №..... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმთან დაკავშირებით სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს რომ ორდერი ხელმოწერილია და არ ყოფილა გასაჩივრებული. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ორდერში მხოლოდ ზოგადად არის მითითებული 2022 წლის 23 აგვისტოს შ. გ–ს მიერ დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობის და მუქარის ფაქტებზე. ორდერი არ აკონკრეტებს არც ფიზიკური დაზიანების მიყენების ლოკალიზაციას, ხერხს, დაზიანების არსებობას, დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდას, დაზიანების მიყენების ადგილს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ფიზიკური დაზიანების ნაწილში სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს შორის არსებულ წინააღმდეგობას. კერძოდ, ბრალის დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარე შ. გ–ს ედავება 2022 წლის 23 აგვისტოს დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობის ორ ეპიზოდს. ამასთან, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, შ. გ–მა დაზიანება მიაყენა დაზარალებულს მარცხენა ხელზე ( ორი ეპიზოდი), ხოლო 2022 წლის 5 სექტემბრის N....... სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულს აღენიშნებოდა ერთი სისხლნაჟღენთი - მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე, ზედა მესამედში.
16. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქმე განიხილება წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს მათ შორის საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, და მოცემულ შემთხვევაში სს საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება დაზარალებულისათვის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული დაზიანების მიყენება, სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
17. „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
18. სასამართლო ითვალისწინებს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ს. ქ–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, დაზიანება მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
18.1. სასამართლო ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობა, ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, როდესაც დაზარალებული იყენებს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებულ უფლებას, ხოლო საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება რაც დაადასტურებდა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებების წარმოშობას უშუალოდ შ. გ–ს მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ქმედების შედეგად.
19. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს სსსკ-ი არ ადგენს განსხვავებულ (უფრო დაბალ) მტკიცებით სტანდარტს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის, 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე: Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, 9/07/2019).
21. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით (მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 581-ე მუხლით) გათვალისწინებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის მნიშვნელობასა და მათ როლზე აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოებაში.
22. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს. მაგალითად, ის არ ახდენს ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასებას, რომლებსაც დაეყრდნენ ქვედა ინსტანციის სასამართლოები და მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/20202).
23. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
24. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
26. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი