Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1288-01 6 სექტემბერი, 2002 წ., ქ .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე, ქ. გაბელაია

დავის საგანი: ბინის ქირის დაკისრება, მორალური ზიანი ანაზღაურება, ბინიდან გამოსახლება (ძირითად სარჩელში); საცხოვრებელ ადგილზე მესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

ქ.თბილისში, ... მდებარე სახლმფლობელობა ლ. ფ-ემ 1990წ. იანვარში იყიდა შ. ა-ისაგან.

აღნიშნულ სახლში 21,5 კვ.მ. ოთახში 1960 წლიდან ცხოვრობდა გ. თ-ს ოჯახი. 1960წ. 8 თებერვალს შედგენილი ხელშეკრულების მიხედვით ბინაში თ-ების შესახლებისას შ. ა-ს მიღებული აქვს 25000 მანეთი.

ლ. ფ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გურამ, მ., ე., ზ. და მა. თ-ების მიმართ ბინის ქირის დაკისრების და გამოსახლების შესახებ.

გ. და ე. თ-ებმა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს საცხოვრებელ სადგომში მესაკუთრედ ცნობა.

ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 13 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა იმგვარად, რომ მოპასუხეებს დაეკისრათ ბინის ქირის, 300 ლარის, გადახდა. დადგენილ იქნა 21,5 კვ.მ. ბინიდან მოპასუხეების გამოსახლება მას შემდეგ, როდესაც ლ.ფ-ე გადაუხდიდა მათ დაკავებული ბინის ღირებულების კომპენსაციას. არ დაკმაყოფილდა გ. და ე. თ-ების შეგებებული სარჩელი სადავო ბინის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

ლ. ფ-ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ბინის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და მიუთითა, რომ თანახმა იყო მოპასუხეებისათვის შეეძინა სამაგიერო ბინა ქ.თბილისის ფარგლებში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 12 ნოემბრის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ლ. ფ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას მისი მოთხვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ.თბილისში ... მდებარე სახლის მესაკუთრეა ლ. ფ-ე, 1990წ. 16 იანვარს შ. ა-თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

თ-ების ოჯახს აღნიშნულ სახლში 21,5 კვ.მ ფართის ორი ოთახი დაკავებული აქვს ჯერ კიდევ 1960 წლიდან სახლის ძველ მესაკუთრესთან დადებული გარიგების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა იმის თაობაზე, რომ დავა მოწესრიგებული უნდა ყოფილიყო კანონით “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” და რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონის მე-3 მუხლის “ბ” პუნქტი, რომელიც ნამეტი ფართობიდან მოსარგებლის გამოსახლებას ითვალისწინებს, თუ მესაკუთრეს საცხოვრებელი სადგომი სჭირდება თავისთვის ან ახლო ნათესავისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლოს 2001წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად ჩაითვალა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” სპეციალური კანონის მე-5 მუხლი, რომელიც მესაკუთრეს უფლებას აძლევდა მოეთხოვა სარგებლობის შეწყვეტა. სპეციალური კანონის ამჟამად მოქმედი ნორმები არ ითვალისწინებს მითითებული საკითხების მოწესრიგებას. კანონში იმპერატიულად არის მითითებული, რომ ეს ურთიერთობები არ არის წარმოშობილი ქირავნობის ხელშეკრულებიდან. საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის წამოჭრილი დავა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმების შესაბამისად, რომლებიც ითვალისწინებს მფლობელისა და მესაკუთრის უფლება-მოვალეობებს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორი შეფასება ჰქონდა მიცემული ფაქტობრივ გარემოებებს, გადაწყვეტილება არ იყო საკმაოდ დასაბუთებული, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის და 385-ე მუხლის I ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად წარმოადგენდა გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველს.

ასეთ პირობებში საკასაციო პალატა ვერ დააკმაყოფილებს კასატორის მოთხოვნას სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001წ. 12 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.