3კ-1289-02 20 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქარტველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე გ. ლ.-ის სარჩელი.
მოპასუხეს _ შპს გაზეთ “მ.-სა” და ი. გ.-ს დაევალა “ა.-ის” ფურცლებზე გ. ლ.-ის ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციის მონაცემების გამოქვეყნება იმ განმარტებით, რომ გაზეთ “მ.-ის” ... ივლისის ¹...-ში (...) გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში _ “...”, გ. ლ.-ის მიმართ გავრცელებული ინფორმაცია სიძის დახმარებით აგარაკის აშენების, ქ. თბილისში გ. ლ.-ის საკუთრებად რიცხული ბინის გრანდიოზულობის, დევნილობის პერიოდში ქონების შეძენის, მისი შემოსავლებისა და ხარჯების შეფარდების შესახებ ფაქტობრივ გარემოებათა ზედაპირული შესწავლის შედეგი და მხოლოდ პირადი (ჟურნალისტისა და გაზეთის) შეხედულებაა.
მოპასუხე შპს გაზეთ “მ.-სა” და ი. გ.-ს გ. ლ.-ისადმი მიყენებული მორალური ზიანის გამო თითოეულს გადასახდელად დაეკისრა 100-100 ლარი და სახელმწიფო ბაჟის სახით მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხა 500 ლარი.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა ი. გ.-ის შეგებებული სარჩელი.
2002წ. 12 მარტს შპს გაზეთ “მ.-მ” და ი. გ.-მ სააპელაციო საჩივრით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს. აპელანტებმა მოითხოვეს მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გ. ლ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე, ი. გ.-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება: ი. გ.-ის მიმართ გავრცელებული პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, საჯაროდ ბოდიშის მოხდა და მორალური ზიანის მიყენების გამო 1 ლარის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 14 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. გ. ლ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა ი. გ.-ის შეგებებული სარჩელი. გ. ლ.-ს დაეკისრა ი. გ.-ის მიმართ გავრცელებული პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების საჯაროდ უარყოფა და ამასთან, საჯაროდ ბოდიშის მოხდა, ასევე _ მორალური ზიანის სახით 1 ლარის ანაზღაურება. მასვე დაეკისრა სასამართლო ხარჯების _ 800 ლარის და სახელმწიფო ბაჟის სახით 30 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 28 მაისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული გ. ლ.-ის საჩივარი პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და საქმის განხილვა დაინიშნა 2002წ. 4 სექტემბრისათვის.
2002წ. 4 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე გ. ლ.-ის გამოუცხადებლობის გამო მის წინააღმდეგ გამოტანილ იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გ. ლ.-ს სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შესახებ კანონის დადგენილი წესის დაცვით ჩაბარდა უწყება, მაგრამ იგი სხდომაზე არ გამოცხადდა, რის გამოც სსკ-ს 242-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილი იყო, მიეღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
2002წ. 8 ოქტომბერს გ. ლ.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნება.
კასატორმა მიუთითა, რომ, მართალია, მისთვის ცნობილი იყო, რომ სხდომა გაიმართებოდა 2002წ. 4 სექტემბერს, მაგრამ 31 აგვისტოს იგი შეაწუხა გულის ტკივილმა. მას მკურნალი ექიმის მიერ დაენიშნა წოლითი რეჟიმი. მეორე, მესამე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ვინაიდან 2000წ. 17 მარტს გულის ოპერაცია გაკეთებული აქვს გერმანიის ქ. ...-ის გულის ცენტრის კლინიკაში, გადაწყვიტა მკურნალობის გაგრძელების მიზნით, თვითმფრინავით გამგზავრებულიყო გერმანიაში. აღნიშნული კლინიკა მოვალეა, მდგომარეობის გაუარესებისას თავის პაციენტს გაუწიოს დახმარება.
ოჯახის წევრებმა თვითმფრინავზე ბილეთი აუღეს 4 სექტემბრისათვის. იგი ისე ცუდად გრძნობდა თავს, რომ ვერც სასამართლოს, ვერც მის წარმომადგენლებს ვერ აცნობა გამგზავრების შესახებ. როცა გერმანიიდან დაბრუნდა, გაიგო, რომ მისი გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო სასამართლოს გამოუტანია მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
მას მიაჩნია, რომ მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ჰქონდა საშუალება, ფიზიკურად მონაწილეობა მიეღო სასამართლო პროცესში, ხოლო მის წარმომადგენლებს სასამართლოდან არ ჰქონიათ მიღებული შეტყობინება საქმის განხილვის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე გ. ლ.-ის საჩივრის ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას, ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ამბულატორიული ამონაწერით და თვითმფრინავის ბილეთის ასლით დადგენილია, რომ გ. ლ.-ე 31 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით მკურნალობას გადიოდა ამბულატორიულად, ხოლო 3 სექტემბერს დაენიშნა მკურნალობის გაგრძელება ქ. გერმანიაში, 4 სექტემბერს კი იგი გაემგზავრა ქ. გერმანიაში, ანუ დადგენილია ის გარემოება, რომ სასამართლო პროცესზე გ. ლ.-ის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ავადმყოფობით, რაც საპატიოდ უნდა ჩაითვალოს.
სსკ-ს 241-ე მუხლის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზებით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
პალატას მიაჩნია, რომ იმ გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც კასატორი უთითებს და რომელთა არსებობასაც წარმოდგენილი დოკუმენტები ადასტურებს, მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის მისი გამოუცხადებლობის შესახებ.
რაც შეეხება გ. ლ.-ის წარმომადაგენლების გამოუცხადებლობას სასამართლო პროცესზე, ასეთი სააპელაციო სასამართლოს სადავოდ არ გაუხდია და არც შეიძლება გაეხადა სადავოდ, ვინაიდან ისინი სასამართლო პროცესზე არ ყოფილან მიწვეულნი დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 სექტემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე გ. ლ.-ის საჩივრის ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.