საქმე # 180100120003433581
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №142აპ-24 ქ. თბილისი
პ. თ. 142აპ-24 1 მაისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: თ. პ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2019 წლის 5 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, თ–ს რაიონის სოფელ გ–ში, ნ. პ–ს საცხოვრებელ სახლში მივიდა ალკოჰოლით მთვრალი მისი ყოფილი მეუღლე თ. პ–ი, რომელმაც შერიგება სთხოვა ნ. პ–ს. როდესაც ნ. პ–მა უარით უპასუხა, თ. პ. დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მანქანიდან აიღო დანა და დანის გამოყენებით დაემუქრა რომ მოკლავდა და თვალებს დათხრიდა, ასევე სცადა არყის ბოთლის ჩარტყმა, რაც ნ. პ–სმა აიცდინა. თ. პ–ს ქმედებებით ნ. პ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენით:
3.1. თ. პ. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.2. თ. პ–ს განემარტა, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ და მოითხოვა თ. პ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის შესაბამისი, სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი გოჩა ცინცაძე ითხოვს:
- თ. პ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის სამართლიანი სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დანიშვნას;
- ბრალდების მხარის მტკიცებულების (მ. ბ–ს გამოკითხვის ოქმის (23.10.2023 წ.) და მ. ბ–ს ბრალდების შესახებ დადგენილების (29.12.2023 წ.)) დასაშვებად ცნობას და ამავე მტკიცებულების გამოკვლევის მიზნით მოწმე მ. ბ–ს დაკითხვას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს თ. პ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას. ასევე, ახალი მტკიცებულების დასაშვებად ცნობას და გამოკვლევას.
8.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ. პ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია არ შეესაბამება ინკრიმინირებული ქმედების აღწერას. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად თ. პ–მა მუქარა ჩაიდინა ოჯახის წევრის (ყოფილი მეუღლის) მიმართ, მისი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და არა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გასცდეს ბრალდების ფარგლებს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო პროკურორის მოთხოვნაზე იმსჯელებს ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციის ფარგლებში.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ნ. პ–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის – თ. პ–სის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ თ. პ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
12. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში, დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობის პირობებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება თ. პ–ს ქმედებით დაზარალებულისათვის მუქარის განხორციელების შიშის საფუძვლიანობა.
13. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორს შეტყობინების (შეტყობინების რეგისტრაციის N.....) შინაარსის გაზიარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ როდესაც დაზარალებული არ ადასტურებს შეტყობინებაში მითითებულ ინფორმაციას, შეუძლებელია, მოცემული შეტყობინება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ დაზარალებულის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით.
14. საგამოძიებო ექსპერიმენტის 2019 წლის 6 დეკემბრის ოქმთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება და მოხდა ვითარების აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების - მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის - შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21). შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახული, დაზარალებულ ნ. პ–ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან იგი შინაარსობრივად იმეორებს დაზარალებულის (მოწმის) მიერ გამოკითხვის ოქმში მიწოდებულ ინფორმაციას, რაც დაზარალებულმა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა. ანალოგიური მსჯელობა მიემართება პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარში ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად მითითებულ 2019 წლის 6 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს (იხ.: ტ.1, ს.ფ. 32-39).
15. სასამართლო ითვალისწინებს მოწმე ნ. გ–ს ჩვენებას, რომელმაც მიუთითა, რომ ჩხუბს და შეურაცხყოფის ფაქტს არ შესწრებია; მოწმე მ. ბ–ს ჩვენებას, რომელმაც არ დაადასტურა გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია და მიუთითა, რომ მუქარის ფაქტს არ შესწრებია და მეორე დღეს გაიგო შვილის - ნ. პ–საგან აღნიშნული; მუქარის ფაქტს არ შესწრებია ასევე მოწმე ნ. კ. ამასთან სასამართლო ითვალისწინებს, რომ გამომძიებლებმა – ვ. გ–მა, ლ. მ–მა, დ. ს–მა, გ. გ–მა და ბ. ბ–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
16. სასამართლო ითვალისწინებს №..... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმს, რომელშიც მართალია მითითებულია თ. პ–ს მიერ ნ. პ–ს მიმართ ჩადენილი მუქარის ფაქტზე, თუმცა შემაკავებელი ორდერი ხელმოწერილია მხოლოდ ოქმის შემდგენი პირის მიერ, ოქმზე კი შენიშვნის სახით მითითებულია, რომ მსხვერპლმა ნ. პ–მა უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 77-83). ამასთან, შემაკავებელი ორდერი მხარეების მიერ არ იყო უდავოდ ცნობილი, დაზარალებულმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე სასამართლოში და დაცვის მხარეს არ ჰქონდა ორდერში/ოქმში მითითებული გარემოებების სარწმუნოობის გამოკვლევის შესაძლებლობა. ხოლო, N..... შემაკავებელი ორდერი, რომელიც გამოცემულია 2019 წლის 3 ივნისს, თ. პ–ს მოცემული ბრალდების სამტკიცებლად ირელევანტურია.
17. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს სსსკ-ი არ ადგენს განსხვავებულ (უფრო დაბალ) მტკიცებით სტანდარტს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის, 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
18. ბრალდების მხარის მოთხოვნასთან (დასაშვებად იქნეს ცნობილი მ. ბ–ს გამოკითხვის ოქმი (23.10.2023) და დადგენილება მ. ბ–ს ბრალდების შესახებ (29.12.2023); ამავე მტკიცებულების გამოკვლევის მიზნით დაიკითხოს მოწმე მ. ბ.) დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების დაშვებისა და გამოკვლევის სამართლებრივ საფუძველს; „საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, შეუძლებელია ახალი მტკიცებულების წარდგენა, მისი გამოკვლევა და სასამართლოს მიერ გამოყენება, აგრეთვე – მოწმეთა დაკითხვა“ (მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს: 2021 წლის 18 ნოემბრის №484აპ-21, 2021 წლის 18 ოქტომბრის №326აპ-21, 2015 წლის 7 ივლისის №95აპ-15 განჩინებები). იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია მხოლოდ მ. ბ–სის გამოკითხვის ოქმი და დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, მაგრამ არ არის წარმოდგენილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი; ამასთან, მ. ბ–ს მიერ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტის კანონით დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაშიც კი - აღნიშნული შესაძლოა გახდეს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
19. სასამართლო ითვალისწინებს რომ „ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე: Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, 9/07/2019).
20. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით (მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 581-ე მუხლით) გათვალისწინებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის მნიშვნელობასა და მათ როლზე აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოებაში.
21. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს. მაგალითად, ის არ ახდენს ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასებას, რომლებსაც დაეყრდნენ ქვედა ინსტანციის სასამართლოები და მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/20202).
22. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
23. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
25. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი